ლაპარაკია ონლაინ-ვაჭრობაზე, როდესაც ნებისმიერ ნივთს სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეიძენთ და კურიერი შინ მოგიტანთ. საყოველთაო კარანტინის დროს ასეთი გამოსავალი დიდი შეღავათია მისთვის, ვისაც რაიმე ნივთი აუცილებლად სჭირდება.
მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Amazon-ი „ლოქდაუნის“ დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა. მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი სწორედ „ამაზონიდან“ ყიდულობდა სხვადასხვა პროდუქციას და პანდემიის ყველაზე მწვავე პერიოდში, აპრილის შუა რიცხვებში გაყიდვებმა რეკორდულ დონეს მიაღწია. მყიდველები მასობრივად შედიოდნენ ვებ-გვერდზე და გაყიდვების მოცულობამ წამში დაახლოებით 11 ათას დოლარს მიაღწია. Amazon-ის აქციების ფასი ბირჟებზე მკვეთრად გაიზარდა...
„ამაზონის“ მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ონლაინ-ვაჭრობა მნიშვნელოვანი გამოსავალი და შეღავათი აღმოჩნდა ხალხისთვის საყოველთაო კარანტინის პირობებში.
ზოგადად, საკუთარი მოსახლეობის შეღავათებზე თითქმის ყველა ქვეყანამ იზრუნა. კარანტინის პერიოდში, როდესაც ადამიანებს შემოსავალი შეუმცირდათ ან სულაც შეუწყდათ, მთავრობებმა დახმარების პროგრამები აამუშავეს. აშშ-ში, სხვა შეღავათების დაწესების გარდა, ქვეყნის თითოეულმა მოქალაქეემ 1200 დოლარი მიიღო, დიდ ბრიტანეთში მთავრობამ თითო დასაქმებულს 2500 გირვანქა სტერლინგი მისცა, ჰონკონგში ყოველ მოქალაქეს 1280 დოლარი მისცეს, გერმანიაში მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის 156 მილიარდი ევრო გამოიყო... ამ რიცხვების ფონზე რამდენად მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ხელშეწყობას – რთული სათქმელია.
ისევ ონლაინ-ვაჭრობას დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ, სტატისტიკის სამსახური არ აღრიცხავს რამდენად ხშირად იყენებენ Amazon-ის ან იგივე ჩინური გიგანტების – Alibaba-ს თუ Aliexpress-ის სერვისებს საქართველოს მოქალაქეები. ერთი შეხედვით კი აშკარაა, რომ ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში თუ მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა, საქართველოში, პირიქით, იკლებს. მიზეზები მარტივია: გარდა იმისა, რომ ხალხს შემოსავალი უმცირდება, ქართული ლარიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაუფასურებული ვალუტაა და უცხოურ ვალუტაში გასაყიდი პროდუქცია სულ უფრო ძვირი ხდება შემოსავლის ლარებში მიმღებისთვის. მაგალითად, საქართველოში კარანტინის გამოცხადებამდე, 6 მარტს 1 დოლარი 2.77 ლარი ღირდა, 27 მარტს კი 1 დოლარის ფასმა 3.48 ლარს გადააჭარბა. ანუ 21 დღეში 1 დოლარი 71 თეთრზე მეტად გაძვირდა. უცხოურ ვებ-გვერდებზე ონლაინ-ვაჭრობის შემთხვევაში კი ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან მყიდველისთვის 100-დოლარიანი ნივთი 21 დღეში 71 ლარით გაძვირდა.
კიდევ ერთი და, ბოლო წლებში მუდამ აქტუალური საკითხი, რაც საქართველოდან უცხოურ ვებ-გვერდზე პროდუქციის ყიდვას ართულებს – ქართული კანონმდებლობაა. ადრეც ვწერდით და კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ უცხოეთიდან რაიმე ნივთის ყიდვის შემთხვევაში მყიდველს სავალდებულო განბაჟება – საქონლის ღირებულების 18%-ის დამატებით გადახდა უწევს. განბაჟება არ სჭირდება მხოლოდ 300 ლარამდე ღირებულ პროდუქციას. მხოლოდ მარტის პერიოდში ლარის გაუფასურება რომ ვიანგარიშოთ, ვნახავთ, თუ 6 მარტს ნაყიდი ნივთის ღირებულება (ტრანსპორტირების ჩათვლით) 108 დოლარს არ აჭარბებდა, მას განბაჟება არ სჭირდებოდა. აი, 26 მარტს კი განბაჟების ზღვარმა უკვე 86 დოლარამდე ჩამოიწია, რადგან 300 ლარი უკვე 86 დოლარის შესაბამისი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 300-ლარიანი ზღვარი 2009 წლიდან მოქმედებს. იქამდე, 2007-2009 წლებში საფოსტო გზავნილების განბაჟების 1500-ლარიანი ლიმიტი მოქმედებდა. მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ 1500-ლარიანი ლიმიტი „არაკეთილსინდისიერ“ ბიზნესს უწყობდა ხელს, რომ პირები 1500 ლარის ფარგლებში იწერდნენ სხვადასხვა პროდუქციას, არ იბეგრებოდნენ და შემდეგ საქონელს ადგილობრივ ბაზართან შედარებით ნაკლებ ფასში ყიდდნენ, რითიც დარეგისტრირებულ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ. ამიტომ ლიმიტი 300 ლარამდე შემცირდა.
მაგრამ 2009 წელს 1 დოლარი 1.66 ლარი ღირდა. ანუ, თუ ნაყიდი ნივთი 180 დოლარზე ძვირი არ იყო, განბაჟებაც არ უწევდა. დღეს კი „ამაზონზე“, „ალიბაბაზე“, „ალიექსპრესზე“ თუ სხვა უცხოურ ონლაინ-ვაჭრობის ვებ-გვერდზე შეძენილი ნივთის ღირებულება თუ 180 დოლარს შეადგენს, ლარებში უკვე 300 ლარს კი არა, 548 ლარს შეესაბამება. შესაბამისად, ამ თანხას ემატება განბაჟების 18%, რაც 99 ლარია. საბოლოოდ კი, რაც ადრე უცხოეთიდან ყიდვის შემთხვევაში 300 ლარი ჯდებოდა, ახლა იმავე ნივთის ღირებულება 548+99=647 ლარი გამოდის. როგორც ვხედავთ, ლარის გაუფასურების გამო საქართველოდან ონლაინ-მოვაჭრე დღეს 2,2-ჯერ უფრო მეტს იხდის. სწორედ ამიტომ არაერთხელ იყო მთავრობის მიმართ მოწოდება, გაეზარდა განბაჟების ზღვარი, რათა მყიდველს მეტი შეღავათი ჰქონოდა.
ბოლო წლებში „ევროპულმა საქართველომ“ რამდენჯერმე მიმართა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ გზავნილების განბაჟების ზღვარი გაზრდილიყო. შარშან, მას შემდეგ, რაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 25 მარტს ინიციატივას მხარი დაუჭირა, 27 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტმა კომიტეტმა ინიციატივა ჩააგდო. შესაბამისად, 300-ლარიანი ზღვარი დღესაც ძალაშია.
არადა, განსაკუთრებით კორონა-კრიზისის დროს, როცა ყველა ნორმალური ქვეყანა ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმაროს, სწორი იქნებოდა საქართველოს მთავრობასაც გამოეჩინა გონიერება და 300-ლარიანი ზღვარი იმის შესაბამისად მაინც გაეზარდა, რამდენითაც სწორედ მთავრობის პოლიტიკის დამსახურებით არის ლარი გაუფასურებული. როცა ბიზნესისთვის სხვადასხვა გადასახადების შეღავათებზე მიდის ლაპარაკი, უცხოეთიდან გზავნილების მიმღებთა ხელშეწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა.
თემურ იოსელიანი