პერსპექტივა არა აქვს - სარჯველაძე საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს" შანსებზე

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2024
გამოწერა
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ოპოზიციურ პარტიას „ლელო საქართველოსთვის", უბრალოდ, არა აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არა აქვს წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების პერსპექტივა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" მიხეილ სარჯველაძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა „ლელოში" ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებზე, რომლის შედეგებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძე დაამტკიცეს, მისი მოადგილე გახდა ანა ნაცვლიშვილი, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი - ირაკლი კუპრაძე.
„ლელოს" ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს. მეტსაც გეტყვით - ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით შესაძლებლობებს, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგში გაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის" დიდი ფიასკოს შემდეგ", - განაცხადა სარჯველაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. შედეგად პარტია ორ ბანაკად დაიყო: ლევან ხაბეიშვილის მომხრეები, რომელმაც 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები მოიგო და ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა, და მელიას მომხრეები, რომელიც, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს. 2023 წლის 7 დეკემბერს მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
„ლელომ“ ნიკა მელიასთან ერთად შეიძლება საარჩევნო კოალიცია შექმნას>>
„ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარკვეული ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც შეიძლება იზიდავდეს და, როგორც ჩანს, ამ მიზნის სამსახურშია მელიასთან დაწყებული კონსულტაციები და ა.შ. ისე, ყველა კარგად ხვდება, რომ განა რა რესურსი აქვს „ლელოს" განახლების. თავისი თავი გასჭირვებია, რეალურად, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას და მე არ მგონია, რომ დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რომ სერიოზულად განახლებული გუნდი წარმოადგინოს", - განაცხადა სარჯველაძემ.
იმის თაობაზე, რომ მელიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აპირებს, ხაზარაძემ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა. რამდენიმე დღით ადრე მან თავის პარტია „ლელოს" საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისა" და „ნაცმოძრაობის" რეალური ალტერნატივა უწოდა.
პარტია „ლელო"
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სარჯველაძე: „ლელო“ არის არა ალტერნატივა, არამედ „ნაცმოძრაობა“ ახალი შეფუთვით>>
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ერთი პატრონი ჰყავთ - კალაძე მელიას და „ლელოს“ პარტნიორობაზე>>
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ინარჩუნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0