საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაჯანსაღება ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების" ოფისი
„ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2024
გამოწერა
ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტის მიხედვით, თუ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ, აშშ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს სანქციებს დაუწესებს.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ აშშ-სგან ელოდება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის პატივისცემას და არა შეურაცხმყოფელ შანტაჟსა და ბუნდოვან დაპირებებს, ნათქამია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება“ გამოცემა Politiko-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ - კანონპროექტში ნათქვამია, რომ აშშ განახორციელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და გახსნის თავის ბაზარს საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დემოკრატიის განმტკიცებაში აჩვენებს პროგრესს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში კი პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.
„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო", - ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.
სახელისუფლებო პარტიაში წუხილით განაცხადეს, რომ რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები „შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან“.
კონკრეტულად კანონპროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია, მან სპეკულაციის საფუძველი შექმნა.
„ბოლო წლებში ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერც ერთმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია“,- ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი პარტიის განმარტებით, საქართველოს მრავალი წელია ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც დიდ როლს სწორედ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამტავრობო ორგანიზაციები ასრულებენ.
„2020 წლის ნოემბრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის დაწყება. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსისა და ოფიციალური პირის მუდმივი თავდასხმის ობიექტი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების" განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის ერთადერთი შესაძლებლობა ქვეყანაში დაძაბულობის მოხსნისთვის. ხელისუფლებას არ შეუძლია გულხელდაკრეფილი დაელოდოს ქეყანაში რევოლუციის მოწყობის მესამე მცდელობას.
„ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა“,- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა.
როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა, აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0