საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerასლარიანი კუპიურები
ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება და ის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – 8%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება რეგულატორი.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რასაც გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდი უძღოდა. გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, რომელიც გაცვლითი კურსის ვარდნით იყო გამოწვეული. რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის სექტემბერ-დეკემბერში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

იუსტიციის სახლი, რომელშიც ეროვნული ბანკი მდებარეობს - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დოლარები გაყიდა

მიმდინარე წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 4,8% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში წლიური ინფლაციის კლების ტენდენცია 2021 წელსაც შენარჩუნდება და ის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა გაურკვევლობა, რომელიც ვირუსის გავრცელების დაჩქარებასა და გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან არის დაკავშირებული. არსებული შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 9 დეკემბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0