01:01 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (838)
64 0 0

გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც გავლენას მოახდენს საგარეო მოთხოვნის შემცირებაზე, მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკი.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება – ასეთ პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

„წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა კვლავ სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა აგვისტოში წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა თვეებთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესებას ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნის გაჯანსაღება განაპირობებს, რაც ფისკალურ სტიმულს და საკრედიტო აქტივობისა და გზავნილების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას უკავშირდება.

„საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და, წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. ამავე დროს საქონლის ექსპორტზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო და, იანვრის შემდეგ პირველად, სექტემბერში წლიურად 8.6 პროცენტით გაიზარდა. გრძელდება ფულადი გზავნილების მაღალი ზრდაც“, – აღნიშნავენ სებ-ში.

ინფლაცია კონტროლირებადია

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო თვეებში ინფლაციის დინამიკა რეგულატორის პროგნოზებს შეესაბამება.

„წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან სექტემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციასთან (3%) ახლოს იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა განაპირობებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მდგომარეობა მომავალ პერიოდებშიც შენარჩუნდება. გარდა ამისა, საყურადღებოა ასევე საგარეო მოთხოვნის შემცირება.

„კორონავირუსის გააქტიურებისა და პანდემიის გახანგრძლივების მოლოდინების ფონზე, 2021 წელს, წინა პროგნოზებთან შედარებით, გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენა უფრო ნელი ტემპით არის მოსალოდნელი, რაც საგარეო მოთხოვნაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, – ასეთ პროგნოზს დებენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.

ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 28 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, რომელიც გაცვლითი კურსის ვარდნით იყო გამოწვეული.

რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის სექტემბერ-დეკემბერში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში მარტიდან კომენდანტის საათი და კარანტინი დაწესდა. ეკონომიკური აქტიურობის წახალისების მიზნით ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან რეფინანსირების განაკვეთი სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა.

რამდენი სესხია გაცემული საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოში მთლიანობაში 6,7 მილიარდი ლარის 122,9 ათასი სესხია გაცემული. სესხების საერთო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

რატომ არის შეუძლებელი სესხებზე პროცენტების მკვეთრი დაწევა: გვენეტაძის განმარტება >>

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 ოქტომბრისთვის ქვეყანაში 2,3 მილიარდი ლარის 49,8 ათასი იპოთეკური სესხია გაცემული. მათზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 10,47%-ს შეადგენს.

რადგან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ძველ დონეზე დატოვა, შესაბამისად, უკვე აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც არ შეიცვლება.

ეროვნული ბანკი ეკონომიკაში წონასწორობას უზრუნველყოფს

ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაიამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა შეაფასა.

„პანდემიის ფონზე ძალიან რთულია დაადგინო, რამდენად ზუსტად აკეთებს დასკვნებს ცენტრალური ბანკი შექმნილ სიტუაციაში. პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდია გაურკვევლობის ფაქტორი და ეკონომიკაში მუდმივი შოკები ხდება“, – განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ამჟამად მცირდება მოთხოვნა, მაგრამ ამავე დროს მიწოდებაც მცირდება.

„მოთხოვნის შემცირება იწვევს ფასების შემცირებას სასურსათო პროდუქტებსა და მომსახურებებზე, ხოლო მიწოდების შემცირება, პირიქით, ხელს უწყობს ფასების ზრდას იმავე საქონელსა და მომსახურებაზე. ამ კონტექსტში გაურკვევლობის ფაქტორი დიდ როლს ასრულებს, ძნელია განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთების ის ოპტიმალური დონე, რომელიც ინფლაციურ-ტარგეტირებულ დონეს უზრუნველყოფს", – განაცხადა ცომაიამ.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ განაკვეთის უცვლელად დატოვებით, შეიძლება ითქვას, ეროვნული ბანკი არ ცდება, რადგან ინფლაციის დონე თანდათან მცირდება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (838)

მთავარი თემები