თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე 15 თებერვლიდან ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგება. შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოაწერა.
ამ პოსტზე აბაშიძე დავით მუმლაძეს შეცვლის, რომელიც საქართველოს დიპლომატიურ მისიას ყაზახეთში 2012 წლის 1 ივლისიდან ხელმძღვანელობდა.
აბაშიძე ახლო წარსულში „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა. პარტია, რომელიც ადრე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა, წამყვანმა ფიგურებმა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემდეგ დატოვეს.