თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 5-დან 19 მარტის ჩათვლით განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ>>
დადგენილ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ეკრძალებათ ხანგრძლივი და მოკლე პაემნები, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.
ამას გარდა, „განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება", – აღნიშნულია განცხადებაში.
განსაკუთრებული რეჟიმის მოქმედების დროს საპატიმროში შეყვანილი ბრალდებულები ან მსჯავრდებულები სხვა პატიმრებისგან განცალკევებით მოთავსდებიან.
6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ცხრა ადამიანს დაუდგინდა.
ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 24 პაციენტია მოთავსებული.
ქვეყანაში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მასშტაბური სადეზინფექციო და პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. ზოგიერთი უწყება, კომპანია და ორგანიზაცია უკვე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ.
სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებების დეზინფექცია. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ნაწილი დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდზე გადადის.
გამყრელიძე: კორონავირუსი დაუდგინდა ხუთ პირს, რომლებიც იტალიაში ერთად მოგზაურობდნენ>>
საქართველოს ხელისუფლებამ, კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ორი კვირით აკრძალა სახმელეთო მიმოსვლა საქართველოსა და ირანს შორის, ასევე შეჩერებულია ფრენები ირანიდან და ჩინეთიდან. ჩინეთიდან აკრძალულია ასევე ცხოველების შემოყვანა. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.