საპროტესტო აქცია პროკურატურასთან – ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობას აგრძელებენ

© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOVკოკა გამსახურდია
კოკა გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილების – კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ორგანიზებით საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ხელმეორედ გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგად გამოვლენილი მკვლელის დასჯას მოითხოვენ.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ცოტნე და კოკა გამსახურდია შიმშილობენ: პრეზიდენტის მკვლელობის საქმე შესაძლოა დაიხუროს

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ძველ ხიბულაში. მაშინდელი გამოძიების მონაცემებით, ექს-პრეზიდენტმა თავი მოიკლა. მაგრამ გამსახურდიას ოჯახი თვლის, რომ ის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

2015 წელს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით მიმდინარეობს.

ხუთი დღეა კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით პროკურატურის საზოგადოებრივი მისაღების შენობაში შიმშილობენ.

ცოტნე გამსახურდიას თქმით, გამოძიების დროულად დასრულებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე დაიხურება ხანდაზმულობიდან გამომდინარე.

„ამ დრომდე პროკურატურიდან არანაირი სერიოზული გამოხმაურება არ ყოფილა. არანაირი მოლოდინიც არ მაქვს. მყისიერად აღსრულება რომ სურდეთ, ამ საქმეს გამოიძიებდნენ“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.

სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრიორიტეტები დაასახელა

„მე ვეჭვობ, რომ ამ უნიათობის და ამ ნაცარქექიობის მიღმა დგას პოლიტიკური ნების არარსებობა“, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

აქციას „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, სირცხვილია, რომ ქვეყანამ თავისი პირველი პრეზიდენტის საქმე არ გამოიძიოს.

„სირცხვილია, რომ ქვეყანამ არ გამოიძიოს თავისი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე და ის ასე უბრალოდ დახუროს. ეს ერთი, და მეორე – უბედურება, რის გასაპროტესტებლადაც აქ მოვედით. რატომ უნდა გვჭირდებოდეს მოქალაქეებს პროტესტი, შიმშილობა და დავიდარაბა იმისთვის, რომ პროკურატურამ, ამ მრავალმილიონიანმა სახელმწიფო სტრუქტურამ ელემენტარულად გააკეთოს ის, რასაც ისედაც უნდა აკეთებდეს?!“ – განაცხადა ელისაშვილმა.

გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

გიორგი გამსახურდია - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს ეჭვქვეშ აყენებდა სააკაშვილის ხელისუფლებაც. 2010 წელს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც პირველი პრეზიდენტის სიკვდილთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეესწავლა და რომლის თავმჯდომარეც კონსტანტინე გამსახურდია იყო.

2011 წლის 22 თებერვლის დასკვნის თანახმად, გამსახურდიას სიკვდილის საქმეში არის ბევრი კითხვა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას - თვითმკვლელობას. კერძოდ, იარაღი, რომლითაც თითქოს გამსახურდიამ თავი მოიკლა, ჯერაც არ არის ნაპოვნი. ასევე არ არის ნაპოვნი არც ტყვია და არც ვაზნა. გარდა ამისა, ოთახში, სადაც ის გარდაიცვალა, არ იყო სისხლის კვალი.

სწორედ დროებითი კომისიის დასკვნა და ასევე პირველი პრეზიდენტის ოჯახის მიმართვა დაედო საფუძვლად 2015 წელს სისხლის სამართლის საქმის „განზრახ მკვლელობის“ მუხლით აღძვრას.

ყველა ახალი ამბავი
0