თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის კომენტარი განთავსებულია პარტიის ვებ–გვერდზე.
ეს კომენტარი ივანიშვილმა გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გააკეთა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 31 მარტს დაიბადა.
„ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
გამსახურდია პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. ის, სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, 1992 წლის იანვარში, იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა. თითქმის ორი წლის შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში სოფელ ხიბულაში გარდაიცვალა.
ოფიციალური ვერსია, რომ გამსახურდია დაიღუპა, ოჯახმა არ ირწმუნა. 2015 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ განაახლებს გამოძიებას მუხლით „მკვლელობა“.
ივანიშვილის განცხადებით, პასუხი ყველა კითხვას უნდა გაეცეს. „როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს“.
ივანიშვილმა თავის წერილში გამსახურდიას ტრაგიკული ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას მხარს უჭერს>>
მან აღნიშნა, რომ სერიოზულად უნდა გაანალიზდეს უახლესი წარსული, რომელიც პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება.
„როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი პარასკევს სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. იქ ყოფილი პრემიერი შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და პირობა მისცა, რომ დააფინანსებს სოფლის ინფრასტრუქტურის რემონტს და მათ გაზითა და წყალსადენებით უზრუნველყოფს.
„ჩათვალეთ, რომ ამას თქვენთვის აკეთებს ის ადამიანი, რომელმაც აქ თავისი ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა“, – განუცხადა ივანიშვილმა სოფლის მცხოვრებლებს.
საქართველოს პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.