ამგვარი თავისუფალი ასოციაციები ადამიანის არაცნობიერში არსებულ ხატებს ზუსტად შეესატყვისება. ადამიანი იღებს წვდომას არაცნობიერ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელსაც ის უკვე რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებს, რა თქმა უნდა, სპეციალისტის დახმარებით. ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი ეთერ ფილიპოვიჩი მედიცინის დოქტორი, არტთერაპევტი, ტრენერი, ქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი გახლავთ.
ძირითადი პროფესიით პედიატრი და ბავშვთა ნევროლოგია. ქალბატონი ეთერი ქართული მეტაფორული ბარათების ნაკრების - „საგანძურის“ ავტორია, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვით შეიქმნა.
ეს ბარათები საოცრებებს ახდენს. ბარათების გამოყენება შეუძლიათ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ქოუჩებს, სოციალურ მუშაკებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული ზრდა და განვითარება.
– ქალბატონო ეთერ, მარტივი კითხვით დავიწყებ – რატომ მეტაფორული ბარათები?
– ჩვენი მეტაფორული ბარათები ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიქმნა ქალბატონ ნინო ჩაკვეტაძესთან ერთად, რითიც ძალიან ვამაყობ. ბარათები ეხმარება ადამიანებს იმაში, რომ სხვანაირად გაიაზრონ ცხოვრებისეული გამოცდილება და შთაბეჭდილებები, ყველაფერი, რაც ეხება მათ ოჯახურ, მშობლებთან და შვილებთან ურთიერთობებს. ბარათები საშუალებას გვაძლევს, მოვიძიოთ, გავიხსენოთ, შევიძინოთ ის თვისებები, მიდგომები, მიზნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენთვის სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის. რაც შეეხება თავად ნაკრებს, მასში 150 ბარათია ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძის მშვენიერი სურათების მაღალი ხარისხის რეპროდუქციებით. ბარათები ლამინირებულია. ნაკრებს ასევე ახლავს 20 დამატებითი ბარათი ქოუჩინგური კითხვებით, ბარათებისგან დამოუკიდებლად, სპეციალისტის გარეშე სამუშაოდ.
ის, ვინც შეიძენს ამ ნაკრებს, მიიღებს ქალბატონი ნინო ჩაკვეტაძის მშვენიერი ნახატების 150 რეპროდუქციას, ასევე იმის შესაძლებლობას, რომ გაერკვეს კითხვებში, რომლებიც მას აღელვებს და მიიღოს ახალი შესაძლებლობები ბედნიერი ცხოვრებისეული ურთიერთობებისა და მიზნების მიღწევისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვა ეკოლოგიურია – განმავითარებელია და არ იწვევს ადამიანში ზედმეტ ვნებათაღელვას.
– აქვე განვმარტოთ, თუ შეიძლება, რას ნიშნავს ქოუჩინგური კითხვები.
– „ქოუჩინგური“, ანუ განმავითარებელი კითხვები – რომლებსაც სვამს ქოუჩი. ქოუჩინგი ინგლისური სიტყვაა (coaching - სწავლება, წვრთნა) და აღნიშნავს პროცესს, როდესაც ქოუჩი (სპეციალისტი-ტრენერი) ქოუჩ-ტექნოლოგიების მეშვეობით ეხმარება ადამიანს მიზნის მიღწევის სწორ დაგეგმარებაში და ეფექტური სტრატეგიების მოძიებაში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
ჩვენი ბარათების შემთხვევაში ქოუჩინგური კითხვები ეხმარება ადამიანს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების სწორად გააზრებაში და ახალი შესაძლებლობების მოძიებაში.
– ანუ მეტაფორული (ასოციაციური) ბარათი ერთგვარი ხიდია ჩვენ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის?
– დიახ, ასე გახლავთ და ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილია, რომ ჩვენი ცხოვრებისეული სირთულეების, პრობლემების მიზეზები მეტწილად არაცნობიერშია. სასიხარულოა, რომ ხშირად ამ სირთულეების დაძლევის გასაღები სწორედ იქვეა. ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება, რასაც მეტაფორული ბარათები ძალიან ლამაზად და საინტერესოდ აგვარებს. მეტაფორული ბარათები უკვე 30 წელზე მეტია პირნათლად ემსახურებიან ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების საქმეს. დღეისათვის ცნობილია მეტაფორული ასოციაციური ბარათების უამრავი ნაკრები (გერმანული, ისრაელიდან, უკრაინული, რუსული და სხვ.), რომლებსაც სპეციალისტები ადამიანების სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან სამუშაოდ იყენებენ.
– მეტაფორული ასოციაცური ბარათების ქართული ნაკრები კი თქვენ შექმენით...
– დიახ, მიხარია და ამაყი ვარ, რომ დღეს უკვე ორი ქართული ნაკრები გვაქვს – „კრიალოსანი“ და „საგანძური“, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრისა და არაჩეულებრივი ადამიანის ნინო ჩაკვეტაძის ნახატების მიხედვითაა შექმნილი. ყოველთვის მინდოდა, რომ გამეკეთებინა რაიმე მნიშვნელოვანი და სასარგებლო მშობლისა და შვილის რთული ურთიერთობების დასათბობად და მოსაგვარებლად. ნინო ჩაკვეტაძის ნახატები კი ჩემში ყოველთვის იწვევს ტკივილნარევ, მაგრან მაინც თბილ, ნათელ გრძნობებს, რომლებშიც, ამასთანავე, დიდი სიყვარული და იმედია. „საგანძური“ რიგით მეორე ქართული ნაკრებია.
– პრაქტიკულად თუ იყენებენ მათ სპეციალისტები?
– ბარათებს წარმატებით იყენებენ საქართველოში მომუშავე სპეციალისტები (ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ქოუჩები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები), და არა მარტო. ჩვენი ბარათებით წარმატებით მუშაობენ გერმანიაში, ბრიტანეთში, ამერიკაში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში. ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მოსკოვის ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობასთან, რომელიც ფსიქოლოგიურ ლიტერატურასთან მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ ბარათებით არასპეციალისტებსაც შუძლიათ მუშაობა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნაკრებს 20 სპეციალური კითხვა მოჰყვება, რაც დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. ბარათების ნაკრებს თან ახლავს ელექტრონული წიგნიც, სადაც აღწერილია მათთან მუშაობის ძირითადი ალგორითმები და სავარჯიშოები.
– თქვენ ბრძანეთ, სხვათა შორის, ცაცია ვარო. რა კავშირშია ეს მეტაფორებთან?
– ცნობილია, რომ ცაციებში, ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებით, თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მეტად აქტიურია (დომინანტია), სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის კრეატიულობა, აბსტრაქტული, ხატოვანი აზროვნება. ამიტომ მე და მეტაფორები ძალიან ვმეგობრობთ. ბედნირება მხვდა წილად, რომ მემუშავა ასეთ მასალასთან, ვიცოდი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკეთებდი, რაც მიმატებდა პასუხისმგებლობას ქალბატონი ნინოს და ბარათების მომხმარებლების წინაშე.
– ამ პროექტით გსურთ ადამიანებს ოჯახური ურთიერთობის სითბო დაუბრუნოთ?
– დიახ, ეს ჩვენი მცდელობაა, დავათბოთ ოჯახური ურთიერთობები, დავეხმაროთ ადამიანებს, გადაჭრან თაობათა შორის არსებული სირთულეები. მიხარია, რომ ეს პროექტი შედგა და ძალიან ბევრ ადამიანს ვაჩუქეთ, მეტწილად კი დავუბრუნეთ ის სითბო, სიყვარული და სინათლე, რასაც ოჯახური ურთიერთობების სიხარული ჰქვია. მნიშვნელოვანია მშობლების და შვილების ურთიერთობების დალაგება, მოწესრიგება, რადგან ოჯახი არის სივრცე, სადაც შესაძლებელია, რომ იყოს სამოთხე ყველა წევრისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმარო მათ, ჰქონდეთ სამოთხე იქ, სადაც ხანდახან ჯოჯოხეთია.
– როგორია რჩევა, რასაც მშობლებს ახლა მისცემდით?
– რჩევა? მოუსმინეთ თქვენ შვილებს, შეხედეთ, უბრალოდ, სიყვარულით, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან და ამით გაბედნიერებენ. მოეფერეთ, გაიზიარეთ მათი ინტერესები, მოუყევით მეტი თქვენ შესახებ – დაე, გიცნობდნენ. გახსოვდეთ, რომ გამარჯვებასაც და შეცდომებსაც თქვენ ერთად ქმნით. თუმცა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ შეცდომებზე, მხოლოდ ცხოვრების გაკვეთილებზე, რომლებიც გამოცდილებად იქცევა ხოლმე. იყავით გულწრფელები და მიმღებლები, იყავით ისეთი, როგორიც ხართ...