თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18-ჯერ გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 2021 წლის 1 მაისიდან 27 ივნისის ჩათვლით პერიოდში 1 636 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1 433 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობით, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ფასი გაზრდილია 7%-ით და 1 კგ ხილის ფასი 0,88 აშშ დოლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ძირითადად რუსეთსა (938 ტონა) და სომხეთში (649 ტონა) განხორციელდა.
წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული (შარშანდელი 23-ის ნაცვლად).
სამინისტროს ინფორმაციით, ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომლის შემადგენლობაში სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები შედიან. აღნიშნული ჯგუფი უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
2020 წლის სეზონზე საქართველოდან დაახლოებით 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი გავიდა რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, სლოვენიაში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.