თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არ დაუშვებს არეულობებს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა >>
წინასაარჩევნო რბოლა ამჯერად შედარებით მშვიდია, მცირე ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით. თუმცა არჩევნებამდე დარჩენილია 45 დღე და სიტუაცია თანდათანობით იძაბება.
„ჩვენი გუნდი არ დაუშვებს ქვეყანაში რაიმე სახის არეულობას, ჩვენ ვართ გარანტი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი გარემო შექმნილია ყველა პარტიისთვის, მაგრამ მათაც უნდა იგრძნონ თავისი წილი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე.
„თავისუფალ გარემოში პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, საზოგადოებას შესთავაზონ საქმიანი, საგნობრივი წინასაარჩევნო კამპანია და არა პოპულისტური და არარეალური დაპირებები“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ცესკოს მიერ შემუშავებულ „ქცევის კოდექსს“ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო სუბიექტი უნდა შეუერთდეს.
კოდექსის მიხედვით, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, პარტიები აღიარებენ კანონის უზენაესობას, იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პატივს სცემენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატსა და ამომრჩეველთა უფლებებს, არ გამოიყენებენ სიძულვილის, ქსენოფობიის ან მუქარის ენას, ყველაფერს გააკეთებენ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
„ქართული დასი“ – ოპოზიცია კიდევ ერთ საარჩევნო ბლოკს ქმნის >>
გარდა ამისა, კოდექსშიო მითითებულია პარტიებს შორის ღირსეული და პატიოსანი კონკურენციის მნიშვნელობა. კოდექსთან შემოერთებულმა პარტიებმა და ბლოკებმა უარი უნდა თქვან პირად შეურაცხყოფაზე, პროვოკაციებზე, კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ აგიტაციაში ჩარევაზე, ასევე ცრუ ინფორმაციის განზრახ გამოყენებაზე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. ასევე საარჩევნო პროცესში სარგებლის მიღების მიზნით მათ არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი.