ბურჭულაძე: ქართველი სამხედროები არ უნდა ზარალდებოდნენ პენტაგონის გადაწყვეტილების გამო

© Parliament of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2024
გამოწერა
ათწლეულების მანძილზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავდნენ არა მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნებს, არამედ მშვიდობას მსოფლიო მასშტაბით, განაცხადა ყოფილმა მინისტრმა
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. სამხედრო მოსამსახურეები არ უნდა ზარალდებოდნენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პენტაგონის განცხადების კომენტირებისას.
პენტაგონის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყეს. ამ გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისი - 6 აგვისტოს პერიოდში იყო დაგეგმილი. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში 2015 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობენ სამხედროები საქართველოდან, აშშ-დან, ნატოს ქვეყნებიდან და რეგიონიდან.
თავდაცვის სამინისტრო წვრთნების გადადების შესახებ პენტაგონის გადაწყვეტილებას ეხმაურება>
„ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მან მოუწოდა პარტნიორებს არ დაივიწყონ, რამხელა წვლილი შეიტანეს ქართველმა სამხედროებმა მშვიდობის დაცვაში.
„მინდა, ვთხოვო ჩვენს პარტნიორებს, ყველას, ვინც ასეთ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწავლების გადატანაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.
„ეს არის ასეთივე ამერიკასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება, რომელიც უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა ჩვენი თავდაცვისუნარისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე ამ დახმარებით ჩვენს ჯარში შენდებოდა და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები, რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებაზე საპასუხოდ მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ხელისუფლების ერთადერთი დანაშაულია“ ის, რომ მან მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა.
„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და არის ამ რაღაც გლობალური პროექტის ნაწილი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ის, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვიღაცას სურს, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიოს.
ურთიერთობების გადახედვა
მრავალეროვნული სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებით ახსნა.
„პროექტ ღირსეული პარტნიორის“ რეალიზაციის გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - პრემიერი>>
აქედან გამომდინარე, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, განმარტა პენტაგონმა.
ამასთან, აშშ აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან.
„ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა... შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება მოკავშირეებს და პარტნიორებთან, მათ შორის, სწავლება Agile Spirit-თან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო.
უკვე 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო შეზღუდვები შეეხო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელები არ დაასახელა. ამასთან, საქართველოში არც ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელთა მიმართებითაც ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი ჰქონდათ, აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული>>
აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ყველა ახალი ამბავი
0