იმპერატორი კეისარი მარკუს ავრელიუს ანტონინუს ავგუსტუსი – დასავლური ცივილიზაციის განათლებული მონარქი. რომის იმპერიას მართავდა 161–180 წლებში. იგი იყო უდიდესი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე.
მარკუს ავრელიუსი ძალაუფლებას განიხილავდა არა როგორც მესიანისტურ დანიშნულებას ან თვითგანდიდების საშუალებას, არამედ როგორც მძიმე ტვირთსა და მოვალეობას. ის აფასებდა პიროვნების ინდივიდუალურ ღირსებებს, განსწავლულობას, პატიოსნებას, კეთილშობილებას. ავრელიუსმა საიმპერატორო კარზე დააწინაურა ფილოსოფოსები, რითიც გვაროვნული არისტოკრატია ჩანაცვლა ინტელექტუალური არისტოკრატიით.
მარკუს ავრელიუსმა ხალხის გულწრფელი სიყვარული მოიპოვა. სიკვდილის შემოდგომ სენატმა და რომაელმა ხალხმა იგი „კეთილმოწყალე ღმერთად“ აღიარა.
• ხშირად უსამართლობას ჩადის არა მარტო მოქმედი, არამედ უქმად მყოფიც.
• მოიკვეთე წარმოდგენა; დაიოკე სწრაფვა; დაიურვე ვნება; მისდიე მხოლოდ შენს წარმმართველ საწყისს.
• მხოლოდ გონიერი არსებანი აღარ ისწრაფვიან ერთმანეთისკენ, მხოლოდ მათ შორის აღარ სუფევს ერთსულოვნება. მაგრამ როგორც არ უნდა გაურბოდნენ ისინი ამ ერთიანობას, მაინც ვერსად წაუვლენ მას, რადგან ბუნება უფრო ძლიერია მათზე.
• დღეს მე განვერიდე ყოველგვარ საფრთხეს, ან, უფრო უკეთ, თვითონვე განვირიდე იგი, რადგან საფრთხე ჩემ გარეთ როდი იყო, არამედ თვითონ ჩემში, ჩემსავ წარმოდგენაში.
• მორჩი მთელ ამ ამაოებას, მითქმა–მოთქმასა და მანჭვა–გრეხას. რა გაშფოთებს? რა არის აქ უჩვეულო და უცნაური? რას გამოჰყავხარ გარეთ შენი სიმარტოვიდან? მიზეზობრივ საწყისს? – ჩასწვდი მის სიღრმეს. თუ მატერიას? – განჭვრიტე მისი არსი. რადგან ეს ორია ყველაფერი და მათ გარეშე არა არის რა ქვეყნად… დროა უფრო უბრალო გულით და უბიწო სულით მიექცე ღმერთების მიმართ.
• სულერთია, ას წელს უჭვრეტ ერთსა და იმავე სპექტაკლს თუ სამად სამი წელი.
• ვინაცა სცოდა, იგივე იმკის შეცოდების ნაყოფს, მაგრამ იქნებ არც შეუცოდავს.
• ნურასოდეს დაივიწყებ, რომ რაც იყო, იგივე არის, და რაც არის, იგივე იქნება მარად. მიიქეც მთელი დრამებისა თუ ცალკეული სცენების ჭვრეტად, რომელთაც პირადი ცდითა თუ მემატიანეთა გადმოცემით იცნობ; წარმოიდგინე, მაგალითად, ჰადრიანეს, ანტონინუსის, ფილიპეს, ალექსანდრესა თუ კრეზუსის სასახლის კარნი: სპექტაკლი ყველგან ერთი და იგივეა, იცვლებიან მხოლოდ მსახიობები.
• შეეჩვიე შესაძლებლად მიჩვევას მისას, რაც შეუძლებლად გიჩანს. მარცხენა ხელს, რომელიც საერთოდ, გაცილებით სუსტია მარჯვენაზე, მხოლოდ იმიტომ უჭირავს სადავე უფრო მტკიცედ, რომ ის ჩვეულია ამას.
• პრინციპთა ხმარებისას მოკრივეს უნდა ჰგავდე და არა გლადიატორს. მართლაც, საკმარისია ამ უკანასკნელს ხელიდან გააგდებინო მახვილი, რომლითაც იბრძვის და მას ვეღარაფერი იხსნის სიკვდილისგან მაშინ, როდესაც პირველს მუდამ თანა აქვს საკუთარი ხელები და ამიტომაც არ სჭირდება სხვა არაფერი, მათი დამუშტვის გარდა.
• შეუძლებელია წარსულის წართმევა, რადგან იგი უკვე აღარაა და მომავლის, რადგან ის ჯერ არ დამდგარა.