ყველაფრის სტიმული კი ერთ დღეს გახდა იმ გოგოს სიყვარული, რომელიც დღეს მისი მეუღლე და საქმიანი პარტნიორია. საუბარია კახა ჯანგულაშვილსა და ნათია ყურშუბაძეზე.
დასაწყისში ნათია ვინტაჟურ სტილში ლამაზ ნივთებს ქმნიდა. დღეს ბრენდი, სახელად „ჯანგოს ხელნაკეთები“ ძირითადად მეტალის და ხის მასალაზე მუშაობს. მის ორიგინალურ ნაწარმს ბევრი გულშემატკივარი და მომხმარებელი ჰყავს.
- კახა, დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენი შემოქმედების ინსპირაცია სიყვარული გახდა...
- მე და ნათია იმ პერიოდში, 2018 წელს ჯერ კიდევ შეყვარებულები ვიყავით, თანაც სამსახურიდან ორივე ერთ დროს წამოვედით. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ ხელოვნების სახით საერთო ინტერესი გვქონდა. მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ საკუთარი საქმე დაგვეწყო. დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოცნების განხორციელებაზე გვეფიქრა და გვეზრუნა.
- ბრენდი, რომელსაც დაარქვით „ჯანგოს ხელნაკეთები“ ძირითადად ხის ნაწარმს ქმნის, ხე ცოტა რთული მოსათვინიერებელია...
- სხვათა შორის, ამ სფეროში საქმიანობა 12 წლიდან დავიწყე. ბრენდის სახელი კი ჩემი გვარიდან გამომდინარეა. ჩვენი ხელნაკეთი ნივთები იმითაა საინტერესო, რომ განსხვავებულია. ყველაფერი განსხვავებული კი, როგორც წესი, რთული დასამზადებელია. ჩვენთვის მთავარია ჯანსაღი და არაორდინარული პროდუქტი შევთავაზოთ მათ, ვისაც ყველაფერი ლამაზი და განსხვავებული ხიბლავს. ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ვარსებობთ, გავიზარდეთ და გავფართოვდით.
- პირველი ნამუშევარი რომელი იყო, რითი დაიწყეთ?
- ჩვენი პირველი ნივთი იყო ვისკის მინი-ბარი, რომელიც შეიქმნა ჩემი მშობლების მოცემული 50 ლარით და მეზობლისგან ნათხოვარი ხერხით. სწორედ ამ ნივთით დაიწყო „ჯანგომ“ თავისი საქმიანობა. მან წარმატება მოგვიტანა და დღემდე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
- რით ამუშავებთ ხეს, ტრადიციული სამუშაო იარაღებით თუ რაიმე თანამედროვე დანადგარებით?
- შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ თავიდან ფაქტობრივად შიშველი ხელებით დავიწყეთ. შემდეგ საკუთარი სახსრებით ნელ-ნელა საკმაოდ კარგი დანადგარები შევიძინეთ და მუდმივი მომხმარებელიც გაგვიჩნდა. თუმცა არის ნივთები, რომელიც მხოლოდ ხელით სათლელი და სამუშაოა, გააჩნია რას ვაკეთებთ.
- საშუალოდ ერთი ნივთის დასამზადებლად რა დროა საჭირო?
- როცა მომხმარებლებს ყველაფერი განსხვავებული მოსწონს, ექსკლუზიური მოთხოვნა საკმაოდ რთული შესასრულებელია, რაც, ბუნებრივია, დიდ დროს მოითხოვს. თუმცა სირთულეებს რომ თავი დავანებოთ, იმდენად ბევრი შეკვეთა გვაქვს, რომ ნივთის დასამზადებლად მინიმუმ ერთი თვეა საჭირო. დღეს ავეჯი ძირითადად ხელოვნური მასალისგან იქმნება, მაგრამ ჩვენ არ ვცნობთ ხელოვნურ მასალას და ავეჯის განახლების დროსაც კი მხოლოდ ხეს ვიყენებთ.
- რამდენად პოპულარულია „ჯანგოს“ ნაწარმი?
- ძალიან მალე გავითქვით სახელი და მომხმარებელში ნდობაც მოვიპოვეთ. სამწუხაროდ, ტრანსპორტირება ძვირი ჯდება რეგიონებში, სადაც ასევე უნდათ სახლში „ჯანგოს ხელნაკეთები“ ჰქონდეთ. იმედია, ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ და ჩვენი ნივთები რეგიონებშიც გაიგზავნება. სხვათა შორის, ამ მხრივ სვანეთი აქტიურობს.
- თქვენს საქმიანობაში მეუღლეც ჩართულია, როგორია მისი ფუნქცია და სახელოსნოში ყოფნა ურჩევნია სამზარეულოს?
- ნათიას ჩვენი საქმიანობის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. გარდა იმისა, რომ პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იმპრესარიო-მენეჯერია, პიროვნულადაც საკმაოდ ძლიერი ადამიანია. მინდა გითხრათ, რომ არც სამზარეულო აქვს უყურადღებოდ დატოვებული და დიასახლისის როლსაც მშვენივრად ითავსებს. საკმაოდ კარგი კულინარია, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. შვილსაც არ აკლებს ყურადღებას. მაოცებს მისი ენერგია და ზოგჯერ მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს ერთად როგორ უძღვება. ერთად ბევრი დაბრკოლება, სირთულე და კარგი დღეები გამოვიარეთ.
- ცნობილია, რომ ხის სახლში ცხოვრება ჯანმრთელობის თვალსაზრისით სასარგებლოა, ამ მხრივ თუ გიფიქრიათ?
- მშენებლობის კუთხით საქმიანობაზე არ ვფიქრობთ, თუმცა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: გვინდა, რომ თბილისთან ახლოს, ბუნებაში საკუთარი სახლი ავაშენოთ. იქვე პატარა სახელოსნოსაც ჩავდგამთ. გვინდა საოჯახო გარემოში ჯანგოს სახელობის კაფე ავამუშაოთ და მომხმარებელთან მეტად დავახლოვდეთ. სხვათა შორის, ვინც გვსტუმრობს ხოლმე სახელოსნოში, იმდენად კარგად გრძნობენ თავს, რომ ჩვენგან წასვლა აღარ უნდათ, რაც ძალიან გვახარებს.
- რა არის საჭირო ოცნების ასახდენად?
- მინდა ყველას ვურჩიო – სირთულეები ნუ შეგაშინებთ, გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ დღეს არც შორეულ წარსულში ვიხედებით, არც შორეული მომავლისკენ, მხოლოდ აწმყოს და ახლო მომავალს ვჯერდებით. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. მთავარია, დროს მივცეთ დრო. ღმერთს მადლობა, რომ მე და ნათიას ბედნიერების შანსი მოგვცა. მოგვბაძეთ ჩვენ და საკუთარი ოცნებების ასახდენად ცოტა გაიჭირვეთ, მეტი მოინდომეთ და ყველაფერი გამოგივათ! და, კიდევ, ჯეკ-პოტს ნუ დაელოდებით!..