თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. მოსახლეობის მსყიდველობით უნარს განსაზღვრავს არა ლარის კურსი, არამედ ინფლაცია, დაწერა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.
ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნის, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და არჩევნების წინ ნეგატიური მოლოდინების გამო მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ ფასები კიდევ გაიზრდება და მალე ისინი საჭირო პროდუქტების შეძენას ვერ შეძლებენ.
„2004-2014 წლებში, როდესაც ლარის კურსი სტაბილური იყო, წლიური ინფლაცია საშუალოდ 5,6% იყო, 2015-2019 წლებში კი, როდესაც ლარი უფასურდებოდა, იგივე მაჩვენებელი უფრო ნაკლებია – 3,9%. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია აქციზის ერთჯერადი გაზრდით იყო გამოწვეული, მაშინ ეს მაჩვენებელი 3,4%-მდე მცირდება. მოსახლეობის მსყიდველობით უნარს კი, სხვა თანაბარ პირობებში, არა ეროვნული ვალუტის კურსი, არამედ ინფლაციის დონე განაპირობებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ბიზნეს-ასოციაცია: ლარის გამყარების დინამიკა საწვავზე ფასის შენარჩუნების საშუალებას იძლევა>>>
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ვალუტის მცურავი კურსი საქართველოსთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია, რამდენადაც ეკონომიკისთვის ერთგვარი ავტომატური სტაბილიზატორის როლს ასრულებს.
„მაგალითად, თუ საგარეო შოკის გამო მცირდება საექსპორტო შემოსავლები, მოქნილი გაცვლითი კურსის შემთხვევაში ეს ბუნებრივად აისახება სავალუტო ბაზარზე და კურსი უფასურდება, რის შედეგადაც იზრდება იმპორტის ფასი და, შესაბამისად, მცირდება მოთხოვნა იმპორტზე. ამავე დროს, კურსის გაუფასურება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიაფებს საქართველოში წარმოებულ საქონელსა თუ მომსახურებას და, შესაბამისად, იზრდება საგარეო მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის“, – აღნიშნავს გვენეტაძე.
გვენეტაძის თქმით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით გაცვლითი კურსის გაუფასურების შეჩერება რომ ეცადა, ამით ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის აღდგენა შეფერხდებოდა, რამდენადაც ექსპორტი ზედმეტად გაძვირდებოდა, ხოლო იმპორტი ზედმეტად გაიაფდებოდა. ეს ეკონომიკის კლებას და, შესაბამისად, უმუშევრობის ზრდას ნიშნავს. გაუარესებული სავაჭრო ბალანსი გააძლიერებდა სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ მოლოდინებს, ბანკის რეზერვები კი უსაზღვრო არ არის.
როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან
2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს მან 2019 წლის დეკემბერში მოიმატა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ინფლაციის წლიურმა დონემ კლება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნის ხელისუფლებამ 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის წასახალისებლად ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.
2020 წლის სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3,8% შეადგინა, 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში.