სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიით ბოლო დღეების ნაფიქრალს გაგიზიარებთ...
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ფაქტია, უცნაური კითხვა ამეკვიატა და თანაც ისე რომ, ერთხანს მოსვენება დავკარგე...
ასეთი რა ხდება? − ჩამეძიება მკითხველი. რეპლიკას უყურადღებოდ არც ამჯერად დავტოვებ... აქვე წინასწარ ვიტყვი, განსაკუთრებული არაფერია, ინტერესმა მძლია, ჩვენს დროებაში რომელია ყველაზე ხშირი სიტყვათა წყობა?..
პირველ რიგში გამახსენდა − დარჩით სახლში! შესაძლოა, ბრძანოთ, ეს მოწოდება გაზაფხულზე იყო და აქტუალური უკვე აღარ არის. აბა არა გითხრათ, არ ვიკამათებ, ერთს კი მივანიშნებ, მთავრობის წევრებისა და მედიკოსთა ტონი მკაცრი და კატეგორიული იყო, როცა COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად ათეულს იშვიათად სცდებოდა. ახლა კი, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა, თუმცა არავინ გვირჩევს, შინ დავრჩეთ...
აკვიატებულ კითხვაზე პასუხის ძიებაში უამრავმა ვერსიამ გამიელვა, მათ შორის − ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ პირბადე...
ეს რაც შეეხება რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სულ უფრო ხშირად გვესმის და ვკითხულობთ − პანდემია, მსოფლიო გამოწვევა, გლობალური კრიზისი, ეკონომიკური შოკი და ა.შ. ასეთია „სიტყვათა წყობის“ არასრული ჩამონათვალი კლასტერიდან, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ COVID-19...
დარწმუნებული ვარ, არ გაგიკვირდებათ, არის სხვა მრავალი კლასტერიც. რა თქმა უნდა, მათ შორის პოლიტიკური... განსხვავებული შინაარსით და ფორმით, თუმცა არცთუ იშვიათად, მსგავსი შედეგით...
მერწმუნეთ, ლეტალურ დასასრულს არ ვგულისხმობ, აქ ინტოქსიკაციის ხარისხი მქონდა მხედველობაში. ეს რა შედარებაა? − ბრძანებს მკითხველი. მოკლე რეპლიკით შემოვიფარგლები − ფიგურალური. ახლა, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რამდენიმე ვერსიას ამ კლასტერიდან შემოგთავაზებთ...
ცვლილებების დროა!.. საკამათო არ არის, რომ არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ცვალებადობა, თუმცა ეს სენტენციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როცა ცვლილებებისკენ ნახელისუფლარი მოგიწოდებს, თანაც ახალს არაფერს გთავაზობს და აშკარად ეტყობა, მხოლოდ რევანშის სურვილით არის შეპყრობილი... თუ მკითხავთ, სულ ეს არის? გეტყვით, რომ არა. ამავე კლასტერს განეკუთვნება − დავასრულოთ რეჟიმი, არჩევნებით გავისტუმროთ ოლიგარქი, ოპოზიცია შეთანხმდა თუ ვერ შეთანხმდა? მე თუ არ მოვიგე ე.ი. არჩევნები გაყალბდა, მიშა მოდის თუ არ მოდის? და ა.შ. ლექსიკური „მარგალიტების“ ცვენაა, თუმცა, ჩემეული შეფასებით, ვისთვის ყველაზე მკაფიოდ და ვისთვის ყველაზე ბუნდოვნად ტერმინი −კოალიციური მთავრობა ჟღერს. ის ქართულ პოლიტიკაში აქტუალური მიმდინარე წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გახდა... მომავალი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა სწორედ კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირებას უკავშირდება და რა გასაკვირია, მომდევნო სტრიქონები მინდა, ამ საკითხზე მსჯელობას დავუთმო.
პირველ რიგში განვმარტოთ, რომ კოალიციური მთავრობა იქმნება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პოლიტიკური პარტია თუ საარჩევნო სუბიექტი ვერ იღებს მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობას. შეუძლებელი ხდება ერთპარტიული მთავრობის ფორმირება. მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, ორი ან მეტი პარტია ქმნის საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას აყალიბებს. მინისტრები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან.
როგორია საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების ალბათობა?
ამ საკითხზე პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მთავრობასაც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს. თავის მხრივ მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება გარდაუვალი აუცილებლობა იქნება, რასაც ოპოზიციური პარტიების მანდატების ჯამური რაოდენობა უზრუნველყოფს... ანალოგიურია ექსოერტ-ანალიტიკოსთა და პოლიტოლოგთა პოზიციებიც... როგორ განვითარდება მოვლენები? ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი შეგვიძლია, კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების შედეგები ვივარაუდოთ და ეს მსჯელობა ფინჯან ყავაზე მკითხაობას რომ არ დაემსგავსოს, სასურველია, ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მოვიშველიოთ.
ვიცი, საკითხავია, რომელი ერთი? ისიც ვიცი, ვერ შევჯერდებით. მიუხედავად იმისა, ვინ, როგორ ვენდობით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებს, გთავაზობთ, სწორედ IRI-ის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგით ვიხელმძღვანელოთ... მაშ ასე, კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის 33 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 16 პროცენტით მეორე პოზიციაზეა, ხოლო „ევროპული საქართველო“ 5 პროცენტით მესამე ადგილზეა. ელექტორატის 3-3 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს „პატრიოტთა ალიანსი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. კიდევ უფრო ნაკლებია, 2-2 პროცენტის ფარგლებშია სხვა პარტიების ელექტორალური რესურსი. მათ შორის არის: „ლეიბორისტული პარტია“, „სამოქალაქო მოძრაობა“, „ლელო“ და „გირჩი“... „დემოკრატიულ საქართველოს“ მხარს უჭერს მოსახლეობის 1 პროცენტი.
თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, ადვილად დავასკვნით, რომ მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებას ამ პარტიებიდან ვერცერთი შეძლებს. მმართველ პარტიას საამისოდ კიდევ 8 პროცენტი ჭირდება. „ქართული ოცნების“ ალიანსი მიხეილ სააკაშვილის მოქმედ და ყოფილ პოლიტპარტნიორებთან, ძალიან მაღალი ალბათობით, წარმოუდგენელია... მეტიც, ოპოზიციურ ფლანგზე პრაქტიკულად არ არის ძალა, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე ითანამშრომლებს. კიდევ ერთი დასკვნა − ვერც რამდენიმე ნაწილად დაშლილი ე.წ. „ნაცების“ რევანში შედგება. მიზეზი მსოფლმხედველობრივი განსხვავება როდია. არითმეტიკა ზუსტი მეცნიერებაა და საკმარისია, მათი ელექტორალური რესურსი დავაჯამოთ, დავრწმუნდებით, რომ საზოგადოების ნახევარზე მეტს ოპოზიციის ხელისუფლებაში, თუნდაც კოალიციურად მოსვლა კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია. რატომ? სავარაუდოდ, ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა ცდილობდეს, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოაჩინოს, რომ ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ჩამოყალიბებული ოპოზიციური ფლანგი. შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვება გულისხმობს საქართველოში და ხელისუფლებაშიც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას... ასე რომ, ნახელისუფლართ „მეორე მოსვლამდე“ ბევრი უკლიათ...
კიდევ ერთი დასკვნა − კონკურენტუნარიანი მესამე პოლიტიკური ცენტრი ვერ ჩამოყალიბდა. საარჩევნო სუბიექტთაგან ვერავინ ფლობს ე.წ. „ოქროს პაკეტს“, რაც მთავრობის ფორმირების პროცესში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნება“ საარჩევნო მარათონის გამოკვეთილი ლიდერია... თუმცა, იმგვარი კონფიგურაციის პირობებში, რომელსაც IRI კვლევაში წარმოაჩენს არსებობს მთავრობის ვერ ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური კრიზისის წარმოქმნის ალბათობა. ეს საფრთხეს უქმნის სტაბილურობას და რისკებსაც შეიცავს. არ გამიკვირდება, მოსალოდნელი არასტაბილურობის თავიდან აცილება არჩევანის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდეს... ასეთ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, რომ IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73 პროცენტი კოალიციურ მთავრობას ემხრობა, მაღალი ალბათობით „ქართული ოცნება“ არჩევნებსაც მოიგებს და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს... რატომ? ადამიანის ბუნებაა ასეთი. ცვლილებას, რომელსაც შესაძლოა არასტაბილურობა მოჰყვეს, ის უბრალოდ უარს ეუბნება...