მწვავედ ყველა თემაზე - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო გამოსვლა საქართველოს პარლამენტში

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2024
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს „რადიკალური ოპოზიციის“ შემადგენელ ნაწილს უწოდებს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, კონფლიქტი უკრაინაში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო პარლამენტში პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის ბოლო ყოველწლიური ანგარიშით სიტყვით გამოსვლის მთავარი თემები.
კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლა ზურაბიშვილმა დაიწყო იმით, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, შემდეგ კი უკრაინაში კონფლიქტისშეფასებით და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შეფასებით გააგრძელა.
პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიშის დიდი ნაწილი მიუძღვნა ხელისუფლების კრიტიკას და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გზით ცვლილებების აუცილებლობას.
ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი ეტაპია - პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა>>>
ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთობა, რომლის წყალობითაც იგი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, უკვე რამდენიმე წელია დაძაბულია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს „რადიკალური ოპოზიციის“ შემადგენელ ნაწილს უწოდებს.
რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობები
ზურაბიშვილმა ჩვეული ფორმით დაადანაშაულა ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შეცვლაში, რის გამოც, მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხეშია.
„ჩვენს მრავალსაუკუნოვან კურსს თავიდან შეუმჩნევლად, მოგვიანებით კი უფრო ნათლად შეეცვალა აქცენტები. მარგინალური პოლიტიკური წრეების ანტიევროპული და ანტიდასავლური გამოძახილები გადავიდა სამთავრობო რიტორიკაში. სამაგიეროდ, რუსეთთან მიმართებაში პოზიციები საგრძნობლად შერბილდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღების გარეშე არ დატოვა უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობები. როგორც ცნობილია, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 2020 წელს, მას შემდეგ გაუარესდა, რაც სამშობლოში გასამართლებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, არამედ მხოლოდ საერთაშორისო სანქციებს შეასრულებს, უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია.
„უკრაინასთან ურთიერთობების კიდევ უფრო დიდმა დაძაბულობამ, საერთაშორისო სანქციებისგან ევროკავშირისა და აშშ-გან საჯარო დისტანცირებამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გააჩინა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაციის სიმტკიცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარეობს „ანტიდასავლური პროპაგანდა“, პრორუსული ჯგუფების წახალისება და დაფინანსება.
ზურაბიშვილის თქმით, ბოლო წლებში რუსების მიგრაციას საქართველოში ჰქონდა „პირდაპირი გავლენა ეკონომიკაზე, ხან კარგი, ხან ცუდი და ზოგადად, გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე“.
კობახიძე: უკრაინის ზოგიერთ პოლიტიკოსს სურს საქართველო სამიზნედ გახადოს>>>
პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა და რუსული საკრუიზო გემის ბათუმში შესვლა. მან უყურადღებოდ არ დატოვა სკანდალი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზეც საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი იყო გამოსახული.
ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად ყველა ამ გამოწვევისა, საქართველომ გაიმარჯვა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
მმართველ პარტიააში არაერთხელ განაცხადეს, რომ ზურაბიშვილი ისევე როგორც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და რიგი სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიები, მხოლოდ ხელს უშლიდნენ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. მათ, როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, მმართველი პარტიის რეიტინგის გაზრდის ეშინოდათ.
გამოწვევები დემოკრატიის ფრონტზე
„ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს დემოკრატიული რეფორმების გატარების ნაცვლად კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალაუფლება, განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებას მან „სამოქალაქო საზოგადოების ჩაგვრისა და განიარაღების“ მცდელობა უწოდა. პროდასავლურმა ოპოზიციამ, თავად ზურაბიშვილმა, იმდროისთვის აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და არაერთმა ევროპელმა დეპუტატმა აღნიშნულ კანონპროექტს „რუსული კანონი“ უწოდეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება" და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი იყო მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კანონი თბილისის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების გამო ვერ მიიღეს. თუმცა, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მთელი ეს პროცესი იყო მათი ქვეყნის წინააღმდეგ მომუშავე აგენტების ლუსტრაცია.
რაც შეეხება ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას, მან დემოკრატიიდან მორიგი გადახვევა უწოდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში მაღალი რანგის თანამდებობის პირთა რაოდენობის ოთხიდან ხუთ პირამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) გაზრდას 2023 წლის დეკემბრამდე, ვიდრე ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა არ ამოეწურა.
დეპუტატი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს>>>
ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაც გააკრიტიკა. 2023 წლის ივლისში ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით ასარჩევად საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა 100-დან 76-მდე შემცირდა. გარდა ამისა, პარლამენტში კანდიდატების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.
მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ადრინდელი წესის დაბრუნებას, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა დეპუტატებს „ქართული ოცნების“ მიერ მისი იმპიჩმენტის მცდელობა შეახსენა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული პრეზიდენტის საგარეო ვიზიტები იყო კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წასულა. იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო ხმების 2/3, საპარლამენტო უმრავლესობას კი ამდენი დეპუტატი არ ჰყავს.
„ამ უკანასკნელმა გამოავლინა არა მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიუღებლობა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს სავალალო მდგომარეობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა სასამართლო სისტემამაც. მან გაიმეორა ის, რასაც ოპოზიციის ნაწილი მრავალი წლის განმავლობაში აცხადებს - რომ სასამართლოს საქართველოში აკონტროლებს კლანი, რომელსაც ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე ხელმძღვანელობენ.
სანქციები თუ შეზღუდვები - ელჩმა მოსამართლეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება დააზუსტა>>>
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
„მურუსიძე და ჩინჩალაძე დღევანდელ მმართველ გუნდს ისეთივე თავდადებით ემსახურებიან, როგორც გუშინ. და თუ არაფერი შეიცვლება, ხვალ სხვა პატრონებს იპოვიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ხელისუფლების შტოებს შორის არ არის საჭირო ბალანსი დაცული. სასამართლო სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები გადაიქცა ხელისუფლების დამხმარე ინსტრუმენტად.
„დაბრუნდა მმართველობის ერთპარტიული მონოლითური მოდელი... აღარ არსებობს გამყოფი ხაზი პარტიასა და მთავრობას შორის. პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს, გადაიქცა პარტიული ინტერესების მატარებელ ორგანოდ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
უფრო მეტიც, პრეზიდენტის თქმით, „ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბები მიიღო“.
ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციონერებიც და მოუწოდა შეწყვიტონ ურთიერთდაპირისპირება და არ დათესონ ნიჰილიზმი.
მოსახლეობას კი პრეზიდენტმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ახლა არის გადამწყვეტი ეტაპი ჩვენს ისტორიაში... და თუ დღეს წყდება მომავალი, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა უკვე დანაშაულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა დიასპორას და ახალგაზრდობას მაქსიმალურად აქტიურობისკენ მოუწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0