„ძველ თაობაში ცოცხალი ურთიერთობები იყო, ახალ თაობაში ისინი უფრო ბუტაფორიულია“

© FB / Mariam Levidzeმარიამ ლევიძე
მარიამ ლევიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „თინეიჯერი“ პერიოდულად საინტერესო ახალგაზრდებს გაცნობთ. დღეს ქუთაისელი მარიამ ლევიძის ჯერია:

მან სოციალურ ქსელებში განსხვავებული და გულწრფელი პოსტებით მიიქცია ჩვენი ყურადღება. მარიამი მედიცინას ეუფლება, ამასთან მღერის, საქველმოქმედო კონცერტებში აქტიურად მონაწილეობს და მომავალში სცენაზე ოცნებობს.

© FB / Mariam Levidzeმარიამ ლევიძე
მარიამ ლევიძე - Sputnik საქართველო
მარიამ ლევიძე

– მარიამ, იშვიათია დღეს თინეიჯერი, ვისაც საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, აშკარად გამონაკლისი ხარ…

— არასოდეს მისაუბრია საკუთარ თავზე, ყოველთვის ვერიდებოდი, მირჩევნია სხვაზე საუბარში დავიხარჯო. ახლა კი ის მომენტია, როცა მიწევს ჩემზე მოგიყვეთ. მოკლედ, მე ვარ მარიამ ლევიძე, 19 წლის, სიყვარულის ქალაქიდან. ეს ქალაქია ჩემთვის პარიზიც, ლონდონიც, ვენეციაც, პრაღაც და ლისაბონიც — ეს სავარდო და სამაისო ქუთაისია! სწორედ მან იცის ყველაფერი ჩემ შესახებ, მან ზუსტად იცის რა მიხარია, რის გამო ვწუხვარ და ვინ მიყვარს ყველაზე მეტად…

© FB / Mariam Levidzeმარიამ ლევიძე
მარიამ ლევიძე - Sputnik საქართველო
მარიამ ლევიძე

– მოდი, მაშინ მუსიკის სიყვარულზე მესაუბრე…

— დიახ, ახლა ის დროა, რომ სწორედ სიყვარულზე გესაუბროთ. გასაკვირი არ იქნება მუსიკისადმი ჩემი სიყვარული იმ ქალაქში, სადაც დები იშხნელები დაიბადნენ, სადაც მსოფლიოში ცნობილი სიმღერები „სულიკო“ და „ციცინათელა“ დაიწერა… მუსიკაა ჩემთვის სიცოცხლე, სული, რომელიც შთამაგონებს, მიბიძგებს და მაცოცხლებს. სხვების მსგავსად ღრმა ბავშვობიდან არ აღმომაჩნდა სიმღერის ნიჭი. ათი წლის ვიყავი, როცა ეს ნიჭი, რომელიც ალბათ მანამდეც იყო, გააქტიურდა. მადლობა უფალს ასეთი წყალობისთვის. მას შემდეგ ცხოვრება სხვანაირი გახდა. მუსიკა მეხმარება უთქმელი სიტყვების მელოდიით გადმოცემაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ გამოხატვის ის ფორმაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი საკუთარი თავის პოვნას ახერხებს. მუსიკა ჩემი სამყაროა.

© FB / Mariam Levidzeმარიამ ლევიძე
მარიამ ლევიძე - Sputnik საქართველო
მარიამ ლევიძე

– იმ ასაკში ხარ, როცა ხშირად არ იციან ვის უნდა ენდონ, ვინ არიან ის ადამიანები, ვის სიტყვასაც ანგარიშს უწევ?

— ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან. ოჯახი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მქონდეს უზრუნველი ცხოვრება და ვიყო ბედნიერი. დედაჩემი მოტივატორია, რომელიც ცდილობს ყველაზე ცუდშიც კი კარგი დამანახოს. მამა კი „სუპერმენია“, ადამიანი, რომელიც ყველას მასზე წინ აყენებს, მისთვის მნიშვნელოვანია არა მისი, არამედ სხვისი კეთილდღეობა. ყველა ჩემი წარმატების უკან დგას ჩემი მუსიკის პედაგოგი, შეუდარებელი ადამიანი ნანა ნაჭყებია, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო. ჩემ ირგვლივ არსებული სიკეთე დამსახურებაა იმ ადამიანების, ვინც მიყვარს…  მუსიკის გარდა გადავწყვიტე ექიმის პროფესიას დავეუფლო. დღეს ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს.

© FB / Mariam Levidzeმარიამ ლევიძე
მარიამ ლევიძე - Sputnik საქართველო
მარიამ ლევიძე

– შეგიძლია გვითხრა — რა მოგწონს და არ მოგწონს შენ თაობაში და უფროსი ასაკის ადამიანებში?

— ძველი და ახალი თაობის შეხედულებები, ინტერესები, გემოვნება და მოთხოვნილებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ძველ თაობაში სხვა სულისკვეთება იყო. წლები მიდის, მსოფლიო თანდათან ვითარდება, ტექნოლოგიები იხვეწება. თაობათა შორის განსხვავებაც გარკვეულად ამან მოიტანა. ძველ თაობაში ცოცხალი ურთიერთობები, ანუ, როგორც ჩვენ ვეძახით, ე.წ. "ლაივი" იყო მეტი. სოციალური ქსელების ბუმის დროს გაჩენილ ახალ თაობაში კი უფრო ბუტაფორიული ურთიერთობებია. კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ძველი თაობა ტრადიციების დამცველია, ისინი ცდილობენ შვილებიც ასევე აღზარდონ. თუმცა, ვფიქრობ, რომ თავისუფლებაც რაღაც დოზით საჭიროა ახალგაზრდებისთვის, მათ თვითონ უნდა აირჩიონ რა მოსწონთ და რა არა. მშობლებმა უნდა იცოდნენ მათი სურვილების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შვილისთვის უმჯობესი იქნება. ახალ თაობაში მომწონს მათი მიზანდასახულობა, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ უფრო წარმატებული იყვნენ. ბოლოს ყველას, მთელ მსოფლიოს ასეთ მესიჯს გავუგზავნიდი: მეტი სიყვარული, მეტი სითბო და ღიმილი — მხოლოდ სიკეთე შეცვლის ჩვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0