კობახიძე: ყველა პირობას შევქმნით, რათა ჩინური ბიზნესი წარმატებული იყოს საქართველოში

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2026
გამოწერა
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, მოხარული ვართ, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთის ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის საქართველოში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.

„ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რაზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, რასაც საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიც ხელს შეუწყობს.
თავის მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა.
როგორც სტუმარმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ შთამბეჭდავია.
„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო", – განაცხადა ხან ჭენგმა.
მისი თქმით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გააჩინა. მისი შეფასებით, დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება.
„მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი“, – განაცხადა ხან ჭენგმა.
როგორც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება.
„მზად ვართ, შევიძინოთ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში", - განაცხადა ჭენგმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნეს-საზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა ერთად განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ.
ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0