თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი ადამიანების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
„ერთ-ერთ ჩვენს მთავარ პრობლემას დღეს წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. შესაბამისად, მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შსს-ს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანებისა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 21 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში 1 108 ადამიანი იმყოფება.
მისივე თქმით, სიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში არ გაზრდილა, ლუგარის ცენტრში კი 23 ნიმუშია გაგზავნილი, აქედან 17 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვა დაწესებულებებიდან.
„სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე თხოვნით მიმართა ყველა კერძო ლაბორატორიას, ვინც დაიწყებს ტესტირების ჩატარებას, რომ მომსახურება მოსახლეობისთვის რაც შეიძლება ფინანსურად ხელმისაწვდომი გახადონ.
ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო>>
„ჩვენ საკმაოდ ძვირი გვიჯდება ამ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება. ერთი კვლევის თვითღირებულება ჯდება 350–დან 400 ლარამდე, ხელფასისა და ტრანსპორტირების გარეშე, როცა სხვადასხვა ქალაქიდან მოგვაქვს სინჯები. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევა, ამას ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ეს ადამიანისთვის არის უფასო. ამიტომ ყველას ვთხოვ, ვინც გადაწყვეტს, რომ დაიწყოს ტესტირება, ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ამას ექიმი დაუნიშნავს და საჭირო იქნება ამ ტიპის კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე მოუწოდა ყველა იმ კერძო ლაბორატორიას, ვინც აკეთებს კორონავირუსზე ტესტებს ან აპირებს, რომ გააკეთოს, გაიაროს კონსულტაციები იმ ადამიანებთან, ვისაც ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, თუნდაც იმავე ლუგარის ლაბორატორიაში.
მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული მონაცემებით, ამჟამად საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 56.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი.