სიბრძნის სიმფონია: სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის

© photo: Sputnik / რია ნოვოსტი / გადასვლა მედიაბანკშიქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია
ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
"სიბრძნის სიმფონია" დღეს დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას (1893-1975) ფრაზებს წარმოგიდგენთ მისი რომანიდან "დავით აღმაშენებელი".

• მახვილის ამოღება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ძლევამოსილად ჩაგება მისი. ომი მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მეფემ, როცა მის მიერ ამოწვდილი მახვილი სამ რამეს მოუტანს მის ხალხს: თავისუფლებას, მიწას და ოქროს.

• მარტოხელა კაცი თავის სიბრძნეშიაც შლეგია.

კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია

• ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამ ქვეყნად.

• არავინაა კაცთა შორის გარეწარი ისეთი, რომლის მოთვინიერება არ შეეძლოს სიკეთესა და სათნოებას.

• სიყვარულს იქვე უთესია, სადაც სიძულვილს ყანა მოუმკია ხოლმე.

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე - Sputnik საქართველო
"სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე

• ყოველი ცუნდრუკა საკუთარ ძალას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე თუნდაც მასზე გამარჯვებულ მოპირდაპირის ღონეს.

• მოულოდნელი ამბავი კუხე ნაყოფსა ჰგავს, ხოლო მოსალოდნელი გადამწიფებულს, ერთს თუ სარეჯგვავით ძლივს ჩამოაგდებ, მეორეს სულ მცირეოდენი შერხევა სჭირია ტოტისა და თავზე დაგეცემა უმალვე.

• არაერთხელ მომხდარა იგიცა, ბრძენთა ყოყმანის მეოხებით დათმობილნი ციხენი თვალის დაფახულებაზე აუღიათ შმაგებს, რადგან სიშმაგე თავზე ხელაღების შედეგია, ხოლო სიბრძნე — საკუთარი თავის ან სახელმწიფოს გაფრთხილებისა.

კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია

• ყივის მამალი, აღვიძებს ქარავანს და ლომებიც კრთებიან მამლის ყივილზე. აგრე ჰგონიათ: მათზე უძლიერესიაო მამალი. რადგან ყველაზე ძლიერი შესაძლოა ყველაზე გაუფრთხილებელიც იყოს.

• ბრძენსაც მოერევა ხოლმე თავში შეუწონელი აზრიცა, მაგრამ საჭიროა არა მარტო ასეთი აზრის არგამხელა, არამედ სიბრძნის შეფარვაც უცილოა ზოგჯერ.

• უდიდეს გმირსაც შეეშინდება ხანდახან, მაგრამ შიშის მიჩქმალვაშიაც გმირობაა.

• ობობას ქსელზე უფრო ფაქიზი და სუსტი ქსოვილი ჯერ არც ერთ დიაცს ხომ არ მოუქსოვია ამ ქვეყნად, მაგრამ ორიოდე ფარასანგის მანძილზე გარდიგარდმო რომ გააბათ იგი, კამეჩსაც წააქცევს.

მხედარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ყოველი საქმე – ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი...

• არავინაა მუდამ გმირი ამ ქვეყნად და არცთუ არვინ ისეთი ძაბუნი, თუნდაც ერთხელ სიმამაცე არ გამოეჩინოს.

• ბულბულის ტკბილხმოვანება არწივისთვის რომ მიეცა ღმერთს, ფრინველთა მეფე ხომ ვერ იქნებოდა ეგზომ მძვინვარე და შეუპოვარი. რადგან სინაზე და სიძლიერე ერთ ხალთაში ჯერ არასდროს დატეულან.

• გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა ისევე სააუგოა, როგორც წრეგადასული სიძუნწე. ვინც სულიერ სიცარიელეს განიცდის, იგი სტუმრიანობას ნატრობსო ნიადაგ.

• როცა რომელიმე ქვეყანაში სტუმრები მასპინძლებზე მეტი აღმოჩნდებიან, სტუმრები მასპინძლებად იქცევიანო. ცხადია: განა მარტო ომით ხდება დაპყრობა, მოხშირებული სტუმრიანობითაც.

კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია

• ლამაზებსა და თავმოთნეებს ერთ რამეს აკლებს არსთაგანმრიგე: სახელდობრ ჭკუას.

• ლამაზებსა და მამაცებს ერთ რამეს აკლებს ღმერთი: სიფრთხილეს. ცნობილია: ლომები და ვეფხვები უფრო მეტად გაუფრთხილებელნი არიან, ვიდრე ვირთხები და თრითინები.

• მაინცა და მაინც ნუ მიეძალები ჭკუის შემატებას. ჭკვიანი და ბედნიერი მე ცოტა მინახავს, პირიქით, უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში.

კონსტანტინე გამსახურდია
კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო
კონსტანტინე გამსახურდია

• არაფერი ისე არ ამშვენებს ცხოვრებას, როგორც სიკვდილთან თამაში.

• სიყვარული სხვა არაფერია თუ არა — ვერშეწვდომა.

 

ყველა ახალი ამბავი
0