კორონავირუსის გამო თბილისის გრან-პრი ძიუდოში გადაიდო

გამოწერა
მიმდინარე წელს თბილისის გრან-პრიზე 89 ქვეყნის 666 ძიუდოისტს, მათ შორის, ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეისა და იტალიის წარმომადგენლებს უნდა მიეღო მონაწილეობა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. თბილისის გრან-პრი ძიუდოში, რომელიც 27-29 მარტის პერიოდში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გავრცელების გამო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) გააუქმა, ნათქვამია IJF-ის განცხადებაში. 

საავადმყოფო უჰანში - Sputnik საქართველო
ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსის ეპიდაფეთქების გამო მოგზაურობა და მასობრივი თავყრილობები სულ უფრო რისკის შემცველი ხდება.

„ჩვენ გადამწყვეტი ზომები უნდა მივიღოთ, რათა დავიცვათ ძიუდოს ოჯახი და გავითვალისწინოთ მთელ მსოფლიოში აღიარებული უსაფრთხოების საერთო ზომები. ამასთან დაკავშირებით IJF-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ყველა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის გაუქმების შესახებ, რომლებიც IJF-ის კალენდარში 30 აპრილამდე იყო დაგეგმილი. საუბარია ეკატერინბურგში "დიდი სლემის" ტურნირზე (რუსეთი), თბილისის გრან-პრიზე (საქართველო) და ანტალიის გრან-პრიზე (თურქეთი), ასევე სხვა საკონტინენტო შეჯიბრებებზე", – ნათქვამია IJF-ის განცხადებაში.

მიმდინარე წელს თბილისის გრან-პრიზე 89 ქვეყნის 666 ძიუდოისტს უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის, ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან – ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მეტი ადამიანია.

10 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ყველა ახალი ამბავი
0