ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა

© photo: courtesy of Nino Burduliნიკოლოზ ხომიზურაშვილი
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა დროს საქართველოში ბევრი იყო ღირსეული პროფესიონალი, რომელთა დამსახურება აშკარად სცილდება კონკრეტულად ერთ რომელიმე დარგს და ქვეყნისთვის საჭირო ისტორიულ მნიშვნელობას იძენს.

თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ მათ შესახებ ბევრმა არ იცის ხოლმე. ნიკოლოზ ხომიზურაშვილი მათ რიცხვშია...

© photo: courtesy of Nino Burduliნიკოლოზ ხომიზურაშვილი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი

ამ ადამიანმა ჯერ კიდევ საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში შეძლო და საუკეთესო განათლება მიიღო ევროპაში, სადაც 1926 წელს მიავლინეს, როგორც პერსპექტიული სპეციალისტი. გერმანიაში უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სამი წელი საკუთარი ხარჯებით საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ჰოლანდიისა და დანიის გენეტიკისა და სელექციის სადგურებში იმუშავა. 1927 წელს მან გერმანულ ენაზე თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი, მნიშვნელოვანი ციტოლოგიური კვლევა გამოაქვეყნა.

თავისუფლად ფლობდა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. როდესაც საქმე მისი ქვეყნის მომავალს ეხებოდა, პრინციპული და უკომპრომისო იყო. ამიტომ, შესაძლოა, მათთვის, ვინც მას პირადად იცნობდა, სულაც არ იყო გასაკვირი ის ფაქტი, რომ სამთავრობო სხდომაზე გაბედა და ქვეყნის პირველ პირს არგუმენტირებულად დაუსაბუთა საქართველოში ჩამოტანილი პროექტის აბსურდულობა.

© photo: courtesy of Nino Burduliნიკოლოზ ხომიზურაშვილი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. წელს ცნობილი მეცნიერის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა. სულ ახლახან დაიბეჭდა ქართველი მეცნიერის 90 წლის ქალიშვილის ეთერ ხომიზურაშვილის წიგნი „წინაპარნი“, რომლის გარეკანზე ვკითხულობთ: „ახალ თაობას თუ არ მოუყევი თავისი წინაპრების შესახებ, არ ეცოდინება წარსულის არაფერი. საკუთარ ფესვებს მოწყდება და უთვისტომოდ დარჩენილი რაღა იქნება?“

გადავწყვიტეთ გავესაუბროთ ქალბატონ ეთერს, რომელიც პროფესიით გერმანისტია, და გავახსენოთ მამის შესახებ ამბები, მათ შორის ისიც, რაზეც საუბარს მაშინ კულუარებშიც კი ვერ ბედავდნენ...

© photo: courtesy of Nino Burduliეთერ ხომიზურაშვილი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ეთერ ხომიზურაშვილი

- ქალბატონო ეთერ, რა მოხდა მაშინ ისეთი, რამაც, შეიძლება ითქვას, საქართველოს დიდი ტრაგედია აარიდა და მისი განვითარების მთავარი გზა შეუნარჩუნა?

- სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ მამამ თავისი ვალი ქვეყნის წინაშე შეასრულა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რასაც თქვენ გულისხმობთ, ახლავე მოგახსენებთ. საქმე ისაა, რომ 1961 წელს საბჭოთა კავშირის ცკ-ის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში კონკრეტული გეგმით ჩამოვიდა. ეს იყო პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვენახების აჩეხვას და მათ ნაცვლად სიმინდის დათესვას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით ჩატარდა აქტივის კრება, სადაც ეს საკითხი ოფიციალურად დაისვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მაშინ ხრუშჩოვს წინააღმდეგობა გაუწია, ნიკოლოზ ხომიზურაშვილი იყო.

© photo: courtesy of Nino Burduliნიკოლოზ ხომიზურაშვილი კოლეგებთან ერთად
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი კოლეგებთან ერთად

- რა რეაქცია მოჰყვა მის დაპირისპირებას?

- მან ხრუშჩოვს ხავერდიან ყუთში ლამაზად ჩალაგებული ყურძნის ნიმუშები მაგიდაზე დაულაგა და დაასაბუთა, რომ მისი აზრი მცდარია. მამის გამოსვლა იმდენად დამაჯერებელი ყოფილა, რომ საბოლოო სიტყვაში ხრუშჩოვს უთქვამს – შეიძლება პროფესორი მართალიც არისო. არადა, სხვები თანახმა იყვნენ და პროექტზე ხელს უსიტყვოდ აწერდნენ. სანამ მამა დაუსაბუთებდა თავის სიმართლეს, მანამდე სხდომაზე შეკამათებას ჰქონია ადგილი. მამას კოლეგებს აღშფოთება გამოუხატავთ იმ ფაქტის გამო, თუ როგორ გაბედა მეცნიერმა სახელმწიფოს პირველი პირისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

© photo: courtesy of Nino Burduliნიკოლოზ ხომიზურაშვილი კოლეგასთან ერთად
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი კოლეგასთან ერთად

- როგორც ჩანს, ბატონი ნიკოლოზი არ იყო მხდალი პიროვნება...

- დიახ, მამა უშიშარი, პირდაპირი და პრინციპული იყო. ამასთან თავის საქმეში პროფესიონალი გახლდათ, ამიტომ ტყუილს არავის პატიობდა. თუ იცოდა, რომ მართალი იყო, ვერავინ ვერაფერს გადაათქმევინებდა.

- ბოლო წლებში სად მუშაობდა?

- მამა 1971 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მანამდე საქართველოს მებაღე-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.

© photo: courtesy of Nino Burduliნიკოლოზ ხომიზურაშვილი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი

- რამდენიმე უცხო ენას ფლობდა და იმ დროს ეს ფაქტი იშვიათობას წარმოადგენდა...

- დიახ, მამამ კარგად იცოდა ფრანგული და ინგლისური ენები, წყალივით საუბრობდა გერმანულად. 1962 წელს ჩვენთან საერთაშორისო კონგრესი ტარდებოდა და მასში ევროპიდან ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტი ბარონ დელუაც იყო მოწვეული. როდესაც მამას მასთან საუბარი დაუწყია, საბჭოთა თარჯიმანი იმდენად ცუდად თარგმნიდა თურმე საუბარს, რომ მამას უთხოვია, თუ შეიძლება, გვერდზე გადადით და მე დაველაპარაკებიო. უცხოელი აღფრთოვანებულა მამას ფრანგულით.

© photo: courtesy of Nino Burduliეთერ ხომიზურაშვილის წიგნი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ეთერ ხომიზურაშვილის წიგნი
 

- რამდენადაც ვიცი, მას შეეძლო უცხოეთში უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ ყველა შემოთავაზებაზე უარი განუცხადებია, ამასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?

- ადრე გერმანიაში იყო შუშის ქარხნის მეპატრონე, რომელიც მამას პატივს სცემდა და ამბობდა, უნდა ვნახო ის ოჯახი, სადაც ასეთი კაცი დაიბადა და გაიზარდაო. მისი უცხოელი კოლეგები იყვნენ კიდეც ჩვენთან და აქედან აღფრთოვანებული წავიდნენ. იმ კაცს შეუთავაზებია მამისთვის, მის ქალიშვილზე ექორწინა. ასე უთქვამს, ერთ თვეში ამერიკაში გაგიშვებ და მილიონერს გაგხდიო. თუმცა მამას გადაწყვეტილება არ შეუცვლია და უთქვამს, სამშობლოში უნდა დავბრუნდეო. როცა სახლში დაბრუნებულა, იქ ქართველი ემიგრანტები დახვედრიან, რომელთა შორის თამარ ამირეჯიბი იყო. ემიგრანტებს მამა გაუფრთხილებიათ, აქ დატოვებას გიპირებენო. ამის მერე მამა ფაქტობრივად გამოპარულა უცხოეთიდან და რთული გზა გაუვლია ისე, რომ ჯიბეში მხოლოდ პურის ფული ჰქონდა...

© photo: courtesy of Nino Burduliეთერ ხომიზურაშვილის წიგნი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ეთერ ხომიზურაშვილის წიგნი

- როგორ მოახერხა სამშობლოში დაბრუნება?

- როცა მამა მიხვდა, რომ დრო აღარ ჰქონდა, ტანსაცმელი აუღია, ბანკიდან ფულს ვერ აიღებდა, ამიტომ იმ გროშებით წამოსულა, რაც ჯიბეში ედო. თვითმფრინავით ვერ შეძლებდა გადმოფრენას, ერთადერთი გზა ჰქონდა, რომ გემით ჩამოსულიყო. მისულა ნავსადგურში და ფოთამდე გემის ბილეთი აუღია. ფოთის პორტში გემიდან გადმოსულმა თურმე მიწას დაუწყო კოცნა. თბილისამდე მთელი გზა მატარებლის „პრიცეპკაზე“ ჩამოკიდებულს უმგზავრია. თელავში ჩასულს კი, რადგან ფაეტონის ფულიც არ ჰქონდა, სახლამდე სამი კილომეტრი ფეხით უვლია. ეს ამბავი მისგან ვიცი. სახლში რომ მოსულა, მგზავრობისგან გადაქანცული და ნატანჯი ისეთ ფორმაში ყოფილა, რომ კართან მისული მათხოვარი ეგონათ. შემდეგ დედა გამოვიდა და მამა ძლივს იცნო. 

- არასოდეს უნანია თავისი არჩევანი, რომ უცხოეთში არ დარჩა?

- არასოდეს! მსგავსი რამ ფიქრადაც არ გაუვლია. თავის 11 წლის შვილიშვილს წერილში დაუწერა: „შენ ახლა ბავშვობის წლებს გადააბიჯე და ვაჟკაცობის პერიოდში შედიხარ. გისურვებ მამულისთვის სასარგებლო შვილი გაზრდილიყავი“. მისთვის სამშობლოს ინტერესები ყველაფერზე მაღლა იდგა.

© photo: courtesy of Nino Burduliეთერ ხომიზურაშვილი
ქართველი აკადემიკოსი, რომელმაც საქართველო ხრუშჩოვის დამღუპველი გეგმისგან იხსნა - Sputnik საქართველო
ეთერ ხომიზურაშვილი

- სად არის დაკრძალული?

- მამა დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. ის უცბად გარდაიცვალა. დედა მაშინ მძიმე ავადმყოფი იყო. როცა მის სანახავად შვილთან ერთად მივედი, ოთახში შესულმა მამა გარდაცვლილი ვნახე. თვალის დახამხამებაში ჩვენს სახლში დიდი რაოდენობის ხალხი გაჩნდა. მაშინ თავმჯდომარე იყო ნინა ჟვანია, პირველი ქალი ვიცე-მერი თბილისის  მმართველების ისტორიაში, და ვასილ მჟავანაძე ცკ-ის მდივანი გახლდათ. ნინა ჟვანიას შემოთავაზება იყო, რომ მამა მთაწმინდაზე დაკრძალულიყო, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან დედას ცალკე ვერ დავტოვებდი. მერე იმ ქვეყნად როგორ შევხვდებოდი? ასე რომ, დიდუბის პანთეონში დავკრძალეთ.

- თქვენს წიგნში სხვა წინაპრებზეც წერთ...

- ჩემი ბაბუა, დედის მამა, ეპიფანე ჯაოშვილი იყო ცნობილი სასულიერო პირი, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიით. ის მოწამეობრივი სიკვდილით დაიღუპა. როცა წინაპრების თემაზე ვმუშაობდი, ჯერ მეგობრებს წავაკითხე. იმდენად ვრცელი მასალა დაგროვდა, რომ ორად გავყავი და ორ წიგნად გამოიცა – „წინაპარნი“ და „ჩემი ქვეყანა“. ამჟამად მესამე წიგნიც მაქვს მზად. ეს წიგნები შთამომავლობას გამოადგება, რადგან ამ ადამიანების ცხოვრება ბევრ რამეს გვასწავლის. პირველ რიგში იმას, რომ ყველაზე მთავარი სამყაროში – სიკეთე, ქვეყნის ერთგულება და თავდადებაა, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია...

 

ყველა ახალი ამბავი
0