რაზე მეტყველებს NDI-ის გამოკითხვა - ქართველ პოლიტიკოსთა შეფასებები

© Sputnik / Vladimir Umikashviliგაზაფხული თბილისში
გაზაფხული თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევარი დარჩა; პარტიები გამალებით ითვლიან პოტენციური ამომრჩევლების ხმებს; ვის რისი იმედი აქვს?

თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. აშშ-ის ნაციონალურმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელთა შეფასებაც ქართველმა პოლიტიკოსებმა არ დააყოვნეს. 

მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა >>

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 88% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს. კვლევამ გამოავლინა ასევე, რომ სასურველი კანდიდატის არჩევისას ამომრჩეველი, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას (36%), ჯანდაცვის პოლიტიკას (12%) და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას (12%).

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა ასევე საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ და მის რეიტინგში პარტიებს შორის 56%-ით ლიდერობს მმართველი „ქართული ოცნება“.

ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
GORBI: გამოკითხულთა ნახევარი ფსონს „ქართულ ოცნებაზე“ აკეთებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის თქმით, უფრო სარწმუნო, საჯარო და ავტორიტეტული კვლევების წყალობით ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს. ასეთი კომენტარი გააკეთა მან NDI-ს გამოკითხვის შედეგებზე საუბრისას, როდესაც ისინი GORBI-ს გამოკითხვის შედეგებს შეადარა.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს მოქალაქეთა არჩევანს და მზადაა, სამართლიან ბრძოლაში მოიგოს საპარლამენტო არჩევნები.

„ჩვენ ვიცით ძალიან სარწმუნო, საჯარო და ავტორიტეტული კვლევებით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ბოლო კვლევებით, ეს არის 56 პროცენტზე მაღალი. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო გავზრდით“, - აღნიშნა სპიკერმა.

მისი სიტყვებით, მმართველი გუნდი მზადაა დემოკრატიულ არჩევნებში გასამარჯვებლად.

ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში ბევრი რამ დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ვინაიდან NDI-ს რესპონდენტების უმრავლესობას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
კოალიციური მთავრობა საქართველოში − მითი თუ რეალობა?

„88 პროცენტი აპირებს, რომ წავიდეს არჩევნებზე და აქედან დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა ტიპის კამპანია იქნება დარჩენილი თვენახევრის განმავლობაში. ბევრი რამაა დამოკიდებული ოპოზიციაზე. ოპოზიცია თუ შეძლებს მოსახლეობისთვის იმის გასაგებად ახსნას, რას გავაკეთებთ და როგორ შევცვლით ქვეყანას, როდესაც „ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ მოვიგებთ ამ არჩევნებს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ NDI-ს გამოკითხვის შედეგებში დაინახა ქართველი ხალხის სწრაფვა ცვლილებებისკენ. როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ ამ მოლოდინს გაამართლებს.

„მთავარი გზავნილი, რაც ამ კვლევაშია, არის დაკვეთა გარდამტეხ პირობებში. საჭიროა, ვითარების შეცვლა. სრულიად საპირისპირო სურათია იმისა, რაც ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი შეიცვლება. ცვლილებებია მოსატანი ქვეყანაში და ამ ცვლილებებს ითხოვს ხალხი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას სიტყვებით, NDI-ს გამოკითხვის შედეგები ცხადყოფენ, რომ მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა და შიმშილი აწუხებს.

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს ქვეყნის გამოყვანას ამ კრიზისიდან.

„სამწუხაროდ, ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და სადაც ყველაზე მაღალია შიმშილობის ინდექსი რეგიონში. ამიტომ ეს კვლევები გასაკვირი არ არის, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები კონკრეტულ ეკონომიკურ ხედვას ელიან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი დარწმუნდება იმაში, რომ სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა ამ უკიდურესი კრიზისიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 6-დან 11 აგვისტომდე. მკვლევარებმა გამოკითხეს 2000 რესპონდენტი მთელ საქართველოში სატელეფონო ინტერვიუირების წესით. გამოკითხვა ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევას საქართველოში 2009 წლიდან აწარმოებს. გამოკითხვა მისი დაკვეთით ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (СRRС) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. გამოკითხვის ცდომილება +/- 1,3%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0