23:27 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
62120

დღეს გარშემო ბევრს საუბრობენ, უფრო სწორედ, დაუსრულებლად წუწუნებენ იმაზე, რომ ეკონომიკურად რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება და გამოსავალი არ არსებობს.

აზა ბეჭვაიას ამაზე საკუთარი, განსხვავებული პოზიცია გააჩნია. მისთვის ყველა სიტუაციიდან გამოსავალი შრომაა და ეს თავისი ცხოვრების მაგალითზეც დაამტკიცა.       

ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა თავისი თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენა. ერთ დღესაც მიატოვა ქალაქი, მამაპაპისეული მიწა დაიბრუნა, დაამუშავა და 3 ჰექტარზე გააშენა თხილის პლანტაცია, რომელიც მთელ რაიონში საჩვენებელია. ამის შემდეგ მეურნეობა გააფართოვა და, შეიძლება ითქვას, რომ ზუგდიდში „ბეჭვაიას თხილი და გოჭი“ თავისებური „ბრენდი“ და ხარისხის მაჩვენებელი პროდუქციაა.

ქეთი ბეჭვაია
ქეთი ბეჭვაია

თქვენ წარმოიდგინეთ, მან ქართველი გლეხის N2 მტერი – ფაროსანაც კი დაამარცხა! შეგახსენებთ, პირველი ნომრით ჩვენში ისევ სიზარმაცე ლიდერობს. თუმცა ამ ქალბატონის მაგალითი ამ მხრივაც გამონაკლისია...

- ქალბატონო აზა, სანამ ფერმერობას დაიწყებდით, რა პროფესიას და სად დაეუფლეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად სოხუმში წავედი და ჩავაბარე სუბრტოპიკულ ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. შემდეგ მუშაობაც იქვე, ინსტიტუტში დავიწყე. პარალელურად ასპირანტურაში დაუსწრებელზე ჩავაბარე და სელექცია-გენეტიკის ფაკულტეტის ასპირანტი გავხდი. დისერატაცია მარცვლოვან კულტურებზე დავიცავი. პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვმუშაობდი.

ქეთი ბეჭვაია მეგობართან ერთად
ქეთი ბეჭვაია მეგობართან ერთად

- რა ერქვა თქვენ მიერ გამოყვანილ ლობიოს სახეობებს და რა უპირატესობა ჰქონდა მათ?

- ჩემ მიერ გამოყვანილ ლობიოს სახეობებს ერქვა „კოდორი“ და „ცხუმი“. მას მერე 30 წელი გავიდა, მაგრამ ეს სახეობები აფხაზეთში ახლაც იქნება. ჩვენთან კი ხვიარა ლობიოს თესლები მე მაქვს შენახული. ისინი ტენიან რაიონში არ ხარობდა და როცა მე გამოვიყვანე, დათესვის ხელსაყრელი ვადები შევურჩიე. ეს რას ნიშნავს, იცით? როცა ჩვეულებრივ პირობებში თესავდნენ ლობიოს, მისი ყვავილობა ემთხვეოდა მავნე მწერების კვერცხის დადების დროს და ისინი ლობიოს მოსავალს ანადგურებდნენ. მე რეკომენდაციები მაქვს გაწეული იმის თაობაზე, რომ ლობიოს დათესვა იმ მავნებლის დროს არ დამთხვეოდა. ორმოსავლიანი მარცვლოვანი კულტურა გამოვიყვანე, დისერტაცია დავიცავი და... მერე ყველაფერი აირია...

- პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდით...

- აფხაზეთის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში 97-ში დავიწყე მუშაობა და სასწავლო ნაწილის გამგე ვიყავი, 700 სტუდენდი მყავდა. იქ ნორმალური მუშაობის არანაირი პირობები არ იყო, თანაც მერე სოფლის მეურნეობა უკვე აღარავის აინტერესებდა. ამიტომ მე სამედიცინო ბიოლოგიაზე გადავერთე და ლექციებს ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ვკითხულობდი. იმ დროს ძალიან მძიმე ოჯახური მდგომარეობა მქონდა: ჯერ პატარა ძმიშვილი დამეღუპა, შემდეგ ძმა და მამა. ბავშვები ობლად რომ დარჩნენ, თბილისიდან ისევ ზუგდიდში ჩამოვედი.

მეზობლებთან ერთად
მეზობლებთან ერთად

- ამის მერე წინაპრების მიწა, დიდი ტერიტორია დაამუშავეთ, როგორ მოახერხეთ რთული სამუშაოების ჩატარება? 

- დიახ, როცა აუციონზე ჩემი წინაპრების მიწა გაიტანეს, მაშინ ჩემი პროექტით მივიღე მასში მონაწილეობა. ეს ამბავი ათი წლის წინ იყო. 3 ჰა მიწის ნაკვეთზე ადრე ჩაის პლანტაცია იყო. მერე ის მთლიანად განადგურდა და ტურები და მგლები დარბოდნენ. ჩაი უკვე გაველურებული და ობით დასერილი იყო. როცა მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით მომაკუთვნეს, დიდი სამუშაოები ჩავატარე. მეზობლებიც დავასაქმე და ამის გამო სულ მლოცავდნენ. იმხელა ტერიტორია მთლიანად გავწმინდე და იმ პერიოდში რომელი კულტურაც უფრო პერსპექტიული იყო, არჩევანიც მასზე შევაჩერე – მოკლედ, სიმინდი დავთესე. მოსავლის აღების დროს 25 ტონა სიმინდი მივიღე.

- თხილის კულტურაზე როდის გადახვედით და თქვენი საქმიანობა როდის გააფართოვეთ?

- მოგვიანებით 1200 ძირი თხილი დავრგე. სიმინდი აღარ დავთესე, რადგან ის ჩრდილავდა თხილს და ამის გამო ვერ ხარობდა. ასეთი დიდი ფართობიც რომ გამიჩდა, ვიფიქრე, აქ შეიძლება ღორებიც მოვაშენო-მეთქი და შევიძინე ღორები, რომლებმაც გოჭები დაყარა. იქიდან დავიტოვე ორი გოჭი, რომ მათგან ღორები გამეზარდა. არანარი ხელოვნური საკვები არ გამომიყენებია. დღემდე ბუნებრივის გარდა სხვას არაფერს ვაძლევ, მარტო კარგი ხარისხის ქატოს. როცა გაიზარდნენ 13 გოჭი დამიყარეს. ჰოდა, მეც მეცხოველეობის განვითარებაზე და იქ ხალხის დასაქმებაზე ფიქრი დავიწყე. ასეთია ჩემი ბუნება, ვერ ვისვენებ ხოლმე და ყოველთვის რაღაც ახალ საქმეს ვეძებ.

- დარწმუნებული ვარ, ვერც კორონა შეგიკრავდათ ხელ-ფეხს, პანდემიის დროსაც არ გაჩერებულხართ?

- რა გამაჩერებს?! მე რომ გავჩერდე, ვიცი, რომ ეს კორონა პირველ რიგში მე მეცემა. როცა შრომობ, არაფრის შიში არ გაქვს, არც შენ იქნები მშიერი და სხვებსაც დაეხმარები. დღეს ისეთი დროა, რომ ყველას უჭირს, თუ პატიოსანი შრომით ხელს მოითბობ, სხვებსაც უნდა დაეხმარო. უკვე 64 წლის ვარ და ასაკსაც აქვს მნიშვნელობა, ის ენერგია აღარ მაქვს, მაგრამ გაჩერებით მაინც არ გავჩერდები.

- თქვენი თხილის პლანტაცია დღეს, თურმე, საუკეთესოა ამ კუთხეში და გამოდის, რომ ფაროსანამაც ვერაფერი დაგაკლოთ?

- რა ვიცი, ვცდილობ, და ჩემი თხილი მართლა საუკეთესოა. როცა სოფელში გამოჩნდა ფაროსანა, რომელიც ყველა კულტურით იკვებება, და ირგვლივ მოსპო ყველაფერი, დავჯექი და ვიფიქრე როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვიყიდე შესასხურებელი ძლიერი სითხეები და მათგან კომბინირებული წამალი გავაკეთე. თანაც ეს ხომ ჩემი პროფესიაა... მეზობლებმა როცა დაინახეს, როგორ ვწამლავდი ხეებს, არ დაიჯერეს, რომ ამას კარგი შედეგი მოჰყვებოდა. მოსავალი რომ მივიღე, მერე დამიჯერეს. ფაროსანასგან ნახევრად განადგურებული მათი თხილი ორ ლარად ძლივს გაიყიდა, ჩემი თხილი კი 5-6 ლარად გავყიდე! იცოცხლე, მერე მომადგნენ და თვითონაც დაიწყეს ამ წამლის შესხურება. 90% ჩემი თხილისა კარგია, თან მცენარის განვითარების პერიოდს მიკროსკოპში ვაკვირდები ხოლმე და ისე განვსაზღვრავ წამლობის ვადებს. მოკლედ, დღეს ჩემ საქმეს ვაკეთებ და, მგონი, კარგადაც...

- რას ეტყოდით იმ ხალხს, სოფელი რომ მიატოვეს და ქალაქში, პრინციპში, უსაქმოდ არიან?

- რა უნდა ვუთხრა? ქალაქში ქირით ცხოვრებას არ ჯობია თავის მიწა-წყალს დაუბრუნდნენ?! ხელი გაანძრიონ, მიწა დაამუშაონ, საქონელი მოიშინაურონ და მაშინ ოჯახსაც გამოკვებავენ და სხვებსაც დაეხმარებიან. სხვანაირად რა აზრი აქვს ცხოვრებას?..

 

მთავარი თემები