საქართველოს ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს - მაისში ზრდამ 26% შეადგინა

2021 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სფეროში ზრდა შეინიშნება.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკის აღდგენა გრძელდება - მშპ-ს ზრდამ მაისში 25,8% შეადგინა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.

ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკა პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,5%-ით შემცირდა.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 42%-ით გაიზარდა

2020 წლის მაისში ეკონომიკურმა ვარდნამ 13,5% შეადგინა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდა - 2021 წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 5,1%-ით შემცირდა.

რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში 11,5%-ს შეადგენს.

2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო  საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

რა გაიზარდა და რამდენით

იანვარ-მაისში ექსპორტის ზრდამ 24,4% შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტი 27%-ით გაიზარდა, იმპორტი - 15,7%-ით. უშუალოდ მაისში ექსპორტმა 45%-ით მოიმატა, იმპორტმა - 40%-ით.

საერთო მაჩვენებლების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სპილენძის მადნების, ფეროშენადნობების, ასევე ღვინის, კაკლისა და მინერალური წყლების ექსპორტმა.

იმპორტის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საგარეო ვაჭრობას მსუბუქი ავტომობილებითა და ნავთობპროდუქტებით.

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი 18-ჯერ გაიზარდა

წინა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 3,581 ახალი საწარმო, 12,5%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გარდა ამისა, რეგისტრირებული საწარმოების რიცხვი შემცირდა დაახლოებით 25%-ით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„50 პროცენტით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 8.2 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

თოდრაძის სიტყვებით, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა, ძირითადად, უკავშირდებოდა მეტალურგიულ მრეწველობას - თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოებას, ასევე ქიმიურ მრეწველობას. მაგალითად, გაიზარდა მინერალური სასუქების წარმოება.

ფერო-სილიკო მანგანუმის ექსპორტი 46%-ით გაიზარდა, აზოტის სასუქების ექსპორტი კი სამჯერ - 171%-ით. გარდა ამისა, შეინიშნებოდა კვების პროდუქტების, სასმელებისა და ტანსაცმლის წარმოების ზრდის ტენდენცია. შესაბამისად, 2021 წლის მაისში მინერალური წყლის ექსპორტი 97%-ით გაიზარდა, ღვინის - 2,5%-ით.

მშენებლობის გააქტიურების შედეგად გაიზარდა სამშენებლო მასალების, კერძოდ, ცემენტისა და სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება.

სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან, ასევე, სპეციალიზებული (ელექტროტექნიკური, სარემონტო და სამონტაჟო) სამშენებლო სამუშაოების ზრდასთან.

ღირებულება იზრდება, ხელფასები მცირდება: ახალი სტატისტიკა მშენებლობის სფეროში

სამშენებლო მასალების იმპორტი თითქმის 56%-ით გაიზარდა, ცემენტის, კლინკერის აგურის იმპორტი - 20%-ით.

ფინანსური სექტორის ზრდის მიზეზი კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლების მატებაა, რაც, ძირითადად, უკავშირდება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაცემული გრძელვადიანი კრედიტების მოცულობას. თოდრაძის ინფორმაციით, ამ სექტორში მომუშავე კომპანიების წმინდა შემოსავლები დაახლოებით 70%-ით გაიზარდა. ვაჭრობის სექტორში მატება უკავშირდება ავტომობილებითა და სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობის გაფართოებას.

ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში 87%-ით მოიმატა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობპროდუქტებით, ფარმაცევტული პრეპარატებით, სამშენებლო მასალებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცალკეული კატეგორიებით, კომპიუტერებით საცალო ვაჭრობა. ამასთან, ნავთობპროდუქტების იმპორტი დაახლოებით 81%-ით გაიზარდა.

ხელისუფლება კმაყოფილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც მარტიდან დაიწყო.

„მაისში, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თითქმის 26 პროცენტი. მარტიდან მოყოლებული იცით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თან ისეთი, აღმავალი ტემპით. 2-3 თვეა, ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდები გვიფიქსირდება“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველომ მდგრადი განვითარების რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

თურნავას განცხადებით, ხელისუფლება კმაყოფილია ასეთი ტემპით, რადგან მაჩვენებლების ზრდა შეინიშნება ეკონომიკის ისეთ რეალურ სამეწარმეო სექტორებში, სადაც დასაქმებულია ყველაზე მეტი მოქალაქე.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის სიტყვებით, მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, უწყება გადახედავს ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზებს, რომლებიც აისახება ბიუჯეტის პროექტის უკვე დამუშავებულ ვერსიაში. დოკუმენტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა მიმდინარეობს პოზიტიური სცენარისკენ, რაც მოლოდინს აჩენს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამას წინათ ფინანსთა სამინისტრომ გადახედა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. იხილება ზრდის სამი სცენარი - საბაზო 6,5%, ოპტიმისტური 10,2% და პესიმისტური 4,3%. პროგნოზით, მშპ მაღალი იქნება 2022 წელსაც და 6,9%-ს მიაღწევს.