ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი: ნუ დარბიხარ, ადამიანო... გაჩერდი!

გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ნონა ხიდეშელი.

ქართველი ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. პარალელურად ატარებს ლექციებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალისტად. დღეს კი ფსიქოლოგი მკითხველისთვის ისაუბრებს თემაზე „კონფლიქტი საკუთარ თავთან“, ანუ როდის წარმოექმნება ადამიანს საკუთარ თავზე შეხედულების ერთდროულად ორი კონცეფცია — წარმოდგენა საკუთარ თავზე, როგორც ასეთზე, და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ერთგვარი იდეალური „მე".

© photo: Nona Khidesheli / FBნონა ხიდეშელი
ნონა ხიდეშელი - Sputnik საქართველო
ნონა ხიდეშელი

შინაგანი კონფლიქტი — ყველა პრობლემის სათავე

ჩვენ, ადამიანებს გამუდმებით გვეშინია იმის, რომ ვერ მიგვიღებენ ისეთებად, როგორებიც რეალურად ვართ. გვიწევს სურვილებისა და მისწრაფებების დათრგუნვა იმის შიშით, რომ ვერ გაგვიგებენ, გაგვკიცხავენ და დაგვაიგნორებენ.

უცნაურია სამყარო… ჩვენი შინაგანი ბუნება თავისუფალი, ვრცელი და ყოვლისმომცველია, ეს ქმნის ადამიანს უნიკალურს და აძლევს ძალას – ჰქონდეს უზარმაზარი შესაძლებლობები. პარალელურად არსებობს გარე სამყარო, რასაც სოციუმს ვეძახით, სადაც აკრძალვების ნუსხას კლასიკურად სტერეოტიპები განაგებს. ამ სამყაროში დომინირებენ იდეოლოგიები, ავტორიტეტები, იდეალები და როდესაც ამ ორი სამყაროს ძალის შეჯახება ხდება, ჩნდება ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები, შინაგანი კონფლიქტი, ანუ ადამიანის გაორებული ბუნება.

ადამიანს, ერთი მხრივ, უნდა, რომ იყოს „კარგი" და, მეორე მხრივ — დარჩეს ის, ვინც არის.

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
„ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!”

ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო

ადამიანი თავს ბედნიერად იქ გრძნობს, სადაც საშუალება აქვს მიიღოს თავისი თავი ისეთი, როგორიც არის. როგორც კი იწყება ბრძოლა იმისთვის, „ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო“, ჩნდება უფსკრული, რომელიც გამუდმებით გასდევს კაცობრიობის ისტორიას.

მთელი სამყარო ხომ გაორებაზე დგას და გაორებას ოჯახშიც კი ვხვდებით. პირველ რიგში ოჯახი გაგრძნობინებს: თუ იქნები განსხვავებული — არ მიგიღებენ. როცა ბავშვი ხარ, ყველაფერი დასაშვებია – დაამტვრევ, მოთხუპნული ხარ თუ არ ჩაიცვამ, ამაზე არავინ გაკრიტიკებს. როგორც კი წამოიზრდები, მშობლები ვიწყებთ ისეთი პიროვნების ფორმირებას, როგორ სოციუმშიც უკვე ჩვენ ვართ დამკვიდრებული. პირველად სწორედ რომ მშობელი გვეუბნება ფრაზებს: „ჩემმა შვილმა ეს როგორ უნდა გააკეთოს, მე სხვის ბავშვებს დავცინი, ამას რომ აკეთებენ“, „რაში მჭირდები ასეთი“, „ასეთს ვერ მიგიღებ, სირცხვილია“. ამ დროს ცნობიერებას უჭირს ლავირება, და სადაც ცნობიერებას არ შეუძლია ლავირება, იქ ყველაფერი ხელშეუხებლად მიდის ქვეცნობიერში. ბავშვი ჩვეულებრივი მსხვერპლია ამ აღზრდისა. სიტყვები კი, ისევე, როგორც სხვა ყველა დანარჩენი, ბავშვობის წლებში და შემდგომ ჩვენში ილექება… ფროიდის აზრით, ნევროზი არის სურვილებისა და შესაძლებლობების შეუსაბამობა. რადგან ადამიანს არ შეუძლია თავისი ლიბიდოს ჩახშობა, ამ კონფლიქტის მდგომარებაში მეტ-ნაკლებად მუდამ ვიმყოფებით.

დიმიტრი უზნაძე - Sputnik საქართველო
დიმიტრი უზნაძე: ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები გახლავართ

სად ავცდით საკუთარ თავს

სად იყავით ბოლოს ბედნიერები? ალბათ ბავშვობაში. შემდეგ რა მოხდა, რა დაინგრა, რატომ მივტირით ბავშვობას, ნუთუ ის მოგვწონს, ცხვირმოუხოცავები რომ დავრბოდით?.. არა, ჩვენ ის თავისუფლება მოგვწონს, რაც პატარაობაში გვქონდა – სტერეოტიპების, კონკურენციის, სიბოროტის გარეშე. არ ვიცოდით, რა იყო მახინჯი, მდიდარი და ღარიბი, შეგვეძლო ერთი ქვით გვეთამაშა და ბედნიერები ვყოფილიყავით. აქ დაიკარგა ადამიანი… როცა მან გადაწყვიტა ხელოვნურად აეშენებინა მისი ცხოვრება და დაკარგა სიყვარული, სითბო და გაგება საკუთარი თავის. ჩვენ შიგნით გამუდმებით მოძრაობს უზარმაზარი ოკეანე, და რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მდორე ხდება ეს ოკეანე; მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგანად გახდა ადამიანი სტერეოტიპების, ჭაობის მსხვერპლი, რასაც ეგოიზმი კეტავს. ამ შემთხვევაში ეგოიზმია — „თუ მე არ მეხება, თითსაც არ გავანძრევ“, და ჩვენ გვავიწყდება, რომ ვანგრევთ ერთ დიდ მთლიანობას, რადგან, მოგვწონს თუ არა, ჩვენი ბედნიერება ენერგეტიკულად გადაბმულია ერთმანეთთან, ჩვენ კი ვანგრევთ ერთ მთავარ სხეულს, რასაც სამყაროს მთლიანობა ჰქვია.

მარკუს ავრელიუსის ქანდაკება - Sputnik საქართველო
სპექტაკლი ყველგან ერთი და იგივეა, იცვლებიან მხოლოდ მსახიობები...

პრობლემის დანახვა და გაცნობიერება უკვე ტრანსფორმაციაა

ამ სამყაროში მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ დოღია – დაბადებიდან მუდამ გავრბივართ, ოღონდ არ ვიცით სად. ზოგი ფიქრობს, რომ ბედნიერებისკენ, წარმატებისკენ, ჭეშმარიტებისკენ, ან იქით, ვინც გვინდა, რომ გავხდეთ. გავრბივართ და ისევ ჩვენი თავი მოგვდევს. საბოლოოდ კი აღმოვაჩენთ, რომ ისევ უკმაყოფილო ვართ ჩვენი თავით. ჯიდუ კრიშნამურტი ერთი ლეგენდის მიხედვით გვიყვება: პატარა ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდოდა ჭეშმარიტება შეეცნო, სახლიდან წავიდა და მთელი სამყარო მოიარა, დაეუფლა მედიტაციას, უმაღლეს იოგას, სუნთქვის შეკავებას, შეიცნო ყველა რელიგია, იცხოვრა ყველაფრის გარეშე, სექსის და ყველა სიამოვნების გარეშე. მოხუცდა და სახლში დაბრუნდა, გააღო კარი და ხედავს, რომ ჭეშმარიტება მის წინ იყო…

თქვენ იტყვით, ის რომ არ წასულიყო, ყველაფერი რომ არ ენახა, ამას ვერ დაინახავდაო. ეს გონების ეშმაკური თამაშებია. ლეგენდის მთელი ხიბლი ისაა, რომ ჭეშმარიტებას ვერ იპოვი, ვერ აღმოაჩენ, ის მხოლოდ მათთვის არსებობს, ვინც მას ხედავს, რომ ჭეშმარიტებას დროსთან არავითარი კავშირი არ აქვს.

სპარსული ხელოვნების ნიმუში - Sputnik საქართველო
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...

პრობლემა ისაა, რომ ადამიანი მუდამ ეძებდა რაღაც დიადს, საკრალურს, ღვთაებრივს. ამისთვის იტანჯებოდა, იბრძოდა, ყველა სიამოვნებაზე უარს ამბობდა, მაგრამ მაინც ვერაფერს პოულობდა… და თუ ერთ მშვენიერ დღეს ვინმემ კარი შემოაღო და გითხრათ, მე მოგცემთ ჭეშმარიტებასო და თქვენ ეს დაიჯერეთ, იქ დაიკარგებით… არასდროს არაფერი სთხოვოთ არავის, არავის აქვს ის, რაც თქვენ გინდათ, ამას ვერავინ მოგცემთ, ეს ყველაფერი თქვენ ხართ!

ამ ბრძოლაში აუცილებელია შესვენება აიღო, ერთხელ გაჩერდე და დასვა კითხვა „რა ხდება ჩემს თავს?“, რათა მომავალშიც ცხოვრებამ გვერდით არ ჩაგიაროს და დაფიქრდე – ვინ ხარ, რას ფარავ, როდის თამაშობ და რას ეძებ. დოღში ჩართულ განპირობებულ გონებას კი ამის გაანალიზება არ შეუძლია. როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, „ჯერ უნდა ჩაიხედო სარკეში და შემდეგ აუცილებლად გული აირიო რაღაცებზე“.

ადრე კარგი წიგნის ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა მიყვარდა, დღეს კი შესაძლოა თვეები ერთ აბზაცზე გავჩერდე. ზუსტად ეს გვჭირდება: გავჩერდეთ და განვლილი გავაანალიზოთ, გვქონდეს რეფლექსი და ახალ ინფორმაციას აღარ დავუწყოთ ძებნა.

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

შობის მადლი

სამყაროს გადახედეთ და მიხვდებით „შესვენების“ გარეშე ადამიანი სადამდეა მისული: სრულ ქაოსამდე, ნევროზამდე და გამუდმებით არ ასვენებს აღმატებულობის განცდა… არაფერს მოგიტანთ ახალი წელი, იმავე ჭაობში დარჩებით, თუ არ დაფიქრდებით და პრინციპულად არ შეცვლით ცნობიერებას.

ათასობით წელია შობას აღვნიშნავთ და რეალურად ვერც კი ვხვდებით დანიშნულებას. შობა ყველაში უნდა მოხდეს, ეს დაძლევაა იმისა, თუ ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო. მიიღე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ და დასჯერდი, რაც გაგაჩნია, რა უნარიც გაქვს და ნუ დარბიხარ ადამიანო, მიჰყევი შენ ცხოვრებას… შენ გზას… გაჩერდი!


ესაუბრა შოთა ნოზაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0