თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტის“ თანაპრეზიდენტის თანამდებობაზე უარი განაცხადა.
თავისი გადაწყვეტილება დოლიძემ დეპუტატის უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ახსნა. მალე მუშაობას ახალი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები შეუდგებიან, რომელშიც დოლიძე აღარ იქნება.
„გავლილი 4 წელი ნამდვილად დიდი საპარლამენტო გამოცდილება იყო ჩემთვის, რომლის განმავლობაშიც ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შევძელით ჩვენი ქვეყნისთვის: ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის დაწყება, საპარლამენტო კონტაქტების გაღრმავება, ასოცირების კომიტეტის დაარსება, უვიზო მიმოსვლის დასაწყებად შესაბამისი პროცედურების გატარება ევროპარლამენტში“, — დაწერა დოლიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დოლიძემ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს საქართველოს მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ახალ პარლამენტს წარმატება უსურვა.
მან აღნიშნა, რომ ახალ პარლამენტს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი მუშაობა მოუწევს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
დოლიძე საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტის“ თანაპრეზიდენტად 2015 წლის მარტში აირჩიეს.
„ევრონესტი“ პარლამენტთაშორისი ასამბლეაა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების ევროკავშირთან დაახლოებისთვის შეიქმნა.
დოლიძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების შემდეგ დატოვა. პარტიიდან წასვლის შესახებ ასევე განაცხადეს სხვა ლიდერებმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დოლიძემ, შესაძლოა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.