დიმიტრი უზნაძე: ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები გახლავართ

© National Libraryდიმიტრი უზნაძე
დიმიტრი უზნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიმიტრი უზნაძე - მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – განწყობის თეორიის შემქმნელი

დიმიტრი უზნაძე (1886-1950) — დიდი ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დიმიტრი უზნაძე არის მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – განწყობის თეორიის შემქმნელი. უზნაძის სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე, მისი ნაშრომები ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.

კარლ იუნგი - Sputnik საქართველო
„ნორმალური" და „არანორმალური", ბავშვის ტვირთი და სევდიანი სიმართლე...

მეცნიერის კვლევის სფერო მრავალფეროვანი იყო. იგი იკვლევდა ზოგადი ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებს — აღქმის, წარმოდგენის, ყურადღების, აზროვნების, ნებისყოფის, მეტყველების პრობლემებს. ასევე ბავშვის, პიროვნების ფსიქოლოგიის საკითხებს.

დიმიტრი უზნაძეა საქართველოში შრომის ფსიქოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი.

უზნაძე ასევე არის არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი, რომლებზეც ქართველ ფსიქოლოგთა მრავალი თაობა აღიზარდა. გარდა ამისა, მას დიდი როლი აქვს შეტანილი ქართული ფილოსოფიური სკოლის განვითარებაში; აქვს მრავალი ნაშრომი სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.

წელს დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 131 წელი სრულდება.

დიმიტრი უზნაძე ინდივიდუალობასა და მის გენეზისზე და მისი ფილოსოფიური საუბრები — სიკვდილი (ამონარიდები):

• ადამიანი ერთს არსებულს ორად აპობს და ორ ნაწილს შორის წყვდიადის უფსკრულსა სთხრის. ერთი მხრივ იგი თავის მეს აყენებს, მეორე მხრივ კი — მთელ დანარჩენ არსებობას, მთელ, მის პირდაპირ მდგომ მსოფლიოს… ადამიანი, ამ მსოფლიოს ორად გაპობის შემდეგ მთელ თავის ძალას, მთელ თავის ენერგიას იქითკენ მიმართავს, რომ მისგანვე ამოთხრილი უფსკრული თვითვე ამოავსოს, ან ხიდი გასდოს ამ უფსკრულზე და ის, პირდაპირ მდგომი მეორე მხარე, გარეშე მსოფლიო, ახლა მას დაშორებული, დაიახლოვოს, მას შეუერთდეს, იგი შეითვისოს. და ეს შეუჩერებელი მისწრაფება, ეს მარადიული მოთქმა ნებით დაკარგული ნახევრისთვის აუცილებლად მჟღავნდება ადამიანის შემეცნებით მიდრეკილებაში.

დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა

• … სიკვდილი აძლევს დასაბამს უკვდავების იდეას… რელიგია, მარადიული მისწრაფება, სიკვდილმა წარმოშვა. ამიტომაცაა, რომ ყოფნა-არყოფნის პრობლემა განსაკუთრებული ძლიერებით არის ჩაქარგული რელიგიური მსოფლმხედველობის ყოველ ნაქსოვში. ქრისტიანობა სწორედ ისეთი რელიგიაა, რომელმაც მარტოდმარტო შეძლო სიკვდილის ძლევა და მის ნანგრევებზე უკვდავი არსებობის კოშკის აღმართვა. მან სააქიოს, დროულ ცხოვრებას, საიქიო დაუპირისპირა, ხოლო ეს საიქიო აბსოლუტური არსებობისა და უკვდავების კვარცხლბეკზე აამაღლა… ამით ქრისტიანობამ მიწიერი, დროული ცხოვრება საიქიო, უკვდავ ცხოვრებას დაუქვემდებარა და ამით სიკვდილს სძლია…

• სიკვდილი თვით სიცოცხლეში მარხია; იწყება თუ არა სიცოცხლე, იწყება იგიც და მასთან ერთად წინ მიილტვის…

• ყველასთვის აშკარაა, რომ ყოველი მოვლენა ერთგვარ საზღვარში ხდება — და, აი, სწორედ ეს საზღვარია, რომ მას განსაკუთრებულ სახეს, თავისებურ ფორმას აძლევს…

• … ცხოვრების საზღვარი კი სიკვდილია, მაშასადამე — იგი მისი ფორმაა. როგორც ასეთი, იგი არ არის უკანასკნელი წუთი სიცოცხლისა. იგი მთელ ჩვენს ცხოვრებას თან სდევს — და სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ იგი მას საზღვრავს, ფორმას აძლევს… ზიმელი ფიქრობს, თითქოს ადამიანის ცხოვრებას თვით სიკვდილის ფაქტი აძლევს ფორმას. ჩემი შეხედულებით, ეს შეცდომაა. ადამიანის ცხოვრება მისი სულის ყოფა-ცხოვრებაა. გარეგანი ფაქტით კი სულის განსაზღვრა წარმოუდგენელი და გაუგებარია. სიკვდილი იდეაა და მხოლოდ როგორც ასეთს შეუძლია მას სიცოცხლის განსაზღვრა და მისთვის თავისებური ფორმის მიცემა.

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

• … რომ სიკვდილის იდეა არ ყოფილიყო, მთელი ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური ორგანიზაცია უფორმო მასის მდგომარეობას არ გასცილდებოდა, ის საკვირველი ფსიქიკური და ფიზიკური შეგუება ბუნების იდუმალ ძალებთან, რომელიც დამახასიათებელია ადამიანისათვის, სრულებით უცხო იქნებოდა ჩვენთვის. დიახ, მთელი ჩვენი ცხოვრების ფორმა, სახე სიკვდილმა წარმოშვა… სიკვდილი ამიტომ, როგორც იდეა, უდიდესი ბოროტება კი არა, უდიდესი სიკეთეა.

• ვისთვისაც ძვირფასია ცხოვრება, როგორც ასეთი, მისთვის სიკვდილიც ძვირფასი უნდა იყოს. ვინც იმით ამაყობს, რომ იგი ერთუჯრედიანს, უკვდავ პროტოპლაზმას არ წარმოადგენს, რომ იგი მსოფლიო ცხოვრების ერთგვარი გამოხატულებაა, იგი სიკვდილს უნდა უმადლოდეს.

• დიახ, სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა.

• მაშ, ცხოვრება და სიცოცხლე ერთი და იგივე არ ყოფილა.

დიმიტრი უზნაძე: "რა აკლია ქართველს?"

…დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.

გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე - Sputnik საქართველო
"სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე

მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.

აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.

 

ყველა ახალი ამბავი
0