პიოტრ აკოპოვი
რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა მოკავშირეთა დონეს აღემატება, განაცხადა სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინთან გუშინდელ მოლაპარაკებებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, იგი სრულფასოვან შეხვედრად მიიჩნევა — სწორედ ამიტომაც აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა ხაზგასმით, რომ ეს ორი ლიდერის უკვე 37-ე პირისპირ შეხვედრაა 2013 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც ჩინეთის სათავეში სი ძინპინი მოვიდა).
რომ არა კორონავირუსი, ანგარიში დიდი ხნის წინ გასცდებოდა ხუთ ათეულს. ბოლოს სიმ და პუტინმა ერთმანეთს ხელი 2019 წლის ნოემბერში ჩამოართვეს, მანამდე კი წელიწადში რამდენჯერმე ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, ძალიან მალე ორი ლიდერი ერთმანეთს პირადადაც შეხვდება: თებერვლის დასაწყისში პუტინი პეკინში გაემგზავრება — მოლაპარაკებებზე და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზეც, რომელსაც შეერთებული შტატები და სხვა ანგლოსაქსური ქვეყნები დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებენ.
არადა, სწორედ 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადა იყო ის ერთადერთი საზღვარგარეთული თამაშები, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაესწრო. და არა მხოლოდ ჯორჯ ბუში-უმცროსს, არამედ ამერიკული ელიტის უმეტესობას მაშინ ჯერ კიდევ მიაჩნდათ, რომ ჩინეთი გლობალიზაციის საქმეში მეორეხარისხოვან როლს დათანხმდებოდა, ხოლო რუსეთი იქნებოდა არასასიამოვნო, მაგრამ რეგიონული ძალა და, რაც მთავარია, მოსკოვი–ვაშინგტონი–პეკინის ურთიერთობების სამკუთხედი ძირითადად ამერიკის გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდებოდა. მაგრამ 13 წლის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ, ვიდრე ეს ამერიკელი სტრატეგების თავებში იყო.
არა, რუსეთსა და ჩინეთს არ გაუფორმებიათ ოფიციალური სამხედრო-პოლიტიკური კავშირი, მაგრამ მათმა ურთიერთობებმა მართლაც გადააჭარბა მოკავშირულს, თუ ამაში იმას მოვიაზრებთ, რაც დასავლური ბლოკის შიგნით არსებობს. რადგან ეს უკანასკნელი ეფუძნება (სხვადასხვა ხარისხით) უმცროსი პარტნიორების დამოკიდებულებას უფროსზე, ანგლო-საქსურზე, ხოლო რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში თანასწორობა და საერთო ინტერესები თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ამასთან როგორც ეროვნული — საკუთარი ქვეყნისა და მისი პოზიციების გაძლიერება მსოფლიოში, ისე გლობალური ინტერესები — ახალი მსოფლიო წესრიგის, ახალი სისტემის აგება ატლანტიკური პროექტის ნანგრევებზე.
სწორედ იმისთვის, რომ ნანგრევები პირდაპირი მნიშვნელობისა არ გახდეს, ანუ წარუმატებელ ანგლო-საქსონურ ჰეგემონიას გლობალური ქაოსი არ მოჰყვეს, არ დააზარალოს ჩინეთი და რუსეთი, არის კიდეც საჭირო ძლიერი რუსულ-ჩინური კავშირი. ასე რომ, მოსკოვისა და პეკინის სტრატეგიული არჩევანი შემდგომი დაახლოების სასარგებლოდ არა მხოლოდ ნათელია, არამედ გარდაუვალიც. არცერთ გარე ძალას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. და თუმცა ეს უკვე დიდი ხანია გასაგებია, კიდევ ერთხელ ხაზგასმა ახლა ზედმეტი არ იყო. თანაც არა მხოლოდ დამოუკიდებელი ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ განცხადებებით, რომელიც რუსეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ოპერაციებს მოემსახურება, და რომლებზეც გავლენას ვერ მოახდენენ მესამე ქვეყნები. თუმცა ესეც თავისთავად მნიშვნელოვანი ეტაპია.
სწორედ ამიტომ სი ძინპინმა საუბარი პუტინის ქმედებების მაღალი შეფასებით დაიწყო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის უთანხმოების დათესვის მცდელობებს. მართლაც, პუტინმა ცოტა ხნის წინ გაიხსენა, რომ „ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი ღიად ცდილობს მოსკოვსა და პეკინს შორის შუღლის დათესვას“, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი ასეთ მცდელობებს პარტნიორობის გაფართოებითა და საერთაშორისო ასპარეზზე ნაბიჯების კოორდინაციით უპასუხებენ. ანუ, რაც უფრო მეტად ცდილობთ ჩვენს წაჩხუბებას, მით უფრო შეთანხმებულად ვიმოქმედებთო.
სხვათა შორის, პუტინის ეს განცხადება სისა და ბაიდენის ვიდეოსამიტიდან რამდენიმე დღეში გაისმა, ხოლო ერთი კვირით ადრე ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრა გაიმართა. ამერიკული თამაში არავისთვის არ არის საიდუმლო: ვაშინგტონი კვლავ იმედოვნებს, რომ დროს შეაბრუნებს და რუსეთ–ჩინეთის უთანხმოებებს გააღვივებს, რათა მოსკოვსა და პეკინს შორის კავშირი შეასუსტოს.
რუსეთსა და ჩინეთს, როგორც ორ დიდ მეზობელ სახელმწიფოს, ბუნებრივია, აქვთ კონკურენცია და საკამათო საკითხები გარკვეულ სფეროებსა და რეგიონებში, მაგრამ პუტინსაც და სისაც მშვენივრად ესმით, რომ ამერიკელებს ამ უთანხმოებებით თამაშის საშუალებაც კი არ უნდა მიეცეთ, არ უნდა მიეცეთ ბზარების ნაპრალებად ქცევის საშუალება. ის, რაც რუსეთსა და ჩინეთს აერთიანებს, ორივე ქვეყნისთვის შეუდარებლად უფრო დიდი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რასაც მათი რეალურად და პოტენციურად გაყოფა შეუძლია. ფსონები იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე. ხოლო მოსკოვსა და პეკინს არ აქვთ უფლება, გაიმეორონ 1960-იანი წლების შეცდომა.
მაშინ ჩვენ თვითონ გავანადგურეთ ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობები, ხოლო უკვე 70-იან წლებში ამერიკელებმა დაიწყეს ამაზე თამაში. რომ არა 60-იანი წლების დასაწყისის ჩხუბი, არა მხოლოდ ჩინეთისა (მაგალითად, არ იქნებოდა „კულტურული რევოლუცია“) და სსრკ-ის ბედი იქნებოდა უფრო წარმატებული, არამედ მთელი მსოფლიო ისტორია შეიძლებოდა სხვა გზით წასულიყო.
დიახ, ისტორია არ ითმენს ალბათობით დამოკიდებულებას, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალებას კი იძლევა. რუსეთმა და ჩინეთმა კარგად ისწავლეს ჩვენი ურთიერთობების უახლესი ისტორიის გაკვეთილები და ახლა შეუძლიათ თვალი ადევნონ ატლანტიკური მოთამაშეების აურზაურს, რომლებსაც ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება ასე მომხდარიყო? ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ ყველაფერი ისე ცხადი და, პრინციპში, მოგვარებადი ჩანდა: რუსეთი აღარ იყო გლობალური მოთამაშე (პუტინსაც კი ურჩიეს, არ დაბრუნებულიყო კრემლში), ჩინეთი კი, ადრე თუ გვიან, „დიდ ორეულში“ უმცროსი პარტნიორის როლს დათანხმდებოდა, ხოლო რუსეთ–ჩინეთის ალიანსი ვერ იქნებოდა სტაბილური, რადგან მოსკოვსა და პეკინს შორის ძალიან ბევრი წინააღმდეგობა არსებობდა და ისინი ერთმანეთს არ ენდობოდნენ. სად გაქრა ეს ყველაფერი?
დამარცხებულს ყოველთვის უჭირს მარცხის აღიარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული და დროში გრძელდება. შეერთებული შტატების დაცემის პროცესი (ატლანტიკური პროექტისა) იზომება არა წლებით, არამედ ათწლეულებით. ჯერჯერობით მათ ჯერ კიდევ აქვთ ჩინეთსა და რუსეთზე ზეწოლის მრავალი ხერხი, მათ შორის ისეთი პროვოკაციულიც, როგორებიცაა ტაივანი და უკრაინა. მაგრამ სტრატეგიულად ატლანტისტებმა უკვე წააგეს — და ეს ესმით არა მხოლოდ მოსკოვსა და პეკინში. უბრალოდ, რუსები და ჩინელები სხვებთან შედარებით უფრო აქტიურად აახლოებენ ამ წამს და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას