ტკივილის მიზეზი სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს - პირადიდან დაწყებული სამსახურის პრობლემებით დამთავრებული.
ამ მდგომარეობიდან გამოსვლა სხვადასხვა ხერხით შეიძლება. განსხვავებულია ზოდიაქოს ნიშნების მეთოდებიც.
რა თქმა უნდა, ჭრილობების მოშუშება თუ თავად ადამიანს არ უნდა, მას ვერავინ დაეხმარება.
ვერძი
ვერძი ასეთ დროს აქტიურ ქმედებებს მიმართავს. მას ძლიერი ბიძგი, ენერგიის დამუხტვა და ვითარების გამოცვლა სჭირდება.
ის ცდილობს შეცვალოს პირველადი მარშრუტი, მოიფიქროს ახალი საქმე, მთავარია, აზრებით გადაერთოს და წარსული არ გაიხსენოს.
როდესაც თავისუფალი დრო აღარ ექნება, მას განცდები თანდათან ტოვებს და ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, ახალ ცხოვრებას იწყებს.
კურო
კურო თავდაპირველად ცდილობს, არ იფიქროს პრობლემებზე. შემდეგ ნელა და მტკივნეულად აღიქვამს სინამდვილეს. არავის დანახვა არ უნდა. ხანდახან შეიძლება ალკოჰოლს მიეძალოს.
ის თანდათან გადახარშავს თავის პრობლემებს, გააცნობიერებს, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლება და აუცილებელია ცხოვრების გაგრძელება. კურო თავის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება.
მას მძიმე წუთებში ახლობელი ადამიანების ყველაზე კეთილი და სწორი რჩევებიც ვერ უშველის. თავის ჭრილობებს ის მხოლოდ საკუთარი ძალებით, მარტოობაში, თანდათანობით იშუშებს.
ტყუპი
ეს ნიშანი თავს აჩვენებს, რომ ყველაფერი კარგადაა. ის მშვენივრად აცნობიერებს ტკივილს, მაგრამ ყველაზე ახლობლებსაც არ აჩვენებს. ასეთი მდგომარეობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება, ტყუპი მის ჩახშობას შეეცდება. ეს შეიძლება იყოს ბუნებაში მეგობრებთან ერთად გასეირნება, ხანდახან ყოფის არსზე მარტოობაში ფიქრი. თუ მის გვერდით ასეთ წუთებში ბრძენი ადამიანი აღმოჩნდება და საქმიან რჩევას მისცემს, ეს მის გამოჯანმრთელებას შეუწყობს ხელს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ტყუპისთვის აუცილებელი გახდება სატკივრის შესახებ საუბარი, რჩევის მიღება და მხარდაჭერის შეგრძნება.
კირჩხიბი
სულიერ ტკივილთან გამკლავება ყველაზე მეტად კირჩხიბს უჭირს. ის ადვილად იტანს ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ როდესაც სულიერად უჭირს, მთლიანად დუნდება და ხელებს უშვებს.
ბუნებით გულდახურული ადამიანია და უჭირს გულისტკივილის გამჟღავნება; შეიძლება მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანს დაელაპარაკოს. მაგრამ კირჩხიბს რჩევები ვერ უშველის; ტკივილი დღითიდღე გაძლიერდება. ის ყოველ წუთს უკან, წარსულში ბრუნდება და მუდამ ამ ტკივილის მიზეზს იხსენებს.
ერთადერთი, რაც შედეგს იძლევა, ოჯახისა და მეგობრების მდუმარე მხარდაჭერაა. ის მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ ის უყვართ და სჭირდებათ. მის ჭრილობებს მხოლოდ სიყვარული და მზრუნველობა მოაშუშებს.
ლომი
ლომი ფიქრობს, რომ არ შეშვენის სულიერ განცდებში ჩაფლობა და პანიკაში ჩავარდნა და ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. ის განდევნის ცუდ აზრებს, იგონებს ახალ საქმეებს, მაგრამ ჯიუტად არ აღიარებს ტკივილს.
საოცარია, მაგრამ ეს ლომს ყველაზე დიდი განსაცდელის გადატანაში ეხმარება.
სწორედ მისი რკინისებრი ნებისყოფა, სიმკაცრე საკუთარი თავის მიმართ აძლევს ძალას, წინ წავიდეს, არ დანებდეს და ეძებოს გზა ბედნიერებისკენ.
ქალწული
ქალწულს, თავისი „კირკიტა“ ხასიათის გამო, არ შეუძლია გაუშვას ტკივილი, სანამ ბოლომდე არ გაერკვევა მასში. ის გულმოდგინედ გააანალიზებს უმცირეს დეტალებსაც კი და აუცილებლად ჩაწვდება საქმის არსს.
როდესაც მიზეზს გააცნობიერებს, ქალწული დამშვიდდება, ცოტა ხანს იგლოვებს და მშვიდად გაუშვებს თავის ტკივილს.
ჭრილობა რომ ბოლომდე მოიშუშოს, ქალწულს შემცვლელი სჭირდება, ის, რაც ყურადღებას გადაატანინებს მწარე მოგონებებიდან.
სასწორი
სასწორისთვის აუცილებელია, კომფორტულად იგრძნოს თავი და ჰარმონიაში იცხოვროს. თუ სულიერი ტკივილი დაატყდება თავს, ის დიდხანს მოთმინებას არ აპირებს.
ის შეეცდება, ყველაფერი უახლოეს გარემოცვაზე ამოანთხიოს, ამოთქვას სათქმელი და გათავისუფლდეს მძიმე ტვირთისგან. სასწორი დიდხანს ტანჯვასა და განცდებში ყოფნას არ აპირებს.
სასწორს დიდი ხნით მწყობრიდან ვერანაირი სულიერი ტრავმა ვერ გამოიყვანს.
მორიელი
მორიელს სულიერი ტკივილისგან გათავისუფლების ძალზე უცნაური ხერხი აქვს. ის თავის თავს ახალ-ახალ განსაცდელს უმზადებს; იქმნის უამრავ პრობლემას და თითქოს თავის თავს ეკითხება - კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ?
ეს ტკივილი მას არნახულ ძალებს აძლევს, აქცევს უფრო ხისტ ადამიანად და აცვლევინებს პრიორიტეტებს. მხოლოდ მაშინ წყვეტს თავისი თავის ტანჯვას, როდესაც მოთმინების ძაფი უწყდება, ძალა აღარ აქვს.
ის იხსენებს თავის პატარ-პატარა სისუსტეებს, იმას, რაც სიხარულს ანიჭებს, ისრულებს სურვილებს. დროს მხოლოდ საკუთარ სიამოვნებას უთმობს. მიდის დასასვენებლად. დასვენების შემდეგ ბრუნდება მტკიცე, ენერგიული, ახალი გრანდიოზული იდეებით აღსავსე.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ნებისმიერი ტკივილი სიმტკიცეს მატებს. მას არ სურს შეჩერება, ეძებს ახალ-ახალ თავგადასავალს; მაგრამ ტკივილი შიგნიდან ღრღნის. მშვილდოსანს მხოლოდ განმარტოებაში შეუძლია აღიაროს საკუთარ თავთან, როგორ სტკივა და რა აუტანელია ეს ტკივილი.
მაგრამ დილით ის ისევ გადაეშვება მორიგ „ბრძოლაში“, ხოლო პრობლემები შეიძლება წლების განმავლობაში დაგროვდეს.
არაფერი უშველის. ნებისმიერი საუბარი ამაოა, სანამ თვითონ ერთ დღესაც არ გაიღვიძებს და არ ეტყვის საკუთარ თავს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
თხის რქა
თხის რქა თავის თავზე ბრაზდება, რომ რაღაც „უგვანი სულიერი მდგომარეობა“ ყურადღებას აფანტვინებს არსებითი საქმეებიდან. თხის რქა სენტიმენტების მოყვარული არაა, მატერიალისტი და პრაგმატიკოსია. მაგრამ ტკივილი მას არაფერს ეკითხება, ისე სტუმრობს და გონებას უმღვრევს.
თავდაპირველად თხის რქა ჯიუტად არ იმჩნევს თავის მდგომარეობას, მიჰყვება ცხოვრების ჩვეულ დინებას; მაგრამ არ გამოსდის - ტკივილი ნელ-ნელა ერევა, ძილსა და სიმშვიდეს აკარგვინებს. მაშინ თხის რქა თავის თავში იკეტება, წყვეტს ადამიანებთან ურთიერთობას და პირქუში დაიარება.
ჭრილობის მოსაშუშებელ წამალს ის განმარტოებით დასვენებაში პოულობს. როდესაც არავინ აწუხებს, არსად ეჩქარება. როდესაც ემოციურ და ფიზიკურ ძალებს აღიდგენს, განდევნის ტკივილს გულიდან და წარსულს აღარ უბრუნდება.
მერწყული
მერწყულს სულიერი ტკივილი აიძულებს, ხელახლა გაიაზროს თავისი ფასეულობები, საკუთარ ცხოვრებას სხვა კუთხით შეხედოს.
ის განკურნებას კარდინალური ხერხებით ცდილობს, მაგალითად, შეიძლება პარაშუტით გადმოხტეს, ან სპორტის ექსტრემალურმა სახეობებმა გაიტაცოს.
მერწყული შეეცდება ცხოვრების შეცვლას. დაშორდება არასასურველ ადამიანებს, შეიცვლის სამუშაოს. რაც უფრო მეტი ცვლილება იქნება მის ცხოვრებაში, მით უფრო მალე მოიშუშებს იარებს.
თევზები
თევზები ყველას დახმარებისკენ ისწრაფვიან. ხანდახან უცხო ადამიანების პრობლემებს საკუთარზე მაღლა აყენებენ. ისინი მშვენივრად პოულობენ ჩიხიდან გამოსავალს სხვა ადამიანებისთვის, ამისთვის უამრავი ქმედითი რჩევა აქვთ.
საკუთარ ცხოვრებაში კი ბზარების იგნორირება ურჩევნია. ხანდახან, როდესაც სხვა ადამიანის დახმარებაშია ჩართული, თავისი ტკივილი ყუჩდება და ისე საშინელი აღარ მოჩანს.
სხვა შემთხვევებში, ჭრილობის მოშუშებაში განმარტოება და ტირილი ეხმარება. როდესაც მთელ თავის გულისტკივილს „გაუმხელს“ ბალიშს, სულიერ სიმსუბუქეს გრძნობს. არასდროს აქვს სურვილი, თავისი ტკივილი სხვას გაუზიაროს.