01:58 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
120 0 0

კორონაკრიზისის პერიოდში ნასესხებ ფულს თუ გავითვალისწინებთ, მთავრობა 2020 წელს საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის.

საგარეო ვალი მთავრობის და ეროვნული ბანკის ვალია, ხოლო საშინაო - სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვალს მოიცავს.

ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, კოვიდპანდემიამდე გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ვალი 3.6 მლრდ-ით იმატებდა. შედეგად საგარეო ვალი 17.7 მილიარდს (წინა წელთან შედარებით ზრდა 2.3 მლრდ), ხოლო საშინაო ვალი 5.6 მლრდ ლარს (წინა წელთან შედარებით ზრდა 1.2 მლრდ) მიაღწევდა. მაგრამ ჯერ კოვიდპანდემიამ, შემდეგ კი ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ საქმე გაცილებით უფრო გაართულა.

რას ხმარდება ნასესხები ფული

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს ბიუჯეტში ცვლილებები, ე.წ. „ანტიკრიზისული ბიუჯეტის“ პროექტი დაამტკიცა. წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს, საიდანაც ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარია განსაზღვრული.

მთავრობის ვებ-გვერდზე წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, სახელმწიფო რესურსი ძირითადად შემდეგი მიმართულებებით დაიხარჯება:

• უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეების 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში – 450 მლნ;

• თვითდასაქმებულთა ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება – 75 მლნ;

• კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170 მლნ;

• სოციალურად დაუცველთა და შშმ პირების გარკვეული კატეგორიების დახმარება 6 თვის მანძილზე – 85 მლნ;

• საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურება და ფრენების სუბსიდირება – 45 მლნ;

• ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები – 345 მლნ;

• საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 330 მლნ;

• სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირება – 77 მლნ;

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა (მათ შორის დევნილთა სახლების გაზრდილი შესყიდვები) – 40 მლნ;

• სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 139 მლნ;

• კომერციული ბანკებისთვის ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნა – 600 მლნ.

ოპოზიციის კრიტიკა ხელისუფლებას

ქვეყნის მიერ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აღებული ვალდებულებები, წინა წლის ვალებთან ერთად, პიკურ ნიშნულს უახლოვდება. ოპოზიციის კითხვები ხარჯვის მიზნობრიობას უკავშირდება, ასევე უპასუხოა, რატომ არ გამოიყენა 3 მილიარდ ლარამდე საბიუჯეტო ნაშთი ხელისუფლებამ კრიზისის დროს. ოპონენტების ვარაუდით, თანხა ივანიშვილის გუნდმა შეგნებულად წინასაარჩევნოდ შემოინახა.

დღევანდელი მდგომარეობით მთლიანი სახელმწიფო ვალი 31,019 მლრდ ლარს შეადგენს, რაც თითოეული მოქალაქის წილად 8,3 ათასი ლარია. 2019 წელს სახელმწიფო ვალი 20,622 მლრდ ლარი იყო, ხოლო თითოეულ მოქალაქეზე 5,5 ათასი ლარი მოდიოდა. 2018-ში სახელმწიფო ვალი 17,795 მლრდ ლარი გახლდათ და თითო მოქალაქის წილად 4,7 ათასი ლარი მოდიოდა. როგორც ვხედავთ, წელს სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოლო რა მაჩვენებელი იქნება წლის ბოლოს, ეს დამოკიდებულია კიდევ რამდენს ისესხებს მთავრობა საგარეო ვალს, რომელიც დოლარშია, და ასევე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ლარის კურსი წლის ბოლოს. ყოველი პუნქტით გაუფასურებული ლარი მნიშვნელოვნად ზრდის საგარეო ვალს თითოეული მოქალაქისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, სახელმწიფომ უზარმაზარი საგარეო ვალი აიღო, რაც ქვეყანას არაფერში დასტყობია.

„არასწორი გზით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა და სად იხარჯება ეს ფული, არავინ იცის“, – ამბობს გოცირიძე.

გოცირიძემ პრემიერ გახარიას ინიციატივაც გააკრიტიკა, როდესაც მან აგვისტოს დასაწყისში სოციალური დახმარების მესამე ტალღა დააანონსა.

„მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს“, – ამბობდა გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობამ თავიდან ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა ვერ მიიღო ეს დახმარება. არჩევნების მოახლოების დროს კი ყოველგვარი ცნობის გარეშე დაიწყეს ფულის დარიგება.

„ამით ორ მიზანს აღწევენ – წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას“, – განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ეს ფული ვალად არის აღებული უცხოეთიდან და ეკუთვნის ხალხს და არაა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწყალება.

საგარეო ვალდებულებების დაფარვა

გარდა იმისა, თუ რას ხმარდება ნასესხები ფული, მნიშვნელოვანია როგორ და რა გრაფიკით მოხდება ნასესხები ვალის გასტუმრება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოს 2020 წელს კრიზისის გამო აღებული საგარეო ვალების დაფარვა მომდევნო წლიდან არ მოუწევს. მისი თქმით, საქართველო წელს სრულად მიიღებს პანდემიიდან გამომდინარე სესხად აღებულ თანხას, რომელიც $1.5 მლრდ-ია, აქედან 900 მილიონ დოლარზე მეტი უკვე რატიფიცირებულია. კაკაურიძის ვარაუდით, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში 80%-მდე იქნება ჩამორიცხული.

„რაც შეეხება ვალის დაფარვის გრაფიკს, მხოლოდ კრიზისის გამო აღებულ ვალს თუ ავიღებთ, არც ერთი ვალის დაფარვა მომდევნო წელს არ გვიწევს, იმიტომ რომ ყველას აქვს შეღავათიანი პერიოდი მინიმუმ 3 წელი, თუმცა, ზოგადად ქვეყანას ვალის დაფარვა უწევს“, – აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს საქართველოს 2.4 მილიარდ ლარამდე საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. ყველაზე დიდი წილი კი 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების დაფარვაზე მოდის.

აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რაც უფრო გაუფასურდება ლარი, მით მეტი იქნება ბიუჯეტიდან საგარეო ვალის მომსახურებაზე გადასახდელი თანხაც.

როგორც ირკვევა, 2020 წლის პირველი 6 თვის მანძილზე მთავრობამ მხოლოდ საგარეო ვალის დაფარვაზე 623 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

საგარეო ვალის სიმძიმეს ეკონომიკისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საგარეო ვალის სიმძიმე ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პარამეტრებზე ნეგატიურად აისახება და კიდევ უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობას.

„ბიუჯეტის გეგმას რომ ჩავხედოთ, დაახლოებით მეათედი მიდის ვალის მომსახურებაზე, რაც ძალიან დიდი რიცხვია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ბიუჯეტი არის ეკონომიკის დაახლოებით 30-32% და როცა ამის მეათედი ვალის მოხმარებაზე მიდის, ეს უკვე ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე ვალის მომსახურებაში დიდ თანხას იხდის თავისი გამომუშავებული ფულიდან“, – განაცხადა ხორგუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ფულს იხდის ისეთი ვალების მომსახურებაში, რაც რეალურად ვერ გამოიყენა ან მოძველდა.

„ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების დასაფინანსებლად წლების განმავლობაში მოცულობითი ვალია აღებული, მაგრამ ფული გაიფლანგა, საქმე უხარისხოდ გაკეთდა, ვალი კი ვალად დარჩა. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

გარდა იმისა, რომ ამხელა ვალი თითოეულ მოქალაქეს აზარალებს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს საკრედიტო რეიტინგს შეიძლება პრობლემა შეექმნას – შემდეგში სესხი უფრო ძვირად მოგვცენ. ამით ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გავხვდებით“, – აღნიშნა ხორგუაშვილმა.

წინა წლებს თუ გავიხსენებთ, საგარეო ვალის ზრდის ტემპი 2013 წლამდე პერიოდულად მცირდებოდა. ბოლო წლებში კი სესხის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროექტი „ბიუჯეტის მონიტორი“ აქვეყნებს სახელმწიფო ვალის დინამიკას წლების მიხედვით.

სახელმწიფო ვალი 2016 წელს 14,45 მლრდ, 2017 წელს 16,283 მლრდ, 2018 წელს 17,795 მლრდ, 2019 წელს 20,622 მლრდ ლარი იყო.

2020 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, როცა 1 დოლარი 2.33 ლარს შეესაბამება, სახელმწიფო ვალი სულ 31 019 313 066 ლარია, საიდანაც საგარეო ვალის წილად მოდის 24 533 157 613 ლარი, ხოლო საშინაო ვალი 5 966 796 000 ლარია.

რაც შეეხება მთლიანად სახელმწიფო ვალის მომსახურებას, არსებული ლარის კურსის პირობებში შემდეგი სიტუაციაა: წელს ვალდებულებების მომსახურებაზე ჯამურად 3 157 947 294 ლარია ბიუჯეტიდან გადასახდელი, ხოლო მომავალ, 2021 წელს 4 360 451 988 ლარის დაფარვა მოგვიწევს.

 

თემურ იოსელიანი

მთავარი თემები