03:33 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მარია გვედაშვილის ფოტო

კაცია თუ კაცმაცუნა? ქალის თვალით დანახული ნამდვილი მამაკაცი

© Photo: Courtesy of Maria Gvedashvili
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
26330

იცით, მამაკაცებს შეუძლიათ იყვნენენ ნამდვილი გმირები, არა ომში, არა ხანძრში ბავშვის გადარჩენისას ან გაყინული მდინარიდან ამოყვანისას... ზოგჯერ სრულიად საკმარისია უბრალოდ არ მიგატოვონ...

ერთ სატელევიზიო რეპორტაჟს ვუყურე და მივხვდი, რომ ჩვენს პლანეტაზე ჩინ-მედლებს გმირობისათვის არასწორად არიგებენ...

რეპორტაჟი ოთხი ინვალიდი ბავშვის მამას ეხებოდა, იმას, თუ როგორ უმკლავდებიან ეს მამაცი მამები ასეთ არაადამიანურ ამოცანას - ყოველდღიური სამედიცინო მანიპულაციები, წამლებსა და დამატებითი შემოსავლის წყაროზე ზრუნვა... არ გეგონოთ, რომ მარტოხელა მამებზე იყო საუბარი. დიახ მათ ჰყავთ მეუღლეები, რომლებიც ასევე ცხოვრობენ ამ ყოველდღიურ პატარა ჯოჯოხეთში, მაგრამ მათ გვერდით მამაკაცები ჰყავთ, კარგი მამაკაცები... თუმცა აქ საინტერესო სხვა რამაა - ის რომ ამ ქალებზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა, თითქოს მათი ტვირთის სიმძიმე ჩვეული ამბავი იყოს - ადრეც ართმევდნენ თავს და ეხლაც გაართმევენ. აი მამაკაცები კი - გმირი ლომკაცები... და ათასობით კომპლიმენტი: „ჩვენო ძვირფასებო“, „ქედს ვიხრით თქვენს წინაშე“, „პირდაპირ ძეგლი უნდა დაგიდგან“, „თქვენზე ვლოცულოთ!“.

ლოცვა ცუდი არ არის, აი ძეგლს კი რაც შეეხება... მათ ცოლებს ხომ არ დაუდგამდით? თუ ისინი გენდერულად არიან ვალდებულნი, როგორც გუთანში შებმული ხარები, დასვენების უფლების გარეშე? და მაინც ვინ არის აქ ძლიერი სქესის წარმომადგენელი? თუნდაც ერთი პოსტი გინახავთ ძლიერ ქალზე, რომლის ქვეშაც მამაკაცების ათასობით მტირალა ღიმილაკი იქნება და კომენტარები: „შენ საოცარი ქალი ხარ“, უიშვიათესი, შენზე უნდა ლოცულობდნენ“. თუ მაინც გამოჩნდა მსგავსი კომენტარი, ის ქალის დაწერილი იქნება, რომელიც კარგად აცნობიერებს რა მდგომარეობაშია პოსტის ავტორი.

აი მამაკაცებს კი უფლება აქვთ, თუ მათი მოლოდინი არ გამართლდა, მიატოვონ და წავიდნენ. და ამისთვის მათ არავინ დასჯის, ის ხომ მამაკაცია - ძლიერი სქესი!

ის ხომ ამისთვის მზად არ იყო! ცერებრალური დამბლა უკურნებელი სენია, მას კი ჯანმრთელი ვაჟი უნდოდა. პირველ ხანებში იმედი ექნება და მხარდამხარ იბრძოლებს, მაგრამ როცა მიხვდება, რომ ეს ბრძოლა მუდმივია, არასოდეს დასრულდება, ადგება და წავა. შესაძლოა ასეც არ მოხდეს, მაგრამ ძალიან სავარაუდოა. ისევე როგორც ის, რომ ერთი ორი წლის შემდეგ ახალ ცოლთან ახალ შვილს გააჩენს და მას ყველაფერი კარგად ექნება. ახალი ცხოვრების დაწყება ხომ ასე მარტივია.  

დიახ, მამაკაცები ხშირად ირჩევენ ახალ ცხოვრებას აი ქალმა... ქალმა კი იმით უნდა იცხოვროს რაც ბედმა არგუნა, იმიტომ რომ ვალდებულია.

„მამამ ავადმყოფი ბავშვი მიატოვა“ და „დედამ ავადმყოფი ბაავშვი მიატოვა“ - გრძნობთ სხვაობას?

პირველ შემთხვევაში იტყვიან „ ვერ გაქაჩა, ძალა არ ეყო, კაცია რა ქნას“, თითქოს ძალიან სუსტ არსებაზე იყოს საუბარი, რომლისგანაც აპრიორი არავინ ელოდება გმირობას. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩასახვისას უჯრედიდან თავდაპირველად ეოიზმი ვითარდება და შემდგომ ვაჟი.

აი მეორე შემთხვევაში კი, ის დედა არაადამიანია, მიწა უნდა ეწვოდეს ფეხქვეშ, კოცონზე უნდა დაიწვას ეგ ღვთისპრისგან გავარდნილი...

პატრიარქატმა თითოეულის პოზიციის მკაცრი ფორმულირება მოახდინა - მამაკაცი ბედნიერი უნდა იყოს, ქალი კი უბრალოდ ვალდებული.

რა თქმა უნდა არიან მამაკაცები, რომელნიც ბოლო ამოსუნთქვამდე გვერდით გიდგანან, და მაშინ, ორად განაწილებული განსაცდელის ტარება ბევრად მარტივია. მაგრამ ვაი, რომ ძალიან ცოტაა ასეთი მამაკაცი. ისეთები, ვისთვისაც სიტყვა „ოჯახი“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი ეგო.

ხდება კი სხვანაირად?

იულკა მახსენდება. იულია - ჩემი ონლაინ მეგობარია. სამი წლის მანძილზე მიმოწერა გვქონდა, დროის რაღაც მონაკვეთში ერთად ვიმუშავეთ კიდეც. ძალიან კრეატიული იყო და სულ ჰქონდა თავისი, ზოგჯერ მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება მიმდინარე მოვლენებზე. სოციალურ ქსელში დღიურებს წერდა, ძალიან ჭკვიანი იყო.

ჰყავდა ქმარი და ვაჟი პირველი ქორწინებიდან - საშა 6 წლის ბიჭუნა. სწორედ ექვსი წლის იყო, როცა შეიტყვეს, რომ კიბო ჰქონდა. ბავშვის ბიოლოგიური მამა, რომელიც მანამდეც წელიწადში ერთხელ თუ ნახულობდა თავის შვილს, ამ ამბის გაგების შემდეგ საერთოდ გაქრა. ალბათ განიცდიდა ძალიან და იმიტომ...

იმ დროისათვის იულიას ქმარს მე ჩემთვის „ნამდვილ მამაკაცს“ ვუწოდებდი, დიახ სწორედ ასე. ბავშვს სამი წელი მკურნალობდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს რაც შეეძლოთ  - ოპერაციიდან დააწყებული და უშველებელი აკვარიუმით დამთავრებული, რომელიც პატარამ მაშინ მოინდომა, როცა უკვე ვეღარ დადიოდა. ყველაფერ ამაზე იულია თავის დღიურებში წერდა. მისი პოსტების წაკითხვის შემდეგ, ჩემს პატარა მძინარე სანდროსთან შევდიოდი ოთახში, გულში ვიხუტებდი და ცხარე ცრემლით ვტიროდი. იმ ღამეს, როცა საშა კვდებოდა, იულიამ დაწერა პოსტი, რომ სურდა მასთან სხვა რამეებზე ესაუბრათ, მაგალითად მოდურ ჩანთებზე. მაშინ ვიღაცამ კომენტარიც კი მისწერა - რა ჩანთები აგიტყდა სულ გააფრინეო?.. საშა აპრილში დაიღუპა.

იცით რატომ გიყვებით ამას? მთელი ამ ხნის მანძილზე, „ნამდვილი მამაკაცი“ სულ გვერდით ჰყავდა, ის ყველაფერს აკეთებდა, შოულობდა ფულს დედა-შვილისთვის, საშას ისე გაულამაზა ოთახი, როგორც მას სურდა, საავადმყოფოში ყოველდღე დაჰქონდა საჭმელი, სამსახურიდან ეთხოვებოდა იმისთვის, რომ საშასთან მთელი დღე პოკემონები ეთამაშა. საავადმყოფოდან ყოველი მორიგი გამოწერის შემდეგ იულიას აიძულებდა სილამაზის სალონში წასულიყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ იცოდა, რომ შესაძლოა გაწამებულ დედას ცოტა გული გადაეყოლებინა და გაღიმებოდა კიდეც. მშობელი მამაც კი ვერ შეძლებდა საშასთვის იმდენი გაეკეთებინა, რასაც ეს კაცი აკეთებდა და... იულიას უყვარდა, სახლში მირბოდა მისკენ თითქოს მის გარეშე სუნთქვა არ შეეძლო, მასაც ძალიან უყვარდა იულია... ჯოჯოხეთის ორნახევარი წელი და არც ერთი შეცდომა, არც ერთი წყენა, რის გამოც იულიას შეეძლო მეგობრებისთვის შეეჩივლა. როცა რემისიების პერიოდი დგებოდა, იულია საშას ეტლით მაღაზიაში ატარებდა ბაკუგანების საყიდლად, აგარაკზე, პარკში, იცინოდა და აცინება პატარას. ითხოვდა არასდროს მიეწერათ მისი პოსტისთვის „გამაგრდი“... არც ერთი ცრემლნარევი პოსტი არ ყოფილა მისგან. საშა აპრილში გარდაიცვალა...

შემდეგ კი ისინი გაიყარნენ. უეცრად, ერთ დღეში. და ზუსტად ვიცი, არა იმიტომ რომ ის არაკაცი აღმოჩნდა, არა იმიტომ რომ მას მობეზრდა - შეუძლებელია სიყვარული მოგბეზრდეს. უბრალოდ იულია შეიცვალა. მასში თითქოს ატომური რეაქტორი ჩაირთო. მან თავისთვის გადაწყვიტა რომ აზრი არ აქვს და თუ საშა აღარ არის, მას აღარავინ სჭირდება. მერე თითქოს თავის თავში კვლავ იპოვა ძალა, სახლიდან მუშაობდა, უცხო ენის შესწავლა დაიწყო, მანქანაც შეაკეთა და ძველებური კაბების მოქარგვითც დაკავდა... სუნთქვაშეკრულნი ვადევნებდით თვალს

ვერ გაუძლო, იულია ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა...

დიახ, მე ვიცი, რომ ნამდვილ მამაკაცს შეუძლია კლდედ იქცეს, მე ვხედავდი ამას, ამ ოჯახისათვის ყველაზე საშინელ პერიოდში. და თუ ქალს ზურგს უკან ეს კლდე ეგულება, მისთვის შეუძლებელი არაფერია. დიახ, ამ შემთხვევაში კიბოს უჯრედებმა სძლიეს ამ ჰიპოთეზას. მაგრამ მწამს, რომ სადღაც ზეცაში, რომელიღაც ზეციურ არქივში, აუცილებლად დევს პატარა საშას კადრები, სადაც ავადმყოფობისგან დასუსტებული ბავშვი გულიანად ხითხითებს „ნამდვილი მამაკაცის“ მოყოლილ კომიქსებზე.

მათ კი, ვინც გადაიტანა ან ეხლა გადააქვს განსაცდელი, ვინც მოიცელა, მაგრამ მაინც საყრედნად შეეხიდა თავის ოჯახს - თქვენ საუკეთესოები ხართ, რაც კი შექმნილა დედამიწაზე და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ.

ქალებო შეეშვით ჩვეულებრივი ადამიანური საქციელისათვის მამაკაცებისთვის ძეგლის დადგმას და ნუ ცდილობთ არაკაცების გამართლებას. მამაკაცებო, საიმედონო და ნამდვილნო, ნეტა რამდენნი დარჩით ამ პლანეტაზე, გთხოვთ, არ გადაშენდეთ!

 

ვალენტინა სემილეტი

 

 

 

მთავარი თემები