თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში პარტიები „ქართული დასი“, „ხალხის პარტია“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „დემოკრატიული საქართველო“ ერთად მიიღებენ მონაწილეობას, განცხადება „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ბრიფინგზე.
პარტია „ქართული დასი“ 2007 წელს შეიქმნა. გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით ბაღათურია 2008 წლის მოწვევის პარლამენტში შევიდა, სადაც გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლებისა და პრეიზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას ამომრჩეველთა 0,12%-მა დაუჭირა მხარი, რის გამოც „ქართული დასი“ პარლამენტს გარეთ აღმოჩნდა.
„ქართული დასი“ ცესკომ არჩევნებში მონაწილეობისთვის დაარეგისტრირა, ხოლო დანარჩენი ორი საარჩევნო სუბიექტს არ წარმოადგენს, რადგან არ გააჩნიათ ცესკოს რეგისტრაცია. „ქართულმა დასმა“ უბრალოდ შეიერთა „ხალხის პარტია“ და „დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ასეთი გაერთიანებული სიის მქონე „ქართული დასისთვის“ პარლამენტში მოსახვედრად ხმების 1% საკმარისი იქნება.
„დღეს სამმა ორგანიზაციამ – „ხალხის პარტიამ“, საზოგადოებრივმა მოძრაობა „დემოკრატიულმა საქართველომ“ და „ქართულმა დასმა“ მივიღეთ გადაწყვეტილება გავერთიანდეთ ამ არჩევნებში და ერთიანი საარჩევნო სიით გამოვიდეთ ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, უახლოეს დროში მათი გაერთიანება აქტიურ საარჩეევნო კამპანიას დაიწყებს და მაჟორიტარ დეპუტატებს წარადგენს.
პარლამენტში მოსახვედრად ბლოკმა ხმების იმდენი პროცენტი უნდა მოიპოვოს, რამდენი პარტიაც შედის გაერთიანებაში. ცალკეული პარტიებისთვის კი გამსვლელი ბარიერი 1%-ია.