12:18 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
11320

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ყაზახეთმა დააბანდა ფული.

ყაზახეთის ელჩმა ერმუხამედ ერტისბაევმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებებზე, ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე და იმის შესახებ ისაუბრა, რა აინტერესებთ ყახაზ ბიზნესმენებს საქართველოში. 

- როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ: ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის სფეროში. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ქვეყნები ერთმანეთზე დამოკიდებული არიან?

— რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული. რომ შევადაროთ რუსეთ-ყაზახეთს შორის არსებული საქონელბრუნვა საქართველოსთან არსებულ საქონელბრუნვას, რუსეთის შემთხვევაში ის ასობით ათასჯერ აღემატება. 

სამხრეთ-კავკასიური სატრანსპორტო დერეფანი — სატრანსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, ყაზახეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ „აბრეშუმის გზის“ აღორძინება საქართველოს გავლით მოხდეს. ძლიერი ავტობანი გვაქვს, ყაზახეთის სამხრეთში ახალი რკინიგზა გავიყვანეთ, რომელიც ჩინეთთან გვაკავშირებს. ჩინეთში ერთ-ერთ პორტში ჩვენი ტერმინალები გვაქვს, სადაც ვტვირთავთ საქონელს და ძალიან სწრაფად მოდის. გასულ წელს, ყაზახეთის გავლით საქართველოში დალუქული ვაგონები ძალიან სწრაფად შემოვიდა.  

თქვენთვის ცნობილია, რომ ბათუმის პორტი 49 წლიანი იჯარით  ავიღეთ, ამიტომ, ვიმეორებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თუმცა, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მიმართულებით უფრო დიდი საქონელბრუნვა ხორციელდება, რადგან „ევრაზიული საბაჟო კავშირის“ წევრი ქვეყანა ვართ — არანაირი ტარიფები, არანაირი გადასახადები, საქონლის თავისუფალი ნაკადი, ანუ ყაზახეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია წავიდეს რუსეთში, გახსნას ფირმა და საქონელი მოსაკრებლისა და გადასახადების გარეშე გაყიდოს. ანალოგიურს ვიტყვი რუსების შესახებ ყაზახეთში. ასეთი ვითარება გვაქვს, რაც ბიზნესის განვითარებისთვის დიდ პერსპექტივებს იძლევა.

- ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან როგორი სიტუაციაა?

— საქართველოსთან საქმე უფრო რთულად არის. სამი წელი ვიბრძოდი, რომ ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთიანი სარკინიგზო ტარიფი ყოფილიყო. ამას ახლახან მივაღწიეთ, სამი რკინიგზის ხელმძღვანელებმა სატრანსპორტო კონსორციუმს მოაწერეს ხელი, თბილისში სამჯერ ჩამოვიდა ყაზახეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი ასკარ მამინი, ამჟამად ის ქვეყნის ვიცე-პრემიერია.

- რამდენად ნაყოფიერია ქართულ ხელისუფლებასთან თქვენი თანამშრომლობა?

— ძალიან მიხარია, რომ პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გახდა, ის ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე იყო, ყაზახეთს კარგად იცნობს, არაერთხელ არის ნამყოფი, ჩვენს პრეზიდენტს შეხვდა, აფასებს ჩვენს ქვეყანას, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაგრძელებაზე დიდ იმედებს ამყარებს. ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, მიხარია რომ საქართველოს ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პირველ რიგში, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემი შეხედულებით, ის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. 

დიმიტრი ქუმსიშვილიც მომწონს, ისიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ასტანასა და ბათუმშიც. გასული წლის თებერვალში ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჯან საგინტაევი იყო ჩამოსული, ახლა კი ის პრემიერ-მინისტრი გახდა, ამიტომ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობებს შორის ძალიან კარგი კონტაქტებია, ჩვენ საქმიანი ურთიერთობები გვაქვს.

- 2016 წელს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საქონელბრუნვამ 62 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, უმეტესი წილი საქართველოდან იმპორტზე მოდის. ამ გარემოებას რით ახსნით?

— ძირითადად, საქართველოდან ყაზახეთში შედის ღვინო, მინერალური წყლები, ზოგიერთი კვების პროდუქტი. ქართველების იმპორტში პირველ ადგილს თხილი იკავებს — ევროპაში ის დიდი რაოდენობით შედის, ასევე ყაზახეთშიც — ჩვენ ბევრი საკონდიტრო ფაბრიკა გვაქვს.

ჩვენი ბიზნესმენები საქართველოთი დაინტერესებული არიან. თბილისში ყოველ წელს ქართულ-ყაზახურ ბიზნეს-ფორუმს ვატარებთ, ჩამოდიან ჩვენი ბიზნესმენები და თავის პროდუქციას სთავაზობენ. ძირითადად ეს მარცვლეულია, ქართველები ბევრ პურს მიირთმევენ, თუმცა, ჩვენ კონკურენტებიც გვყავს — რუსეთი, უკრაინა. ქართული ბაზარი კი პატარაა, ტევადია, მოსახლეობა ბევრი არ არის, ამიტომ საქონელბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით გარკვეული სირთულეები არსებობს.

თუმცა, არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელიც ბათუმის პორტით შემოგვაქვს. რადგან ფოთსა და ყულევში, ძირითადად, აზერბაიჯანელები საქმიანობენ, ამიტომ საქონელბრუნვის მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. რაც უფრო მეტი საქონელი შემოვა ქართული პორტების გავლით, მით უფრო მეტია საგადასახადო შემოსავალი და ა.შ.

- რას იტყვით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ? რამ შეიძლება დააინტერესოს ყაზახი ბიზნესმენები საქართველოში?

— ყაზახური ბიზნესი ძირითადად დაინტერესებულია საქართველოში სასტუმროების მშენებლობით, იმიტომ რომ ტურისტული ბიზნესი ძალიან რენტაბელური და მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოსთვის. ბევრი ყაზახი ბიზნესმენი მიკავშირდება და კითხულობს, სად შეიძლება სასტუმროს ასაშენებლად მიწის ყიდვა. გუშინ ველაპარაკე ყაზახეთში უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბელოვიჩს. ის ძალიან ბევრს აშენებს ასტანაში, ალმათიში — საცხოვრებელ სახლებს, დიდ შენობებს, სასტუმროებს. იგი მალე ჩამოვა საქართველოში ბაზრის შესწავლის მიზნით. სხვა ყაზახი ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი საქართველოში ქართული ჯანდაცვის რეფორმირებით არის დაკავებული, ამ სფეროშიც დიდი ინვესტიციები განხორციელდება. საერთოდ გეტყვით, რომ საქართველო — ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკაში ყაზახეთმა ფული ჩადო. არც ერთ ქვეყანაში არ ვაბანდებთ, მეზობელ ყირგიზეთსა და უზბეკეთშიც ასეთი რაოდენობის ფული არ ჩაგვიდია. 

- იმიტომ, რომ საქართველოში ჩადებული ინვესტიციები მომგებიანია?

— ერთი მხრივ, საქართველოში ფულის დაბანდება რენტაბელურია. დავუშვათ, ლიკანში სასტუმრო ავაშენეთ, რომლის დიდი წილი КазМунайГаз-ს ეკუთვნის. შეგვიძლია გავყიდოთ ეს სასტუმრო და მოგებაშიც ვიქნებით. ან მაგალითად, ბათუმის პორტი, სადაც ტერმინალები გვაქვს. მაგრამ არარენტაბელური პროექტებიც არსებობს, მაგალითად, „ყაზტრანსგაზი“. ინვესტიცია იმ დროს განვახორციელეთ, როდესაც დოლარისა და ნავთობის ბუმი იყო — 2000 წლიდან 2010 წლამდე. ყოველწლიურად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და დიდი მოგებაც მივიღეთ. შემდეგ თბილისსა და ბათუმში სასტუმრო Radisson-ი აშენდა. 

„ყაზტრანსგაზი“ კარგი პროექტი იყო, სიმშვიდე რომ ყოფილიყო. რუსული მილებით აქ ყაზახური ბუნებრივი აირის შემოყვანა შეგვეძლო. მაგრამ 2008 წელს კონფლიქტი დაიწყო და ინვესტიციები სარისკო გახდა.

- ამჟამად როგორი ვითარებაა „ყაზტრანსგაზის“ ირგვლივ? გავიგე, რომ ერთ ქართველ ბიზნესმენს შარშან მისი ყიდვა უნდოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ამჟამად ის ისევ გაყინულ მდგომარეობაშია, რადგან ყაზახურმა მხარემ იქ თითქმის 160 მილიონი აშშ დოლარი ჩადო. ეს ძალიან დიდი ფულია და ყაზახეთს სრული უფლება აქვს დაბანდებული ფულის ნაწილი მაინც დაიბრუნოს.

— მოლაპარაკებები გაიწელა, შარშან ყაზახური მხარე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოშიც კი აპირებდა სარჩელის შეტანას. მე, როგორც ელჩს, ეს არ მინდა, რადგან თუ ჩვენი ქვეყნები საქმეების გარჩევას სასამართლოებში დაიწყებენ, ეს ორმხრივ ურთიერთობებს არ გაამყარებს. ეს КазМунайГаз-ის საკითხია, ამ მიმართულებით ისინი გააგრძელებენ მუშაობას. მე კი როგორც ელჩი, გარდა იმისა, რომ მსურს, ყაზახეთმა თავისი ფულის ნაწილი დაიბრუნოს, იმაშიც ვარ დაინტერესებული, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები გამყარდეს. 

- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყაზახეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება (2016 წელს 49000 ვიზიტორი იყო). ყაზახეთში ქართველ ტურისტებზე რას იტყვით, მათ მოსაზიდად რა კეთდება?

— მეამაყება, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში, ოთხი წლის განმავლობაში, ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი რამდენჯერმე გავზარდეთ. ეს ძალიან მახარებს. ამჟამად ყაზახეთში მომთაბარულ ანუ ეკოლოგიურ ტურიზმს ვავითარებთ. ჩვენც ბევრი რამ გვაქვს სანახავი — უზარმაზარი ქვეყანაა, მსოფლიოში მეცხრე ადგილი გვიჭირავს. ტურისტების მისაღებად ყველაფერი მზად გვაქვს.

ხაზი უნდა გავუსვა, რომ საშუალოსტატისტიკური ქართველის მსყიდველობითუნარიანობა საშუალოსტატისტიკური ყაზახის მსყიდველობითუნარიანობაზე გაცილებით დაბალია. ჩვენთან ტურიზმი ბევრად ძვირია. ეს პირველი მომენტია. მეორე ის არის, რომ ქართველები, რუსებთან და ყახაზებთან შედარებით, საზღვარგარეთ გაცილებით იშვიათად მიემგზავრებიან დასასვენებლად. რა აზრი აქვს? აქ არის ზღვა, მთები, ბათუმი, ლოპოტა, აქ შესანიშნავი დროის გატარება შეიძლება და ფულიც დაგეზოგება. რა აზრი აქვს თურქეთში წასვლას, როდესაც აქ არის ზღვა, მთა და ალაზნის ველი. ტურისტები, პირველ რიგში, აქ მოდიან.

ვფიქრობ, რომ საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობა ყოველთვის მეტი იქნება, ვიდრე ყაზახეთში ქართველი ტურისტების. ეს ობიექტური ფაქტორია, ამას ვერ შეცვლი.

- წელს ოფიციალურ პირთა ვიზიტები თუ იგეგმება?

— წელს გვინდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი შედგეს, შეთანხმება უკვე არსებობს. ის Expo 2017-ის ფარგლებში მოხდება, რომელიც 28-29 ივნისს გაიხსნება, ამავე პერიოდში შედგება ყაზახეთში მარგველაშვილის ვიზიტიც. ეს პირველი მომენტია.

ქართული სამთავრობო დელეგაციაც იქნება, მაგრამ არ ვიცი, ვისი ხელმძღვანელობით. თუმცა, მთავრობაში დაგვპირდნენ, რომ Expo 2017-ში მონაწილეობას მიიღებენ. იქ საკმაოდ დიდი ქარული პავილიონიც იქნება, სადაც ქართული პროდუქცია გამოიფინება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, ამ თემაზე, ჯერჯერობით, არ გვისაუბრია. საქართველოში რეალური აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ამიტომ ასეთი ვიზიტის მომზადებას დიდი ძალისხმევა სჭირდება — არამარტო ვადების მიხედვით, არამედ შინაარსის თვალსაზრისითაც. 

- რაც შეეხება საქართველოში ყაზახეთის ოფიციალური პირების ვიზიტს?

— ჯერჯერობით, ასეთი გეგმები არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ჩვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სამი წლის განმავლობაში აქ ერთხელ არ ყოფილა, თუმცა, სომხეთში და აზერბაიჯანში იყო. გარკვეულწილად ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან უფრო მჭიდრო კონტაქტები გვაქვს — ნავთობი, ბუნებრივი აირი, სხვა მიმართულებები. ამ ვიზიტებს ხომ ტურისტული ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ასეთი ვიზიტების დროს საჭირბოროტო საკითხები უნდა წყდებოდეს. 

- წელს რომელი ერთობლივი პროექტების განხორციელება არის დაგეგმილი?

— 2014 წლის 12 ნოემბერს მაშინდელი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შედგა, კარგად მახსოვს, რომ ჩვენმა მაშინდელმა პრემიერმა კარიმ მასიმოვმა უთხრა ღარიბაშვილს — მოგვეცით საინვესტიციო პროექტების სია, ჩვენ მათ განვიხილავთ, ელჩის მეშვეობით გადმოგვეცით. წელიწადზე მეტი ველოდი, რამდენჯერმე შევახსენე კიდეც, ღარიბაშვილის მისაღებში დავრეკე, ვუთხარი, რომ ჩვენი პრემიერი ელოდება, მისი მხრიდან კი არანაირი ზარი არ ყოფილა. ყოფილ პრემიერთან ურთიერთობისას იყო ასეთი გაურკვეველი მომენტი, რომლის მიზეზი არ მესმოდა. ამიტომაც გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გახდა. რამდენჯერაც მივმართე, მან მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება. ასე რომ, ჩვენი ქვეყანა მზადაა ინვესტიციების კუთხით გააგრძელოს მუშაობა, ჩვენ გვჭირდება მკაფიო, კონკრეტული, რეალური, რენტაბელური პროექტები. ეს უკვე ქართულმა მხარემ უნდა შემოგვთავაზოს.

- წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კარტ-ბლანში გაქვთ. ქართულ-ყაზახურ რომელ გიჟურ პროექტს მოიფიქრებდით?

— კარტ-ბლანში რომ მქონოდა, ყველაზე გიჟური ქართულ-ყაზახური პროექტი, რომელიც შეიძლება განხორციელებულიყო — საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაა. რატომ არის გიჟური? იმიტომ რომ ქვეყანა, რომელსაც ნავთობი არ გააჩნია, ასეთ ქარხნებს არ აშენებს. იმავე დროს, ჩვენ, ყაზახეთში, დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, არც ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ აგვიშენებია, თუმცა ბევრი ნავთობი გვაქვს. ჩვენ საბჭოთა პერიოდში აშენებული ქარხნებით ვსარგებლობდით და მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ უნდა აგვეშენებინა ჩვენი საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რათა ბენზინი, დიზელი და სხვა ნავთობპროდუქტები რუსეთიდან არ შემოგვეტანა. ჩვენ ხომ იქიდან შემოგვაქვს და ეს არ არის ნორმალური. ამასთან დაკავშირებით ქართველ ბიზნესმენებთან მქონდა საუბარი, მათი აზრი ორად გაიყო. ზოგი ამბობს, საქართველოში შეიძლება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, ზოგი კი იძახის რომ არა. 

- გამიგია, რომ საქართველოში ნავთობის ძიებით ერთ-ერთი ბრიტანული კომპანია იყო დაკავებული…

— საქართველოში არსებობს ნავთობის მარაგი, სადღაც 30 მილიონამდე ტონა ნავთობი. ერთი კერძო ყაზახური კომპანიაც აქ ნავთობის ძიებით იყო დაკავებული.

- რამდენად წარმატებულად?

— რამდენადაც მახსოვს, 2013 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას ლიცენზია ჩამოერთვა.

- ეს რით ახსნეს?

— ეს საკითხი ბევრჯერ წამოვწიე, ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე ჩვენი პრეზიდენტიც შეეხო ამ თემას. ამ კომპანიამ რაღაც ვადებს გადააცილა და ჯარიმის სახით ნახევარი მილიონი დოლარის გადახდაც უნდოდა, მაგრამ რატომღაც ეს შეთანხმება არ შედგა. მე ასე მიმაჩნია: ჩვენ მოძმე ქვეყნები ვართ, კომპრომისის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია. იქ უკვე რამდენიმე ჭაბურღილი გაბურღეს, ახლოს მივიდნენ ამასთან.

- ანუ ნავთობი აღმოაჩინეს?

— ვფიქრობ კი. ეს უბრალოდ უნდა გავიგოთ.

- იქნებ ეს გახდა ლიცენზიის ჩამორთმევის მიზეზი?

— შესაძლოა, ამაზე არ მინდა საუბარი, მე ხომ დიპლომატი ვარ. 

- კეთილი. ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კიდევ რა პერსპექტივებს ხედავთ? 

— იცით, მიჭირს თქმა, რადგან აქ უბრალოდ ყაზახურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი კი არ უნდა შეიკრიბოს, უნდა შეიკრიბონ ადამიანები, რომლებსაც დიდი ფინანსური, საინვესტიციო სახსრები გააჩნიათ, ამ თემაზე მათ უნდა ილაპარაკონ.

ველაპარაკე ჩინეთის ელჩს, მან შემომჩივლა, რომ ავტობანს არ აძლევენ (მშენებლობის პროექტში მონაწილეობის ნებართვა — რედ.). თქვენ ავტობანს უკვე 25 წელია აშენებთ. ამ პერიოდში თბილისიდან ბათუმამდე ნამდვილად შეიძლებოდა ავტობანის აშენება, თანაც ისე, რომ ის ოთხზოლიანი ან ექვსზოლიანი ყოფილიყო, რათა თბილისიდან ბათუმამდე ორ საათში ჩასვლა შეიძლებოდეს. ეს უბრალოდ ძალზე კარგი იქნებოდა, მაგრამ არსებობს რაღაც წყალქვეშა, იდუმალი დინებები…

ყაზახეთში უმძლავრესი კომპანიები არსებობს, რომლებსაც ამ პროექტის განხორციელება შეუძლიათ, რადგან უმოკლეს ვადებში რამდენიმე მსხვილი ავტობანი ავაშენეთ. 

იგივე ეხება ქართველ მილიარდერებსაც. მათგან დიდმა ნაწილმა თავისი მილიარდები რუსეთში და სხვა ქვეყნებში იშოვეს. ზოგიერთთან ურთიერთობა მქონდა — გვარებს არ დავასახელებ. ყაზახეთში ინვესტიციების მოზიდვით ჩვენც ვართ დაინტერესებული.

ერთმა ქართველმა მილიარდერმა გულახდილად მითხრა: მოვიძიებდი საბანკო საშუალებებს, საკრედიტო ხაზებს გავხსნიდი, მაგრამ ყაზახეთში იმას, რაც მე მინდა არ მომცემენ — კაშაგანის საბადოში დიდი ხანია უკვე ამერიკელები და იტალიელები საქმიანობენ, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Agip-ი და Chevron-ი. ეს ძალზე პრობლემური საკითხია, ძალიან ხშირად შეთავაზება ქართული და ყაზახური ბიზნესის მოთხოვნას არ ემთხვევა, რადგან უფრო მსხვილი მოთამაშეები არსებობს — რუსეთი, ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი, რომელმაც ყაზახეთში ძალიან აქტიურად შეაღწია.

- კულტურის სფეროში რა კეთდება?

— ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი კულტურული კონტაქტი გვქონდა, მიმდინარე წლის მაისში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში დიდი კულტურული პროგრამის ჩატარებას ვგეგმავთ: ფოტოგამოფენით და ყახაზი მხატვრების ნამუშევრებით. რაც შეეხება ქართული ანსამბლების ჩამოსვლას, ისინი ბევრჯერ გამოსულან ყაზახეთში.

მაგალითად, ზურაბ პატარაძემ, რომელიც ყაზახეთში საქართველოს ყოფილი ელჩია და ამჟამად აჭარის მთავრობას ხელმძღვანელობს, ყაზახეთში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი იმუშავა.

ჩვენ კი საქართველოში ჩავატარეთ ყაზახური კინოს დღეები, ფოტოგამოფენა „უცნობი ყაზახეთი“ და ყაზახი მხატვრების კერძო გამოფენებიც. ასე რომ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. 


მთავარი თემები