04:53 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
42550

რით განსხვავდება სიყვარულის ჭრილობა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობისგან, რატომ სვამენ ადამიანები და რა არის ორსახოვანი არსების თავისუფლება?

„სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ ფრანგი მწერლის, ესეისტის, პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის ალბერ კამიუს (Albert Camus, 1913-1960) გამონათქვამებს.

ალბერ კამიუ არის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1957). მისი ცნობილი ნაწარმოებებია „სიზიფეს მითი", „უცხო", „კალიგულა", „შავი ჭირი", „მართლები" და სხვა.

• დაქორწინდებიან, ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ, რომ სიყვარული ავიწყდებათ.

• თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება.

• სიყვარულის ჭრილობები, ტყვიისგან მიყენებული ჭრილობებისგან განსხვავებით, არავის კლავს, მაგრამ არც არასდროს ხორცდება.

• იყო ბედნიერი — სირცხვილი არ არის.

• ადამიანს ადამიანად ბევრად უფრო აქცევს ის, რაზეც ის დუმს, ვიდრე ის, რასაც ლაპარაკობს.

• ყველა სარგებელი იმასთან მიდის, ვინც ამ სარგებელს ეძებს.

• უმანკოა ის, ვინც არაფრის დამტკიცებისკენ არ ისწრაფვის.

• სწრაფვა იმისკენ, რომ მუდამ მართალი იყო — ვულგარული გონების ნიშანია.

• საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობა სიკვდილს ნიშნავს.

• არ არსებობს არც ერთი, თუნდაც ყველაზე უბედური მოვლენა, რომელშიც თავისი კარგი მხარეები არ იყოს.

• დრო ნელა გადის, როცა მას თვალს ადევნებ. ის გრძნობს თვალთვალს. მაგრამ ის ჩვენი გულმავიწყობით სარგებლობს. შესაძლოა, ორი დროც კი არსებობს: ის, რომელსაც თვალს ვადევნებთ და ის, რომელიც გარდაგვქმნის.

• ცხოვრებისთვის აზრის მინიჭება არ ღირს, რადგან ეს აუცილებლად მიგვიყვანს აზრამდე, რომ ცხოვრება არ ღირს.

• ზოგი სიყვარულისთვის შეიქმნა, ზოგი — ცხოვრებისთვის.

• ადამიანი ყოველთვის არის რაღაცაში ცოტა დამნაშავე.

• ცხოვრება ძალზე სწრაფად გადაიზრდება ხოლმე ჩვევაში.

• გინდა ფული გამოიმუშაო, რომ ბედნიერად იცხოვრო, მაგრამ, საბოლოოდ, მთელი ძალა, ცხოვრების მთელი გემო მის შოვნაში მიდის. ბედნიერება დავიწყებულია, საშუალება მიზნად არის მიღებული.

• რაც არ იცი, მას ყოველთვის აზვიადებ.

• სასოწარკვეთილების ჩვევა უფრო უარესია, ვიდრე თვითონ სასოწარკვეთილება.

• ქალაქის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა – ეცადო გაიგო, როგორ მუშაობენ აქ, როგორ უყვართ და როგორ კვდებიან.

• როგორ უნდა იცხოვრო, თუ სასოწარკვეთილებისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი არ გაქვს?!

• ყოველთვის საინტერესოა, რას ლაპარაკობენ შენზე, თუნდაც განსასჯელის სკამზე იჯდე.

• ძალზე დამღლელია სიბრალული, როცა უსარგებლოა…

• ნუ დაელოდები, რომ ბედნიერება მამაკაცთან ერთად მოვა. რამდენი ქალი უშვებს ამ შეცდომას! ბედნიერება თვითონ შენშია, უბრალოდ, უნდა დაელოდო მას.

• ელემენტარულს უწოდებენ ისეთ ჭეშმარიტებებს, რომლებსაც ადამიანი ყველაზე ბოლოს აღმოაჩენს ხოლმე.

• ჯერ სიყვარული უნდა მოვიდეს და მერე მორალი. პირიქით თუ მოხდა — ტანჯვაა.

• სიყვარული ისეთი ავადმყოფობაა, რომ არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს.

• გარდაუვალი მხოლოდ ერთია — სიკვდილი, ყველაფერი დანარჩენის თავიდან არიდება შესაძლებელია.

• ის, ვისაც შეუძლია აღფრთოვანდეს ერთდროულად დოსტოევსკითაც და ტოლსტოითაც და ერთსაც და მეორესაც ერთნაირი სიმსუბუქით იგებს, საშიში ნატურაა საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც.

• თავისუფალია ის, ვისაც შეუძლია, ტყუილი არ თქვას.

• ჩემი უბედურება ისაა, რომ ყველაფერი მესმის…

• ბევრს იცნობთ „მოსიყვარულე" მამაკაცს, რომელიც უარს იტყოდა ლამაზ და ადვილად ხელმისაწვდომ ქალზე? და თუ ვინმე უარს იტყვის, ეს ნიშნავს, რომ მას ტემპერამენტი აკლია.

• ნუ ივლი ჩემ წინ — შეიძლება ვერ დაგეწიო. ნუ ივლი ჩემ უკან — შეიძლება სხვაგან გადავუხვიო. უბრალოდ, იარე ჩემ გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი.

• ის, ვინც არაფერს გასცემს, არც არაფერი აქვს. ყველაზე დიდი უბედურება ის კი არ არის, რომ არ უყვარხარ, არამედ ის, რომ შენ თვითონ არ გიყვარს.

• ის, რაც ცხოვრების აზრად მიიჩნევა, შეიძლება სიკვდილის შესანიშნავი საბაბი გახდეს.

• დემოკრატია — ეს უმრავლესობის ძალაუფლება კი არა, არამედ უმცირესობის დაცვაა.

• ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობას სიმართლეზე ვაგებთ, ზოგიერთთან — სიცრუეზე; და ეს უკანასკნელი ნაკლებად მტკიცე არ არის.

• დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალი ვარ და მოვკვდები. დიახ, ამ რწმენის გარდა არაფერი მაბადია. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ჭეშმარიტებას ვერავინ წამართმევს.

• არასდროს ვფიქრობ. ამისთვის ძალიან ჭკვიანი ვარ.

• ასეა მოწყობილი ადამიანი, ეს ორსახოვანი არსება: მას არ შეუძლია არავის სიყვარული, თუ, ამავე დროს, საკუთარი თავი არ ეყვარება.

• თავისუფლება — ეს, პირველ რიგში, პრივილეგიები კი არა, მოვალეობებია.

• სიჭაბუკის წლები ასე დიდხანს იმიტომ ჭიანურდება, რომ ისინი მოვლენებით არის აღსავსე, სიბერის წლები კი ასე იმიტომ მირბის, რომ წინასწარ არის განსაზღვრული.

• მართო — ნიშნავს იქურდო. ეს ყველამ იცის.

• შეყვარებულებს რაღაც საერთო აქვთ ბონაპარტთან: ისინი ყოველთვის ფიქრობენ გამარჯვებას იქ, სადაც ყველა დამარცხდა.

• ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც არ უნდა იყოს ის, ვინც არის.

• რადგან უნდა მოვკვდეთ, აშკარაა, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდის და როგორ მოკვდები.

• რატომ სვამენ ადამიანები? იმიტომ რომ დალევის შემდეგ ყველაფერი აზრს იძენს… დასკვნა: ადამიანები სვამენ უმწეობის ან პროტესტის ნიშნად.

• მისთვის, ვინც წერს, ჯობს, უთქმელი რამე დატოვოს, ვიდრე ზედმეტი თქვას.

• სკოლის ნებისმიერი კურსი — ეს გამარტივების კურსია. სკოლა გვამზადებს ცხოვრებისთვის სამყაროში, რომელიც არ არსებობს.

 

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები