ჯანდაცვის სამინისტრო: შშმ პირის სტატუსის მინიჭების მოდელი იცვლება

© Sputnik / Alexander Imedashviliშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2026
გამოწერა
ამ ეტაპზე პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე ხდება.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა, პირველი სამუშაო სხდომა გამართა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხდომა ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მისი განცხადებით, ბიოფსიქოსოციალური მოდელით სტატუსის მინიჭების მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება და შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.
„შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ამასთან, იმსჯელეს საბჭოს მუშაობის სპეციფიკაზე და შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე. როგორც სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო საკითხებს სამუშაო ჯგუფები მოამზადებენ და დაამუშავებენ, რაც საბჭოს მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით ხდება. კერძოდ, შშმ პირის სტატუსს ადგენს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის ბიურო ქმედუნარიანობის დარღვევის შემდეგი სახის მიხედვით: თავის მოვლის უნარი, გადაადგილების უნარი, სწავლის უნარი, შრომითი საქმიანობის უნარი, დროსა და სივრცეში ორიენტაციის, თვითკონტროლის და ადამიანებთან კონტაქტის უნარი.
ახალი მოდელი კი დაეფუძნება პირის ფუნქციონირების კომპლექსურ შეფასებას, სადაც გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის საზოგადოებაში ჩართულობაზე.
უწყების ცნობით, აღნიშნული მიდგომა განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები – ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, სხვადასხვა საჯარო უწყების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მიწვეული სტუმრები.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მეორე (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფი).
ყველა ახალი ამბავი
0