15:13 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

როგორც წესი, საქართველოში ნებისმიერ საარჩევნო კამპანიას, საპრეზიდენტო იქნება თუ საპარლამენტო, თან ახლავს შთამბეჭდავი გამოსვლები და მყვირალა განცხადებები.

სერგეი მარკედონოვი

იმ ადამიანების ნაკლებობას, ვინც სადეპუტატო მანდატების, მთავრობის ხელმძღვანელისა თუ ქვეყნის მეთაურის სავარძლისთვის იბრძვის, ქვეყანა არასდროს განიცდიდა და არც განიცდის. თუმცა ბოლო რვა წლის განმავლობაში ძირითადი ინტრიგა ორ პერსონას — ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ირგვლივ ვითარდება.

კონფიგურაციები, რომლებიც მათ გარშემო იქმნება, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს (პარტია, მოძრაობა, ელექტორალური ალიანსი), მაგრამ არსი უცვლელი რჩება. სწორედ მათ შორის კამათში იტესტება სახელისუფლებო სისტემების სიცოცხლისუნარიანობა, რომლებიც მათვე ჩამოაყალიბეს ორ რვაწლიან მონაკვეთში (2004-2012 და 2012-2020 წლები).

კავკასიის ისტორიული ცენტრი

ნებისმიერი არჩევნები — ეს, უპირველესად, შიდაპოლიტიკური მოვლენაა, მაგრამ ამავდროულად არც ერთი ქვეყანა არ რჩება ვაკუუმში. ამიტომ შიდაპოლიტიკური დინამიკა ასევე აშფოთებს ქვეყნის პარტნიორებსა და უახლოეს მეზობლებს.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს კავკასიის ცენტრში. აქედან მომდინარეობს ქართულ პოლიტგეოგრაფიაში პოპულარული „ცენტრალური კავკასია“. რუსეთის იმპერიის დროს სწორედ ტფილისში მდებარეობდა კავკასიის მეფისნაცვლის რეზიდენცია, საბჭოეთის დროს — კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი, სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი — რეგიონით დაკავებული უცხოეთის საელჩოების, დიპლომატიური მისიებისა და ფონდების უმეტესობა. სწორედ საქართველოს განიხილავენ აშშ და ნატო განსაკუთრებულ სტრატეგიულ პარტნიორად ევრაზიაში. ასეთია რეალობა და მას ნებისმიერი არჩევნები საქართველოში გეოპოლიტიკური კონკურენციის ფორმატში გადაჰყავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ქართულ საარჩევნო კამპანიებს ასეთად აღიქვამენ არა მარტო მოსკოვი ან ვაშინგტონი, არამედ თავად ხელისუფლებისთვის შიდა ბრძოლის საკვანძო მონაწილეები. არგუმენტები „პრორუსულობის“ თაობაზე ქართველ პოლიტიკოსთა შორის თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ როგორი საგადასახადო სისტემა, ჯანდაცვის მოდელი თუ აგრარული პოლიტიკა უფრო შეესაბამება მიმდინარე მომენტს.

თამაშის წესები

1 ივლისს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოხსენებით გამოვიდა რიგით მეხუთე ყოველწლიურ დემოკრატიულ კონფერენციაზე (ონლაინ რეჟიმში), სადაც მისი ერთ-ერთი მთავარი დასკვნა იყო რუსეთის ჩარევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. თუმცა ეს თეზისი მეტად თავისებურად გაცხადდა: „მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ რუსეთი შეეცდება ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში, მაღალია“.

აგვისტოს ბოლოს კი გამოვიდა ცენტრ „დოსიეს“ (მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციული პროექტი) მოხსენება, რომლის პირველი ნაწილიც საქართველოს ეძღვნება. მასში გამოთქმული დასკვნები აშშ-ის ელჩის შეფასებებს ჩამოჰგავს: მოსკოვი სხვადასხვა ანტიდასავლური ძალების დახმარებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ქართულ საპარლამენტო არჩევნებზე.

იდეა ახალი არ არის. გასული წლის მოვლენებმა, რომელიც „გავრილოვის კაზუსის“ სახელითაა ცნობილი, წარმოჩინა, როგორ შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ „კრემლის ხელი“. მაგრამ ამ თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ განვერიდოთ ემოციებსა თუ კონსპიროლოგიურ ვერსიებზე მსჯელობას და არსებით მომენტებზე გავამახვილოთ ყურადღება.

ელემენტარული შეკითხვა: რა დოკუმენტების საფუძველზე ხორციელდება არჩევნები, ანუ სწორედ ის მოვლენა, რომელშიც ვიღაცას სურს ჩარევა? ბუნებრივია, კონსტიტუციის საფუძველზე. მაგრამ ვინ და ვისი ზემოქმედებით შეიტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში, რომლის თანახმადაც სადეპუტატო კორპუსის პროპორციული ნაწილი (მაჟორიტარულის საზიანოდ) გააფართოვა და 150-დან 120 გახადა, და პრაქტიკულად მოხსნა გადასალახი ბარიერი (სამოთხის პირობები წვრილი პარტიებისთვის)? ეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გააკეთეს 2020 წლის 8 მარტის მემორანდუმის საფუძველზე. ყურადღება! დოკუმენტისა, რომელსაც ხელი აშშ-ის რეზიდენციაში მოეწერა ვაშინგტონისა და ბრიუსელის წარმომადგენლების თანდასწრებით. საიდუმლო არაფერია. მემორანდუმის ტექსტი ამერიკის საელჩოს საიტზე იყო გამოქვეყნებული, ხოლო თავად მოლაპარაკებები შეერთებულმა შტატებმა ისე წარმოაჩინა, როგორც მოკავშირე ქვეყნის შიდა სტაბილიზაციაში შეტანილი წვლილი.

საბოლოოდ კი, თამაშის წესები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კი არ დაადგინეს, არამედ ამერიკის საგარეო მოდერაციამ, რომელიც, სხვათა შორის, ხელს უწყობდა „გავრილოვის კრიზისით“ დაწყებული შიდაპოლიტიკური კრიზისის დროებით მოგვარებას.

რატომ „დროებითი?“ იმიტომ რომ 31 ოქტომბერს ყველაზე საინტერესო დაიწყება — მთავრობის ფორმირება. ხოლო საპარლამენტო კამპანიის ახალი პირობები, რომლებიც აშშ-ის ზეწოლითაა მიღებული, პარლამენტში ბევრი წვრილი პარტიის შესვლას მოიაზრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მთავარ საკითხად სამთავრობო კოალიციის ფორმირება იქცევა. და ფაქტი არ არის, რომ ის მდგრადი გამოდგება.

და თუ ეს ასეა, მაშინ საქართველოში ახალი არჩევნები და ახალი კრიზისები სრულიად რეალურია.

რუსული ზეგავლენა

ისევ რუსული ზეგავლენის თემას დავუბრუნდეთ. მისი ხარისხის შესაფასებლად ვნახოთ, რა ინსტრუმენტების გამოყენება შეუძლია მოსკოვს. 2008 წლამდე ეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყო. მაგრამ დღეს ისინი ოფიციალურადაა აღიარებული რუსეთის მიერ. და ეს ხაზია, რომელიც მკაფიოდ მიჯნავს ორი ქვეყნის პოზიციებს. სხვა ხაზია ნატოს წევრობა. რუსეთის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ შეუშლიდნენ ხელს პირდაპირ მოლაპარაკებებსა და შესაძლო შეთანხმებებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. მაგრამ იმავდროულად მოსკოვს არ აქვს სურვილი, ითამაშოს კულისებსმიღმა გეშეფტმახერის როლი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერების ზურგს უკან გარიგებებს დადებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. ჯერ ერთი, მოლაპარაკებების გარეშე ეს მხოლოდ კონფლიქტურობას შემატებს ამ პრობლემებს, გაართულებს ისედაც რთულ დარეგულირებას; და მეორეც, რუსეთის რეპუტაციას დააარტყამს, რომლის გადაწყვეტილებებიც ასეთ შემთხვევაში ამწუთიერ კონიუნქტურას დაემსგავსება.

და მესამე: თბილისში ხელისუფლების ჰიპოთეტური ცვლაც რომ წარმოვიდგინოთ, რა დროსაც პირობითი „ანტიდასავლელები“ კონტროლს დაამყარებენ მთავრობასა და პარლამენტზე, სულაც არ არის ფაქტი, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსზე სწრაფი კომპრომისი მოიძებნება. გამოდის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რესურსს დღეისათვის კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობებში. ეს არც კარგია და არც ცუდი — ასეთია ამოცანის პირობა.

შემდეგი საკითხი: როგორია პირობითი „ანტიდასავლელების“ შესაძლებლობები, რომელთა ამოქმედებაც შეეძლო მოსკოვს? პარლამენტში ასეთად, გარკვეული შენიშვნებით, შეიძლება განვიხილოთ „პარტიოტთა ალიანსი“ — ყველაზე პატარა ფრაქცია. მართლაც, ამ პარტიის ბევრი თეზისი ახლოსაა მოსკოვთან, განსაკუთრებით აშშ-ის დომინირების მიუღებლობის ნაწილში. მაგრამ ეშმაკი დეტალებშია. საეჭვოა, რომ რუსეთს, რომელსაც პრაგმატული კონსტრუქციული ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ალიანსის ნაციონალისტური რიტორიკა მოეწონოს. სანამ ის ოპოზიციაშია, ამაზე თვალის დახუჭვა შეიძლება. მაგრამ თუ მოულოდნელად ეს ძალა ქვეყნის კურსის განმსაზღვრელად იქცევა? სარგებელი უკვე, რბილად რომ ვთქვათ, არაერთმნიშვნელოვანი იქნება.

ამ კუთხით ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“ ბევრად რესპექტაბელურ მოთამაშედ გამოიყურება. და მოსკოვი მზად იქნებოდა, გაეზიარებინა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის კრიტიკული პათოსი. მაგრამ ჯერჯერობით ეს ძალა პარლამენტს მიღმაა. თუმცა პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაშიც კი საეჭვოა, რომ დომინანტი ძალა გახდეს.

გაგება და მზადყოფნა

ბევრი პოსტსაბჭოთა ანალიტიკოსი რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ხაზს აქტიურობის კატეგორიებში აღიქვამს: გეგმები, პროექტები, სტრატეგიები. მათთვის რთული მისაღებია, რომ მოსკოვს ყოველთვის არ შეუძლია რეალობის შეცვლა. ამასთან დაკავშირებით მახსენდება, როგორ განაცვიფრა ბევრი ქართველი ექსპერტი იმან, რომ მოსკოვმა ხელი არ შეუშალა თბილისს, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებაზე.

მაგრამ პოლიტიკური ხაზი ყოველთვის არ იგება რაიმე გამღიზიანებელზე დაუყოვნებლივ რეაგირებაზე. საქართველოს შემთხვევაში მოსკოვში ესმით, რომ დასავლური კურსი ქვეყნის ორივე საკვანძო პოლიტიკური ძალისთვის არის დამახასიათებელი — ივანიშვილის მხარდამჭერებისა და სააკაშვილის გარშემო შეკრებილებისთვისაც. ამ ჯგუფებს შორის არსებითი ტაქტიკური შეუსაბამობაა, მაგრამ არ არის სტრატეგიული უთანხმოება საგარეო პოლიტიკაში. სააკაშვილი კრემლს უფრო მეტად აშფოთებს — 2008 წლის მოგონებები არსად გამქრალა. მაგრამ არც ივანიშვილის მიერ დეკლარირებული „ნორმალიზაციის“ შემდეგ არსებობს სწრაფი გარღვევის ილუზიები. და „გავრილოვის კაზუსმა“ ამ მიმართულებით მხოლოდ გაამყარა სკეპტიციზმი.

ამიტომაცაა, რომ რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობის გაგება არსებობს, მაგრამ არ არსებობს საამისოდ საგარეო პოლიტიკური ხაზის 180 გრადუსით შებრუნების მზადყოფნა. ძირითადად იმიტომ, რომ თბილისის პოზიცია უკიდურესად ნათელია, მაგრამ მიმზიდველი მომენტების (ნატოსთან ინტეგრაციაზე უარის თქმა) შემცველი წინადადებების პაკეტი არ არსებობს.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი პაკეტი გაჩნდება, მერე აუცილებლად წამოიჭრება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა. და თუ მოსკოვი მზადაა, ამ მიმართულებით მუშაობას ბევრი წელი შეალიოს, თბილისში სწრაფ გადაწყვეტილებებს მოისურვებდნენ („ანტიდასავლელებიც“ კი). ეს კი უკვე, მინიმუმ, შეფასებების შეუსაბამობის საფუძველია. ამასთან არსებობს იმის გაგება, რომ დასავლური ინტეგრაცია პანაცეა არ არის არც ქართული ეკონომიკისთვის, არც ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

სატრანზიტო ქვეყნის ტურისტული სექტორისთვის COVID-19-ის პანდემიით მიყენებული ზარალი უზარმაზარია. რომელი ქვეყნის მოქალაქეები შეძლებდნენ მდგომარეობის გამოსწორებას საქართველოს ეკონომიკის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში? რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, ყველაფერთან ერთად, პრაგმატული საკითხიცაა. ნატოსთან კავშირის მარგი ქმედების კოეფიციენტი ზემოთ ნახსენები პრობლემების გადაჭრაში მაღალი არ იქნება. შესაბამისად, მოსკოვს შეუძლია თავს პაუზის აღების უფლება მისცეს, დააცადოს მეზობელ ქვეყანას, დაინახოს ცალმხრივი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ხარვეზები, და ჩქარი ნაბიჯები არ გადადგას იმ ძალების მხარდასაჭერად, რომლებსაც საქართველოში ცვლილებების მოსახდენად საკმარისი ძალა არ შესწევთ.

საარჩევნო კამპანია კი ფინიშს უახლოვდება — წესებით, რომლებიც კრემლში არაა დამტკიცებული.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები