ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე – რა მოითხოვა პროკურატურამ ადვოკატისგან

© Photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია ვაჟთან ერთად
ზვიად გამსახურდია ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი პრეზიდენტის მკვლელობის საქმისგან პროკურორების ჩამოშორებას მოითხოვს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა გენერალური პროკურატურა დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, თითქოს მას პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების გეგმა უნდა წარედგინა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს >>

გიგუაშვილმა გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორებთან ორშაბათს სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ადვოკატს არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა საქმესთან დაკავშირებულ დამატებით საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რის შესახებ შეთანხმება მანამდე შედგა.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს ექს-პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ადვოკატთან ერთად შეხვდნენ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელიც მათ საქმის გამოძიების კურირებას დაპირდა.

„პროკურატურა ავრცელებს ასეთ სამარცხვინო განცხადებას. ელემენტარულად ცრუობს, ვინაიდან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა სამოქმედო გეგმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრისას. პირიქით, ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა გენერალურმა პროკურორმა აიღო და სრულიად გაუგებარია, თითქოს გენერალური პროკურორი ჩემგან ელოდება რაიმე გეგმის წარდგენას, რომ იმის მიხედვით იმოქმედოს“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას მან „საქმის გამომძიებლების და პროკურორების თვითშემოქმედება“ უწოდა.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის მოთხოვნას მხარს უჭერს

„ჩვენ ვენდეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ერთადერთი კომპრომისი, რაც იმ მოცემულობაში ჩვენთვის მისაღები იყო, ეს იყო გენერალური პროკურორის პერსონალური განცხადება შეხვედრისას, რომ ის თვითონ უხელმძღვანელებდა გამოძიებას“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შედეგად ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების თითქმის ორკვირიანი შიმშილობა შეწყდა. ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა დანაშაულის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე ისევ გაუხსნელია.

საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები და დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 25-დან 30 წლამდე გაზარდა.

„ჩვენთვის მთავარია რეალური შედეგები. რეალური შედეგები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, პირველ რიგში, საქმეს ჩამოშორდებიან ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გამო საქართველოში კანონი შეიცვლება >>

მისი თქმით, გამსახურდიას მკვლელები დღემდე თავისუფლები არიან და, შესაძლოა, ხელისუფლებაშიც იყვნენ.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმეში არსებობს ყველა წინაპირობა, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს მნიშვნელოვანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები და პირველი პრეზიდენტის მკვლელები, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ჯერ კიდევ აქტიურად არიან ინტეგრირებული სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნენ უმკაცრესად დასჯილები“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, უახლოეს დროს ის კიდევ ერთხელ შეხვდება გენერალურ პროკურორს.

გამსახურდიას გარდაცვალების საქმე

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა. იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0