განათლების მინისტრი: 15 სექტემბრისთვის სასკოლო ფორმა მხოლოდ პირველკლასელებს ექნებათ

© Parliament of Georgiaგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2026
გამოწერა
სასკოლო ფორმას საგანმანათლებლო და სოციალ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik.15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები იქნებიან უზრუნველყოფილები, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 28 მაისს ინტერპელაციის ფორმატში ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. სულ 44 კითხვა მომზადდა.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად მოწოდებულ იქნება ფორმები მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვისაც“, - აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმას საგანმანათლებლო და სოციალ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია.
„სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, აყალიბებს მოწესრიგებულ აკადემიურ გარემოს, ამცირებს როგორც სოციალურ განსხვავებებს, ისე მშობლებისთვის ყოველდღიურ ხარჯებს“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, საუბარია ძალიან დიდ მოცულობაზე - 1 მილიონ 800 ათას ტანსაცმლის ერთეულზე - შესყიდვა და მოწოდება ეტაპებად დაიგეგმა.
მისი თქმით, პრიორიტეტში არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, თუმცა ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა.
„სამწუხაროდ, გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა“, - აღნიშნა მიქანაძემ.
როგორც ცნობილი გახდა, 15 მაისს კომპანიამ, რომელსაც ფორმის შესაკერად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზება ჰქონდა, ტენდერში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდება - ყოველ წელს სასკოლო ფორმა თითო კლასს დაემატება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯერ დავიწყოთ სკოლის ფორმის კულტურის დამკვიდრება ქვედა კლასებში და ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, თუკი მეექვსე კლასელი წელს პირველი სემესტრის განმავლობაში ჩაიცვამს ფორმას, შემდგომში შევა ცვლილება შესაბამის ნორმატიულ აქტში და დაემატება შემდეგი წლიდან მეშვიდე კლასი, შემდეგ მერვე კლასი და ა.შ.
„რამდენიმე წლის განმავლობაში ფორმის კულტურა ჩამოყალიბდება, ბავშვები შეეჩვევიან და არანაირ კონფრონტაცია არ იქნება“,- განაცხადა მიქანაძემ.
საქართველოში მიმდინარე წელს განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი კონცეფცია სკოლებში 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიანზე გადასვლაა.
ამასთან, საშუალო განათლების ატესტატის მიღების შემდეგ, ახალგაზრდებს საკუთარი სურვილით შეეძლებათ დამატებით XII კლასში ისწავლონ. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ისევე როგორც სკოლის სასწავლო გეგმა, ერთიანი იქნება.
კიდევ ერთი სიახლე იქნება საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო სასკოლო ფორმის შემოღება. აღნიშნული სიახლე 2026/2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი სკოლის — პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით — მოსწავლეებს შეეხებათ.
ყველა ახალი ამბავი
0