ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილი
ვაჟა ბიბილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ საბერძნეთში მცხოვრები მხატვრის, ვაჟა ბიბილაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას გაგაცნობთ.

საქართველოში წარმატებით დაამთავრა მხატვარ-მულტიპლიკატორის კურსები, რის შემდეგაც შესთავაზეს კინოსტუდიაში დაეწყო მუშაობა, მაგრამ ცხოვრებას თავისი გეგმა ჰქონდა და ერთ მშვენიერ დღეს, მხატვარი დედის ისტორიულ სამშობლოში აღმოჩნდა...

უკვე ოცი წელია, რაც თესალონიკში ცხოვრობს და საქართველოს ხატავს. მას კარგად იცნობენ ქართველი ემიგრანტი მხატვრები, ბერძნულ ქალაქ ნეა პერამოში მისი ნახატების გამოფენა მოეწყო. ოცნებობს სამშობლოში დაბრუნდეს და საკუთარი სტუდია გახსნას. მანამდე კი ხატავს იმას, რაც ახსოვს და რაც უცხოეთშიც ყოფნას უადვილებს...

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილი
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილი

- ბატონო ვაჟა, თქვენი ბავშვობა დაკავშირებულია ულამაზეს სოფელ სიონთან, რა გახსენდებათ ბავშვობიდან?

- სოფელი, სადაც დავიბადე ძალიან ლამაზია თავისი მდებარეობით და ბუნებით. აქ პატარა მდინარეა, რომელიც ლელვარის მთიდან იღებს სათავეს. სოფელი დაარსდა 1881 წელს და მის დაარსებაში მონაწილეობდნენ დიდი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის მამა - საბა ჯავახიშვილი (ადამაშვილი) და ასევე ქართული გვარების: კუპატაძის, ბიბილაშვილის, ტალიაშვილის, ზაკალაშვილის, ნასყიდაშვილისა და ბორჯოდაშვილის წარმომადგენლები.

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliმიხეილ ჯავახიშვილის კაბინეტში
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
მიხეილ ჯავახიშვილის კაბინეტში

- რაიმე საინტერესო ამბავი ხომ არ გსმენიათ მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით?

- პატარაობისას ასეთი ამბავი მსმენია: როცა მიხეილი სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, ზაფხულობით არდადეგებზე სოფელში ჩამოდიოდა. ეროვნებით სომეხი პეტო პაპას თქმით, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის თანატოლი გახლდათ, მიხეილი პატარაობისას  გულჩათხრობილი იყო და იშვიათად გვეკონტაქტებოდაო. ძალიან წყნარი და კეთილი ბავშვი ყოფილა და თავისუფალ დროს თურმე წიგნების კითხვაში ატარებდა. მას თავისი ტანისამოსი ჩემთვის ბევრჯერ მოუციაო - ასე ახასიათებდა პეტო პაპა მიხეილ ჯავახიშვილს.

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი თურმე ბავშვობიდანვე გამოამჟღავნეთ, რაიმე შემთხვევამ ხომ არ ითამაშა გადამწყვეტი როლი?

- დიახ, ხატვის ნიჭი უფლისგან მერგო. ძალიან მოწადინებული ბავშვი ვიყავი და რასაც ჩავიფიქრებდი ვცდილობდი ყველაფერი ლამაზად გამომსვლოდა. მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა და ხატვა უფრო შემაყვარა. ერთ დღეს მეზობელი სოფლიდან გვესტუმრა სომეხი მწყემსი მუშეღა პაპა, რომელიც ჩემმა სტუმართმოყვარე მამამ სუფრასთან მიიპატიჟა. შუა პურის ჭამის დროს მამაჩემმა სტუმარს შესთავაზა, რომ ჩემი შვილი ხატავს და თუ გინდა დაგხატოსო. სტუმარმა თურმე ეს ამბავი არ დაიჯერა და უთქვამს: თუ დამხატა ხვალ ბატკანს მოვუყვან საჩუქრადო. მამამ დამიძახა და მეც დავხატე მწყემსი ნაბდით, თან ხელში კომბალი დავაჭერინე, წინ რამდენიმე ცხვარი და მწყემსთან ახლოს ქოფაკი ძაღლიც მივუხატე. როცა მწყემსს ნახატი უნახავს, აღტაცებულს წამოუძახია: ეს ხომ მე ვარო! მეორე დღეს მუშეღა პაპა მხრებზე აკიდული ბატკნით გვესტუმრა - ჩემი სიტყვა შევასრულეო. ალბათ ეს იყო ჩემი პირველი ჰონორარი ცხოვრებაში... მერე დავამთავრე სოფელ სიონის რვაწლიანი სკოლა და 1972 წელს მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავირიცხე. 1982 წელს გამოცდები ჩავაბარე „საქკინოსტუდიაში“ და მხატვარ-მულტიპლიკატორის კურსები წარჩინებით დავამთავრე.

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება

 - მაინცდამაინც საბერძნეთში რატომ გადაწყვიტეთ ჩასვლა?

- საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცხოვრება გაჭირდა. 1993 წელს გადავწყვიტე, რომ საბერძნეთში წავსულიყავი სამუშაოდ, მაგრამ  რამდენიმე ხანში ისევ უკან დაბრუნება მომიწია. მეორედ 2001 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ უკვე მეოცე წელია აქ ვარ. საბერძნეთში ყველაზე დიდი სირთულე ემიგრანტისთვის ლეგალურად ყოფნისა და მუშაობის საბუთების აღებაა. მე როგორც დედით ბერძენს, ამ მხრივ არ გამჭირვებია. მას შემდეგ არც ერთ წელი ყოფილა, რომ საქართველოში არ ჩავსულიყავი. ხატვა მეხმარება სირთულეების გადალახვაში. არ არსებობს მხატვარი, რომელსაც თავის ოთახში საკუთარი ნახატები არ ჰქონდეს გამოფენილი. ისინი მხატვარს ამხნევებენ და სტიმულს აძლევენ საიმისოდ, რომ უკეთესი ნახატები შექმნას. ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. ოთახში გამოფენილი ნახატები სიცოცხლეს მიხალისებს.

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის ნახატი „ჩვენი პატარა სამყარო“
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის ნახატი „ჩვენი პატარა სამყარო“

- თქვენს ერთ უცნაურ ნახატზე გალაქტიკაა გამოსახული, რის გავლენით დახატეთ ის? 

- სკოლაში ასტრონომიით დიდად არ ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ გალაქტიკის მიმართ ინტერესი ერთი სიზმრის შემდეგ გამიჩნდა. თითქოს ვიღაცამ შთამაგონა, რომ კოსმოსით დავინტერესებულიყავი და ამ თემაზე დამეხტა. ჩემს ნახატზე „სამყაროს შემქმნელი" გამოვსახე  - უფალი, რომელმაც სამყარო ოთხი კომპონენტისაგან შექმნა. ვფიქრობ, დედამიწა ერთი ცოცხალი სხეულია, რომელიც ამ ოთხი კომპონენტით არსებობს...

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის ნახატი „გზა უსასრულობისა“
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის ნახატი „გზა უსასრულობისა“

- მისტიკა ხშირად ჩნდება თქვენს ნახატებში?

- მინდა გავიხსენო ამბავი, თუ როგორ შევქმენი ნახატი „ჩემი სიზმარი". 1999 წელს, სოფელ სიონში, მამისეულ სახლში, სადაც გარკვეული დროით ვცხოვრობდი, ერთ ღამეს მესიზმრა, რომ მატარებელის ბაქანზე ვარ. ადამიანები მატარებელში სხდებიან და მათთან ერთად ვაგონში მეც ავედი. მერე თვალის დახამხამებაში აღმოვჩნდი უცნაურ გარემოში, სადაც მარტო უდაბნო იყო. იქ კი თეთრი სამოსში გამოწყობილმა ადამიანმა მითხრა, რომ პლანეტა, სადაც ცხოვრობთ ედემია და მოუარეთ, რათა აქაურობას არ დაემსგავსოსო. იმ სიზმრიდან ქიმიური ფორმულა H3 დამამახსოვრდა და ნანახი გაფრთხილებასავით მივიჩნიე.

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება

- როდის დახატეთ ეს სიზმარი?

- კარგა ხანი თითქოს რაღაც ძალა მაჩერებდა და ამ სიუჟეტს ვერ ვხატავდი. საბერძნეთში კი გადავწყვიტე დამეხატა. საერთოდ მორწმუნე ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ეკლესია უფლის სამყოფელი და ქრისტიანული სარწმუნოების ტაძარია. იმ ნახატს ვუწოდე ,,ჩემი სიზმარი". მასში უფალი ჩვენი პლანეტის მფარველია. ნახატზე გამოსახულია ეკლესია და ორი ფერის მატარებელი, ლურჯი, რომელიც წარმავალ ყოფას ნიშნავს, წითელი-მომავალს ... სხვათა შორის, საბერძნეთში, საგანგებო მდგომარეობის დროს დავხატე ,,ჩვენი პატარა სამყარო", რომელშიც იგივე აზრია ჩაქსოვილი...

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის ნახატი „სამყაროს შემქმნელი“
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის ნახატი „სამყაროს შემქმნელი“

- ძალიან ხშირად ხატავთ მინდვრის ყაყაჩოებს...

- ალბათ ამ გზით სამშობლოს მონატრებას გამოვხატავ. არ მეგულება უცხოეთში მყოფი ქართველი, რომელსაც ნოსტალგია არ ექნება... ვცდილობ სამშობლოს სიყვარული ნახატებში ჩავაქსოვო. ოცნებად მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაში სამხატვრო სტუდია ჩამოვაყალიბო. ხშირად ვხატავ საქართველოს სხვადასხვა ადგილებს. ბოლოს დავხატე სოფელ წერაქვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, სადაც ბერები მოღვაწეობენ. ძალიან მინდა ეს ნახატი საბერძნეთიდან ჩამოვიტანო და ამ ეკლესიას შევწირო.

© photo: courtesy of Vaja Bibilashviliვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება
ბატკნის სახით აღებული პირველი ჰონორარი, სიზმარი-გაფრთხილება და „იმედის სხივი სადღაც შორს“ - Sputnik საქართველო
ვაჟა ბიბილაშვილის შემოქმედება

ადრე დავხატე ნახატი, რომელსაც ვუწოდე „გზა უსასრულობისა" და ჩემს ძვირფას ემიგრანტებს მივუძღვენი. იმ ნახატზე, სადღაც შორს იმედის სხივი მოჩანს...

 

ყველა ახალი ამბავი
0