შეურაცხმყოფელი საქციელი - სულხან თამაზაშვილი თურქი ქომაგების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ წესრიგის დამრღვევებს ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით აეკრძალებათ.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის შეურაცხმყოფელი კონტენტი ჯერ კიდევ საქართველოში ჩასვლამდე გამოაქვეყნეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.
ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის გუშინ, ბათუმში გაიმართა და თურქ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა.
„ჩვენ უკვე დღის პირველ ნახევარში გვქონდა ინფორმაცია. ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ამაზე ჰქონდათ ძალიან ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ ბანერების საქართველოში შემოტანა აღკვეთა.
„ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია საზღვარზე, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით ასამდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიცია მართლწესრიგის დაცვით იყო დაკავებული.
„ზოგადად, ქომაგების გადაჭარბებული ემოციები და აგრესია ცნობილია. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და არც გუშინდელი დღე იყო გამონაკლისი. აქედან გამომდინარე, მიზანი მათი დაკავება არ ყოფილა. მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამ ადამიანების გარიდება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ წესრიგის დამრღვევებს ქვეყანაში შემოსვლა გარკვეული პერიოდით აეკრძალებათ.
პოლიციასთან შეტაკებების დროს სულ 16 ადამიანი დააკავეს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი დაშავდა. შემდეგ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და ქვეყანა დაატოვებინეს.
უეფას ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ შორის „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
უეფას განმარტებით, თავდაპირველად მატჩი სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას აცნობა მატჩის საქართველოში გადატანის შესახებ, თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების მიღების შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0