კორონავირუსის პრევენცია: რა გაკეთდა და რა იგეგმება

კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ინტენსიურად მუშაობს ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით და ჯანმოს მიერ გუშინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზადყოფნის შესაბამისად ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას, ნათქვამია საქართველოს მთვარობის განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა>>

„მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე", – წერია განცხადებაში.

ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდნენ მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო ინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

ხვალიდან თბილისის მერია ყველა იმ სერვისს ზღუდავს, რაც ხალხმრავლობასთანაა დაკავშირებული>>

სამთავრობო უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა – დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება. ამიტომ:

  1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
  2. ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.
  3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
  4. რობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
  5. პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებული იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
  6. დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.
  • ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;
  • თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან-პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;
  • 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბის მატჩი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

საქართველოს მთავრობამ საზღვარზე კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოსვლის რეჟიმი გაამკაცრა

ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებული არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ტიკარაძე: ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება არ მიგვაჩნია საჭიროდ>>

მთავრობა მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, ასევე გამოიჩინონ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები.

თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს.

გამყრელიძე: თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.

„უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან. მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა>>

მთავრობა შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას.