როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერება ოჯახში

CC BY 2.0 / Anna Pruzhevskaya / Familyშვილები და მშობლები
შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ადამიანმა აზროვნება დაიწყო, გაუჩნდა უამრავი კითხვა და, შესაბამისად, თავსატეხიც, რომ ამ კითხვებზე პასუხები მოეძებნა. ევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელიც სწორედ ეს არის. პირველი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს დავუსვით (მილიონობით წლის წინ), იყო „რატომ?“, ამას მოჰყვა „როგორ?“

კაცთა მოდგმის განვითარებამ კითხვებიც გაამრავალფეროვნა, იქამდე მივედით, რომ „ყოფნა—არყოფნის“ პრობლემაზეც დავფიქრდით. ვითარება არც დღეს შეცვლილა, როგორც წესი, პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს და ეს ნორმალურია. თუმცა, არსებობს საკითხები, რომელთა ამოხსნის წინაშე თითქმის ყველა ჩვენგანი დამდგარა და ყოველთვის სწორ გზას რომ ვერ ვირჩევთ, შესაბამის შედეგებსაც ვიმკით. მოდით, ვცადოთ პასუხი გავცეთ ამგვარ შეკითხვას:

როგორ შევინარჩუნოთ ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში?

თუ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებს დავუჯერებთ, ამისთვის სულ რაღაც ხუთი პუნქტი უნდა შევასრულოთ – ვენდოთ პარტნიორს, პოზიტიურად შევხედოთ მოვლენებს, ვიყოთ ყოველთვის გულწრფელი, თანაბრად გავინაწილოთ ყოფითი პრობლემები და არ ვთქვათ უარი ინტიმურ ურთიერთობაზე. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ მგონია, ასე მარტივად იყოს საქმე. ოჯახური კონფლიქტისა და განქორწინებების ძირითად მიზეზად მეუღლეთა ფსიქო-სექსუალურ შეუთავსებლობას ასახელებენ, არანაკლებ მწვავეა პიროვნული ღირსების გრძნობის უპატივცემულობა, ყურადღების, მზრუნველობის ნაკლებობა ან არარსებობა. კონფლიქტური ურთიერთობის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის განვითარების გარკვეული ეტაპები, რომლებსაც ფსიქოლოგები კრიზისულ პერიოდებს უწოდებენ.

წყვილი - Sputnik საქართველო
ძლიერი ქორწინების საფუძველი, ანუ ბუნებისგან ბოძებული ინსტიქტი

კრიზისული წლები მართლაც არსებობს. კრიზისი ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება. ის, გარკვეულწილად, განვითარების ეტაპია. ადამიანი ან ოჯახი, რომელიც წარმატებით გადალახავს კრიზისს, უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, ვიდრე მანამდე იყო.

პირველი პერიოდი ქორწინების პირველივე წელს იწყება და ხასიათდება მეუღლეთა ურთიერთდაპირისპირების პრობლემებით. ამ დროს ორი „მე” ხდება „ჩვენ”. ევოლუციას განიცდის გრძნობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება ემოციური საფარველი და მეუღლეები ერთმანეთის პირისპირ ისეთებად წარდგებიან, როგორებიც სინამდვილეში არიან. ამ დროს არ სცადოთ პარტნიორის გადაკეთება – ეს აუცილებლად მარცხით დამთავრდება. გამაღიზიანებელი წვრილმანები მუდამ იარსებებს, მაგრამ უნდა შეეცადოთ მათ ყურადღება არ მიაქციოთ.

ქორწინება - Sputnik საქართველო
Sputnik-ის გამოკითხვა: ქორწინებისთვის მატერიალურად და მორალურად მომწიფებაა საჭირო

მეორე მტკივნეული პერიოდი შვილის გაჩენის პერიოდს ემთხვევა. ამ კრიზისს საფუძვლად უდევს ბავშვის მოვლით გამოწვეული მეუღლეთა გადაღლილობა (უფრო ხშირად დედის) და ამის გამო მეუღლისადმი უყურადღებობა და ინტიმური ურთიერთობის გაუარესება, ოჯახის წევრთა შეუთანხმებლობა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში.

მესამე კრიზისული პერიოდი ერთფეროვნებას უკავშირდება, ერთფეროვანი შთაბეჭდილებების მრავალჯერ განმეორების შედეგად მეუღლეებს შეიძლება გაუჩნდეთ მობეზრების გრძნობა და დადგეს ახალი შთაბეჭდილებების ძიების ეტაპი.

მეოთხე პერიოდი დგება ერთობლივი ცხოვრების 15-20 წლის შემდეგ, რაც ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის მოახლოებას, ამას აძლიერებს შვილების მიერ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება და ამით გამოწვეული მარტოობის განცდა.

ქალი - Sputnik საქართველო
იდეალურობის საფასური: კარგი ცოლი, ცუდი ცოლი, ბედნიერი ქალი

თუ აქ მოცემულ მაგალითებს დაეთანხმებით, შეგვიძლია დავუშვათ, რომ გვაქვს პასუხი კითხვაზე „რატომ?“. ახლა შევეცადოთ ამოვხსნათ მეორე მთავარი — „როგორ?“.

გარკვეული პასუხები ამაზე ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა უკვე მოგვცეს (იხ. ზემოთ), ამას  დავუმატოთ რამდენიმე მარტივი და ყველასთვის ცნობილი შეგონება (მოგეხსენებათ, გამეორება ცოდნის დედაა):

პატივი ეცით მეუღლეს, გახსოვდეთ, რომ ის არის თქვენი უახლოესი ადამიანი და თქვენი შვილების მშობელი.

არ მისცეთ ერთმანეთს შენიშვნა სხვა ადამიანების თანდასწრებით.

გამორიცხეთ ბრალდებები ინტიმური სფეროდან, რადგან ისინი ძნელად ეძლევა დავიწყებას.

წყვილი - Sputnik საქართველო
ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი

არასოდეს განაზოგადოთ მეუღლის ნაკლოვანებები, განიხილეთ მხოლოდ კონკრეტული საქციელი კონკრეტულ სიტუაციაში. ნუ მიიჩნევთ, რომ ყველაფერში მართალი ხართ.

შეეცადეთ ზოგჯერ დაისვენოთ ერთმანეთისგან, რაც ემოციური მობეზრების განცდას მოგიხსნით.

რა თქმა უნდა, არ მაქვს პრეტენზია, რომ ოჯახის ბედნიერების ფორმულა მოვიგონე, თუმცა, დიდად არც უნდა ვცდებოდე. თავი და თავი მაინც სიყვარულია, რომლის ზუსტი განმარტება მე კი არა, გენიოსებმა ვერ შეძლეს, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია: სიყვარული კოცონს ჰგავს, თუ ფიჩხს მოაკლებ, მინავლდება და იქნებ ჩაქრეს კიდეც, ამიტომ ყველაზე მთავარია ამ მოგიზგიზე ალს გავუფრთხილდეთ. და, კიდევ ერთი შეგონება:

წარუმატებელი ქორწინება ორი ადამიანის შეცდომაა, წარმატებული კი – ორივეს მიღწევა!

 

ყველა ახალი ამბავი
0