საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს

თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილებმა – კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა შიმშილობა შეწყვიტეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ცოტნე გამსახურდიას განცხადებაზე დაყრდნობით.

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში 14 დეკემბრიდან შიმშილობდნენ. ისინი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის ხელმეორედ გამოძიების დროულად დასრულებასა და გამოძიების შედეგად გამოვლენილი მკვლელის დასჯას ითხოვდნენ. საქმე ისაა, რომ 31 დეკემბერს გამოძიების 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება, ხოლო გამსახურდიას მკვლელობაში დამნაშავე პირი დადგენილი ჯერ კიდევ არ არის.

კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია საავადმყოფოში რჩება

21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მიმართა, გაეთვალისწინებინა თხოვნა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აპირებს 5 წლით გაახანგრძლივოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, გამსახურდიები აცხადებდნენ, რომ ამით რეალურად  არაფერი შეიცვლება და მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვდნენ.

ძმებმა შიმშილობა  მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გენერალური  პროკურორის შალვა თადუმაძისგან  გარანტია მიიღეს. ცოტნე გამსახურდიას განმარტებით, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც პირადად შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

„გვქონდა საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე – შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს მას“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ზვიად გამსახურდიას ოჯახი უნდობლობას უცხადებს საგამოძიებო უწყებას

პირველი პრეზიდენტის შვილის თქმით, მან მთავარი პროკურორისგან საკმარისი გარანტიები მიიღო და 12 დღის წინ დაწყებულ შიმშილობას წყვეტს.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

ყველა ახალი ამბავი
0