თავდაცვის სამინისტრო წვრთნების გადადების შესახებ პენტაგონის გადაწყვეტილებას ეხმაურება

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2024
გამოწერა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის (Noble Partner) გაურკვეველი დროით გადადების შესახებ დასანანია, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენტაგონის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისი - 6 აგვისტოს პერიოდში იყო დაგეგმილი
„საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის, „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში შეერთებულ შტატებთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის სხვა ფორმატებიც არსებობს.
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში 2015 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობენ სამხედროები საქართველოდან, აშშ-დან, ნატოს ქვეყნებიდან და რეგიონიდან.
ურთიერთობების გადახედვა
მრავალეროვნული სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება პენტაგონმა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებით ახსნა.
„პროექტ ღირსეული პარტნიორის“რეალიზაციის გადადება უკავშირდება აშშ-ის და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, რომ ზეწოლა ხდება საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის, უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, ასევე ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში იღებდა დასავლეთი მონაწილეობას", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. გადაწყვეტილება ადვილი არ იყო, განმარტა პენტაგონმა.
ამასთან, აშშ აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან.
„ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ საქართველოს უნარი, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა... შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება მოკავშირეებსს და პარტნიორებთან, მათ შორის, სწავლება Agile Spirit-თან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს 2025 წელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა 30 მაისს დაიწყო.
უკვე 6 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავიზო შეზღუდვები შეეხო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და კერძო პირებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სახელები არ დაასახელა. ამასთან, საქართველოში არც ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელთა მიმართებითაც ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი ჰქონდათ, აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ყველა ახალი ამბავი
0