დანარა კურმანოვა
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 30 წლისთავს ზეიმობს. ამ დღეს კიევში არაერთი პატრიოტული ღონისძიება გაიმართება — შეიარღებული ძალების აღლუმი და შოუ „დამოუკიდებლობა ჩვენი დნმ-ია“. მაგრამ უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშები სხვა რამეზე მეტყველებს: კიევი ყოველწლიურად სულ უფრო კარგავს დამოუკიდებლობას, უპირველესად კი — ეკონომიკურად.
რატომ ვერ ახერხებს ქვეყანა წლების განმავლობაში კრიზისიდან გამოსვლას და როგორ აქცევს ანტირუსული რიტორიკა უკრაინას დასავლეთის ნედლეულის დანამატად – წაიკითხეთ Sputnik-ის მიმოხილვაში
პრობლემები იზრდება
უკრაინის „გოსსტატი“ ნეგატიური შეფასებებითაა აჭრელებული. წლის დასაწყისიდან სამომხმარებლო ფასების ზრდამ 6,5% შეადგინა. ძვირდება ყველაფერი: მარტო ივლისში შაქარი 7%-ით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმი — 0,8%-ით, საყოფაცხოვრებო ტექნიკა — 0,4%-ით.
არ ჩამორჩება არც ელექტროენერგია და გაზი, რომელთა ფასმაც 0,6%-ით მოიმატა. იზრდება ფასები კავშირგაბმულობაზე (0,1%), ტრანსპორტზე (1,1%) და ჯანდაცვაზე (0,1%). და ეს საზღვარი არ არის.
უკრაინის ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ფასების ზრდა 9,6%-ს შეადგენს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საშუალო ხელფასის მატებაზე საუბრობს (2021 წელს ის მართლაც გაიზარდა 423 დოლარიდან 532 დოლარამდე), რიგითი უკრაინელები ამ ნამატს უბრალოდ ვერც გრძნობენ.
მთლიანობაში 10 წლის განმავლობაში საქონლის ღირებულებამ ქვეყანაში თითქმის 200%-ით მოიმატა. საგრძნობად გაიზარდა უბრალო მოქალაქეების ვალებიც. საყოფაცხოვრებო მომსახურების გადასახადების კუთხით უკრაინელებს 2 მლრდ დოლარზე მეტის ვალი აქვთ. აქედან ყველაზე მეტი ელექტროენერგიაზე მოდის, ვინაიდან მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვთა სახლებისთვის შეღავათები გაუქმდა, ისინი კი ყველაზე ნაკლებად გადახდისუნარიანები არიან.
ტრადიცია — ყველაფერში რუსეთის დადანაშაულება
მაგრამ ისე ჩანს, რომ ყველა ეს პრობლემა მხოლოდ ხალხს ადარდებს, ვინაიდან 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია: ქვეყნის მეთაურმა 2025 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო, რომელშიც „მნიშვნელოვანი ადგილი“ რუსეთს უკავია.
სტრატეგიის თანახმად, „უკრაინის ეკონომიკის რღვევა რუსეთის შეგნებული და მიზანმიმართული მოქმედებაა“, აქედან გამომდინარეობს კიდეც სოციალური დაძაბულობა უკრაინულ საზოგადოებაში.
მთელ ამ კონცეფციას არანაირი კავშირი არ აქვს არც ეკონომიკასთან და არც რეალობასთან, მიაჩნია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, საფინანსო უნივერსიტეტის პრორექტორს ალექსეი ზუბეცს.
„მცდელობა იმისა, რომ რუსეთს პრობლემების წყარო ეწოდოს, მხოლოდ პროპაგანდისტებსა და იმ ადამიანებს აწყობთ, რომლებიც ეკონომიკაში ვერ ერკვევიან, — ამბობს ექსპერტი. — უკრაინის ეკონომიკისთვის მთავარი საფრთხე — მისივე ხელისუფლების უუნარობაა, შეასრულოს თავისი სოციალური ვალდებულებები მოქალაქეთა წინაშე. ქვეყნის ბიუჯეტი საშინელ მდგომარეობაშია — ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომ მსოფლიო ბაზარზე გაძვირდა ქვანახშირი, რომელიც უკრაინას სჭირდება, ვინაიდან ელექტრობას ის ქვანახშირის ელექტროსადგურებზე აწარმოებს. ქვეყანას კი მისი ყიდვა არ შეუძლია“.
ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამს უკრაინის ენერგეტიკული სტრატეგიების ფონდის თანათავმჯდომარე დმიტრი მარუნიჩიც Sputnik-თან ინტერვიუში, რომელმაც ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიას „უბრალო ქაღალდი“ უწოდა. ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან ვაჭრობა საფრთხეს უქმნის უკრაინას, მაგრამ ყველას ესმის, რომ ბანალურად რუსული ქვანახშირის ყიდვის გარეშე ქვეყანა თავს ვერ გაიტანს.
„არ ჩავიტანთ რუსეთიდან ქვანახშირს და მთელ უკრაინას შუქი გაეთიშება, ეს ყველას შესანიშნავად ესმის, — ამბობს მარუნიჩი. — რუსული ქვანახშირის მიწოდებების ჩანაცვლება შეუძლებელია. სხვა ქვეყნებისთვის მარტო ქვანახშირის საფასურის გადახდა კი არ მოუწევთ, არამედ ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვაც. თანაც პორტებს ამდენის გადაზიდვა არ შეუძლია. იქნება კოლაფსი. და გამოდის უცნაური რამ: უკრაინა რუსეთისგან ყველაფერზე უარს ამბობს, მაგრამ ეს შეუძლებელია“.
როცა ბიზნესი მთავარი მტერია
ყველა არსებულ პრობლემას სათავე მრავალი წლის წინ დაწყებულმა პროცესებმა დაუდო, მიაჩნია ალექსეი ზუბეცს.
„ქვეყნის მხარდასაჭერად ფულის მიცემა შეუძლია ეკონომიკას ტექნოლოგიურად რთული პროდუქციის წარმოებით, — განმარტავს ის. — მაგრამ უკრაინამ სამრეწველო პოტენციალი ან გაფანტა, ან შეგნებულად მოახდინა ლიკვიდაცია. სამრეწველო ფუნდამენტის გარეშე კი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფა რთულია“.
ლიკვიდირებული სამრეწველო ობიექტების ჩამოთვლა დიდხანს შეიძლება. უკრაინის ბევრი საწარმო რუსულ ბაზარზე იყო ორიენტირებული და ყველაზე ძლიერ კრიზისს მხოლოდ 2014 წელს შეეჯახა, როდესაც ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობების ჩაშლა გადაწყვიტა.
შედეგად – 2014 წელს დაიხურა ცნობილი ავტობუსების ქარხანა ლვოვში, 2018 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა ზაპოროჟიეს მანქანათმშენებელმა ქარხანამ, რომლისთვისაც რუსეთი გასაღების მთავარი ბაზარი იყო. წელს ოფიციალურად გაფორმდა ლიკვიდაცია შავი ზღვის გემთმშენებელი ქარხნის ნიკოლაევში, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის ყველა ავიამზიდი კრეისერი აიგო.
კრიზისშია სარაკეტო-კოსმოსური საწარმო „იუჟმაშიც“, რომელიც წარსულში რუსეთთან თანამშრომლობდა. გასულ წელს უკრაინის ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მლნ დოლარის გამოყოფა მოუხდა ქარხნის სახელფასო დავალიანებების დასაფარად.
ავიაქარხანა „ანტონოვს“, შეწყვიტა რა ნაწილების შეძენა რუსეთისგან, 2016-2019 წლებში ერთი თვითმფრინავიც კი არ გამოუშვია.
საწარმოების მასობრივი დახურვა, რაღა თქმა უნდა, დარტყმას აყენებს უკრაინის ეკონომიკას. დღეს უკრაინა ევროპის ყველაზე ღარიბ და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად მიიჩნევა. ამ ფაქტს იძულებით აღიარებენ მმართველ პარტიაშიც.
„თუ ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის დონეს პოლონეთისას შევადარებთ, ჩვენ პოლონეთის დასაწევად სადღაც 30-40 წელი დაგვჭირდება, იმ პირობით, რომ პოლონეთი ერთ ადგილზე იდგება“, — განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა დანიილ გეტმანცევმა.
ევროპა ვერ დაეხმარება
გაგრძელებული დეინდუსტრიალიზაცია უკრაინას დასავლეთის სანედლეულო დანამატად აქცევს, ვარაუდობს ალექსეი ზუბეცი. ახლა უკრაინა მარცვლეულის წარმოებას ავითარებს და უცხოელი ინვესტორების იმედი აქვს სოფლის მეურნეობაში. მანამდე ექსპერტმა არაერთხელ თქვა, რომ სურსათის წარმოება შეიძლება საერთაშორისო კომპანიების ხარჯზე გაიზარდოს. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მარცვლეულის წარმოება დიდი რაოდენობით მუშახელს არ მოითხოვს.
გამოდის, რომ ეკონომიკის ეს დარგი უკრაინელებს სამუშაო ადგილებით ვერ უზრუნველყოფს და მიგრაციული კრიზისი გაგრძელდება. დღეისათვის 1,5 მლნ უკრაინელი შრომითი მიგრანტი უკვე იმყოფება პოლონეთში, ხოლო რუსეთში 2016-2020 წლებში თითქმის მილიონი უკრაინელი გავიდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო.
დაძაბულ დემოგრაფიულ ვითარებაზე მეტყველებს „გოსსტატის“ ანგარიშიც: წლის დასაწყისიდან უკრაინის მოსახლეობა 180 ათასზე მეტი კაცით შემცირდა და ახლა 41,4 მლნ კაცს შეადგენს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 45 მლნ-ს აჭარბებდა.
როგორც წარსულში განაცხადა უკრაინის დამსაქმებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მრჩეველმა პაველ ვერნივსკიმ, თუ დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდება, 10-15 წლის შემდეგ ქვეყანას დეფოლტი ემუქრება, ვინაიდან მას ადამიანური რესურსები ესაჭიროება.
„პირველ რიგში საპენსიო ფონდი ჩამოიშლება. გაიზრდება სავალო ტვირთი ცალკეულ გადასახადების გადამხდელებზე, რაც დეფოლტის რისკს გაზრდის“, — განმარტა მან.
დეფოლტის საშიშროებაზე ლაპარაკობს ალექსეი ზუბეციც. „ახლა უკრაინა ძალიან ახლოსაა 1996-1997 წლების რუსეთის მდგომარეობასთან“, — აღნიშნავს ექსპერტი. მოახერხებს თუ არა ქვეყანა, თავიდან აირიდოს ეკონომიკური კრახი, ეს საკითხავია. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში რესპუბლიკა ვერა და ვერ გამოვიდა კრიზისიდან.
ადამიანები, რომლებმაც უკრაინა საბჭოეთის ინდუსტრიულ ლიდერად აქციეს, დაბერდნენ — ქვეყანაში 11 მლნ პენსიონერია. ახალი თაობა კი სამსახურს ვერ შოულობს — ქარხნების დაკეტვის შემდეგ სამუშაო უბრალოდ არ არის. 2020 წელს ოფიციალურ ხელფასი უკრაინის მხოლოდ 11,3 მლნ მოქალაქეს აქვს მიღებული.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს