წამლებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ჩავარდა - ვატო სურგულაძის თვალსაზრისი

© Sputnik / Alex Shlamovვატო სურგულაძე
ვატო სურგულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
რეფერენტული ფასების პროგრამა კარგად მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც მხოლოდ კარგი ხარისხის მედიკამენტები იყიდება, დარწმუნებულია ექსპერტი
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში რეფერენტული ფასების რეფორმა ჩავარდა, რადგან ეს მოდელი არ შეეფერება იმ სისტემას, რომელიც ამჟამად არსებობს ქვეყანაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვატო სურგულაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების მაქსიმალური ლიმიტების, ანუ რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. ამრიგად, სახელმწიფომ თავის კონტროლ ქვეშ მედიკამენტებზე ფასების საწყისი ღირებულების 200-300%-ით გაძვირება მოაქცია.
„რა არის რეფერენტული ფასები? როცა, მაგალითად, 5 ლარზე მაღლა ვერ ყიდი წამალს, მაგრამ ნახე, რა ხდება: როცა ევროპიდან მაღალი ხარისხის წამალს შემოვიტან, რომელიც 4 ლარი და 50 თეთრი დამიჯდება და 50 თეთრზე მეტი მოგებას ვერ მივიღებ. მაგრამ იგივე ანალოგი რომ ჩამოვიტანო ინდოეთიდან, სადაც ის ერთი ლარი ღირს, შემიძლია ის გავყიდო ხუთ ლარად და 4 ლარი მოგება მივიღო“, - განმარტა სურგულაძემ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რეფერენტული ფასების პროგრამა კარგად მუშაობს იმ ქვეყნებში, სადაც მხოლოდ კარგი ხარისხის მედიკამენტები იყიდება, სადაც მედიკამენტების ღირებულებას ანაზღაურებენ სადაზღვევო კომპანიები ან შესაბამისი სამთავრობო პროგრამები. მაგალითად, როგორც ეს გერმანიაში ხდება.
„ფარმაცევტული კომპანიები ჩვეულებრივი ბიზნეს სექტორია და არა სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაციაა. იარაღით ვაჭრობის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი შემოსავალი სწორედ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ", - აღნიშნა სურგულაძემ.
სურგულაძემ აღნიშნა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს საკმაოდ დიდი ხარჯებიც აქვთ - ტრანსპორტირება, ჩამოტანა, გადასახადები, საქონლის საბითუმო კომპანიებში დასაწყობება. შესაბამისად, ფასიც იზრდება.
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა >>
რაც შეეხება თურქეთის მაგალითს, სურგულაძის თქმით, ამ ქვეყანაში მოქალაქეებს მედიკამენტებში გადახდილი თანხის ნაწილს სახელმწიფო უხდის. გარდა ამისა, თურქეთი თავად აწარმოებს მედიკამენტებს და ამიტომ ფასები უფრო დაბალია. თუმცა, მიუხედავად ასეთი პირობებისა, თურქებმა 1 იანვრიდან წამლებზე 25%-ით გაზარდეს ფასები, რადგან მიხვდნენ, რომ ასე მუშაობას ვერ შეძლებენ, ხაზგასმით აღნიშნა სურგულაძემ.

„შეიძლება ითქვას, საქართველოში რეფერენტული ფასების რეფორმა ჩავარდა, ბაზრიდან გაქრა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, მაგრამ ყვავის შავი ბაზარი, სადაც ნებისმიერ წამალს ორ-სამჯერ უფრო ძვირად შეიძენ, მაგრამ გაუგებარია, რა პირობებში ინახება ისინი“, - აღნიშნა სურგულაძემ.

სურგულაძემ განმარტა, რომ მსგავსი რამ მოხდა მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა >>
„ანუ ევროპულ მოდელს ვიღებთ, მაგრამ მედიკამენტების ხარისხის სისტემას ვერ ვმართავთ. გვაქვს ბევრი ინდური, ჩინური, ეგვიპტური, უკრაინული უხარისხო წამალი და ვსაუბრობთ რეფერენტულ ფასებზე... ავიღეთ მაკედონიის, ლატვიის, ბულგარეთის ფასები და ამაზე ავაწყვეთ რეფერენტული ფასების სისტემა. ეს დაუშვებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს ევროკავშირის სტანდარტები ამ მიმართულებით, როცა გვექნება, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ რეფერენტულ ფასებზე“, - აღნიშნა სურგულაძემ.
საქართველოში ოთხი ძირითადი მოთამაშეა, რომლებსაც ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის 82% უჭირავთ და ისინი კი არ უნდა დაჯარიმდნენ, არამედ მათთან საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ერთობლივი მუშაობის კონკრეტულ სტრატეგიაზე შეთანხმება, დარწმუნებულია ექსპერტი.
კითხვაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებს მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ახალი სახელმწიფო ნარკოლაბორატორია, რომელიც 2023 წლის მაისში გაიხსნა, სურგულაძემ უპასუხა, რომ ამ ლაბორატორიას ძალიან გაუჭირდება, რადგან ერთი წამლის შემოწმება ათი ათას ევროზე მეტი ღირს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში კი ასეთი ხარჯები არ არის გათვალისწინებული.
ჯანდაცვის სამინისტრო: მედიკამენტების საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს >>
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მედიკამენტების შემომტან კომპანიებს მოეთხოვებათ მედიკამენტების ხარისხის შემოწმება, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ხაზგასმით აღნიშნა სურგულაძემ.
ექსპერტი დარწმუნებულია, რომ იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს მაღალი ხარისხის ევროპული და ამერიკული მედიკამენტები, სახელმწიფომ მოქალაქეებს თანხის ნაწილი უნდა დაუფინანსოს. ეს უნდა შეეხოს პენსიონერებს, შშმ პირებს, 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ა.შ.
„მშობლებს არ ეშინოდეთ, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში შვილს მაღალი ხარისხის წამალს ვერ იყიდიან. როცა საქართველოში რეფერენტულ ფასებზე დაიწყეს საუბარი, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ჩვენს ქვეყანას არ გამოდგება. მე ვთქვი, რომ შავი ბაზარი გაჩნდება, ხარისხიანი მედიკამენტები გაქრება და ფასი მხოლოდ 10%-ით დაიკლებს, ბიზნესი კი ყოველთვის იპოვის გამოსავალს“, - დაასკვნა სურგულაძემ.
მძიმე პაციენტები მედიკამენტების გარეშე დარჩნენ - მინისტრი საქართველოში ფასების სკანდალზე >>
პროფესორი ვატო სურგულაძე წლების განმავლობაში იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში. ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოს, იყო თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პატარკაციშვილის სახელობის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, კლინიკა „მედულას“ ადმინისტრაციული დირექტორი, რუსთავის სამშობიარო სახლის აღმასრულებელი დირექტორი, რეფერალური ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი, მუშაობდა ენდოკრინოლოგად, საოჯახო ექიმების კომპანიების მთავარ ექიმად, დააარსა სამედიცინო სამსახური 009. ამჟამად არის კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი.
რეფორმა
წამლებზე გაზრდის ფასებთან ბრძოლა დაიწყო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასებს მომწოდებლები ხელოვნურად ზრდიან.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით საქართველოში - მინისტრის ახალი კომენტარი >>
სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.
ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდაში და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლის თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართა.
საქართველოში გლაუკომის სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ დაარიგებენ - ვის შეეხება სიახლე >>
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
კონკურენციის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ქმედება კანონმდებლობის დარღვევის მძიმე ფორმას წარმოადგენს. რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია დარღვევისთვის ათიათასობით ლარით დაჯარიმდა. მათ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
ყველა ახალი ამბავი
0