თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებისთვის ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გამსახურდიას შვილები, კონსტანტინე და ცოტნე პროკურატურის შენობაში გამოძიების ბოლომდე მიყვანის მოთხოვნით უკვე ერთი კვირა შიმშილობენ. საქმე ისაა, რომ 31 დეკემბერს დანაშაულის 25-წლიანი ვადა იწურება, ხოლო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობაში დამნაშავე პირი დადგენილი ჯერ კიდევ არ არის. საქმის გამოძიების ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივების თხოვნით პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადდა. აღნიშნული ცვლილებების ავტორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გახლავთ.
ბესელიას განცხადებით, ცვლილებების ინიცირებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რომლითაც ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდება.
„ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით დავიწყებთ, რომლითაც გამოძიებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის ვალდებულება არ ექნება. ეს ინიციატივა ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება, როგორიცაა – მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება, პირველ რიგში, განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით, რათა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება იყოს განხორციელებული და დრო მაქსიმალურად იყოს გამოყენებული”, - განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კანონპროექტი მომდევნო კვირაში სამი მოსმენით დაჩქარებული წესით იქნება მიღებული.
ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.
1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.
2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.